ტელესკოპ ჰაბლის გაფუჭებულ გიროსკოპს "დარესტარტებამ" უშველა
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უკვე 28 წელია, რაც ორბიტაზე იმყოფება და სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნაში გვეხმარება. საბედნიეროდ, მისი შექმნისას ინჟინრებმა წინდახედულობა გამოიჩინეს და ის სათადარიგო გიროსკოპებით აღჭურვეს - მათ ტელესკოპი სტაბილიზაციაში იყენებს.
ტელესკოპს ჯამში ექვსი გიროსკოპი აქვს, რომელთაგანაც სამი სათადარიგოა, ხოლო სამი კი -აქტიური. ტელესკოპს მუშაობა მხოლოდ ორი, ან სულაც ერთი აქტიური გიროსკოპის მეშვეობითაც შეუძლია.
ცნობილია, რომ ამ მოწყობილობებს სიცოცხლის შეზღუდული ხანგრძლივობა აქვთ. 2009 წელს კოსმოსური შატლის მისიამ ჰაბლის ტელესკოპზე ექვსივე გიროსკოპი ახალი წყვილებით ჩაანაცვლა, თითოეულ ჩანაცვლებულ წყვილში ერთი სტანდარტული და ერთი განახლებული, უფრო გამძლე გიროსკოპი შედიოდა.
2014 წელს ძველებური სტილის პირველი გიროსკოპი მწყობრიდან გამოვიდა, რომელიც განახლებულმა ჩაანაცვლა. 2018 წლის აპრილში კი მეორე, ძველ გიროსკოპსაც იგივე პრობლემა შეექმნა. 2018 წლის 5 ოქტომბერს ძველებური დიზაინის მქონე უკანასკნელი გიროსკოპიც მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მეცნიერებმა ბოლო სათადარიგო გიროსკოპი გააქტიურეს.
თუმცა მეცნიერები დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდნენ, გიროსკოპი, რომელიც დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში გამორთული იყო, გამართულად ვერ მუშაობდა. ამის გამო ტელესკოპი დაახლოებით ორი კვირის წინ უსაფრთხო რეჟიმში გადავიდა და სამეცნიერო დაკვირვებები შეწყდა.
მეცნიერებმა ეს პრობლემა საკმაოდ საინტერესო მეთოდით გადაჭრეს, მათ გიროსკოპი გამორთეს, ტელესკოპი სხვადასხვა მიმართულებით ატრიალეს, შემდეგ კი ისევ ჩართეს. პრობლემა მოგვარდა.
"გაუმართავი გიროსკოპის შესაკეთებლად გადავწყვიტეთ, რომ ის გადაგვეტვირთა, პარალელურად კი ტელესკოპს სხვადასხვა მანევრების ჩატარების ბრძანება მივეცით. გიროსკოპი შვიდი წლის განმავლობაში გამორთული იყო, რამაც შეიძლება მასში არსებულ სპეციალურ სითხეს მოძრაობა შეუზღუდა. აღნიშნული მეთოდის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ მოწყობილობა გამართულად ამუშავდა", - ნათქვამია ნასას განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპს ორი, ან ერთი გიროსკოპის გამოყენებითაც შეუძლია ფუნქციონირება, ამ დროს მისი დაკვირვების არეალი საკმაოდ შეზღუდულია.
მეცნიერები მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე ტესტს ჩაატარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს, რის შემდეგაც ტელესკოპი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
კომენტარები