ნაკლიაში უძველესმა ქართულმა სპორტმა ახალი სუნთქვა დაიწყო და ჩვენც სამეგრელოს ულამაზეს კუთხეში გავემგზავრეთ. მანქანამ დასავლეთისკენ მიმართულება დილის რვა საათზე აიღო და დღის 2-ის ნახევარზე უკვე ნესტიან, ზღვის სურნელთან შეზავებულ ჰაერს ვსუნთქავდით. სოფელ ინგირში საქართველოს საუკეთესო ცხენებსა და ცხენოსნებს მოეყარათ თავი. მცხუნვარე მზისგან გახურებული მდელოს ფონზე "ანაკლიის თასი 2018" იღებს სტარტს. ვინ გახდება საუკეთესო? - მთავარი კითხვა სწორედ ეს არის.


ინგირის იპოდრომს მზის სხივები პირდაპირ ეცემოდა, მაგრამ ხალხს მაგის დარდი საერთოდ არ ჰქონდა. პატარა ბავშვები დაჭერობანას თამაშობდნენ, დიდები საუკეთესო ადგილებს იკავებდნენ და პარალელურად, აქა-იქ პოლიტიკასაც წაჰკრავდნენ ხოლმე კბილს. მინდორზე ცხენები იყვნენ მიმოფანტულნი, მათ სიახლოვეს კი ჟოკეის ფორმებში გამოწყობილი ჯენტლმენები ტრიალებდნენ. ამ სანახაობამ, რაღა დაგიმალოთ, აღმაფრთოვანა. პატრონები ცხენებს ევლებოდნენ და სახელებით მიმართავდნენ ისე, როგორც ერთადერთ შვილს ელოლიავებიან ხოლმე მშობლები.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

"უფ, როგორ ვამაყობ შენით, ჩემო ფათურა", - შემომესმა ხმა და უკან გავიხედე. ხანში შესული ბაბუა თავის ცხენს აცქვეტილ ყურებზე ეფერებოდა. მოუთმენლობისგან ცმუკავდა.. გადავწყვიტე, თეთრ ახალუხში გამოწყობილ ბაბუას გამოვლაპარაკებოდი.


პავლე კაპანაძე - უხუცესი ცხენოსანი

ღარც მახსოვს, რამდენი წელია ამ სპორტის სახეობაში ვარ ჩართულიო, მითხრა პავლე კაპანაძემ. დღეს ის ანაკლიის თასი 2018-ზე უხუცესი ცხენოსანია. სამტრედიის სანცხენოსნო სპორტული კლუბის დირექტორობა მემკვიდრეობით ერგო. პირველი დირექტორი მამამისი ყოფილა, რომელმაც პირველი კლუბი დააარსა სამტრედიაში.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

"სამტრედიის სპორტული სკოლა მამაჩემმა დააარსა და მეც ამ პერიოდიდან ჩავერთე ამ სპორტში. ჯერ მოსწავლე ვიყავი, ბოლო 38 წელი კი დირექტორობას მივუძღვენი", - იხსენებს პავლე კაპანაძე.

ამ ხნის განმავლობაში არაერთ წინააღმდეგობას გადააწყდა, მაგრამ საყვარელ საქმიანობაზე ხელი არ აუღია. პავლე კაპანაძე ფიქრობს, რომ ქართველებმა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციული საცხენოსნო სპორტი, როგორიცაა ცხენბურთი, ინსინდი და სხვ. უხუცესი ცხენოსანი ცხენის აღზრდისა და კლუბის შენარჩუნების სირთულეებზეც გვიყვება. ის ამბობს, რომ ხშირად შიმშილის ზღვარზე უწევს ცხენის გაზრდა, მაგრამ არ წუწუნებს. ეამაყება ის, რასაც აკეთებს, რადგან სჯერა, რომ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.

ჩემი ხელფასის ნახევარს შვილიშვილებს ვაძლევ, მეორე ნახევარს ჩემს ცხენს ვახმარ. წამალი სჭირდება ამას, კვება სჭირდება, რომ სპორტში ივარგოს. ძროხას ვპარავ ხოლმე რძეს, რომ ცხენს დავალევინო.

"მთავარი სირთულე ის არის, რომ ცხენი არ დამრჩეს მშიერი და მოუვლელი. მინდა, რომ ბაზა მქონდეს წესიერად მოწყობილი და მომავალ თაობას რაღაც მაინც დავუტოვო. მოდიან ჩემთან ბავშვები, ვასწავლი ჯირითს და ვხედავ, რომ უყვართ მათაც ეს სპორტი", - ამბობს პავლე კაპანაძე.

72 წლის პავლე ბაბუამ თავის ცხენს ფათურა დაარქვა და უკვე თერთმეტი წელია მთელ დღეს მასთან ატარებს. დიდ ყურადღებას უთმობს მის ჯანმრთელობას, კვებასა და ვარჯიშს. ამბობს, რომ ფათურა მისი მეგობარია და ნამდვილი ადამიანივით ესმის მისი.

"ჩემი ხელფასის ნახევარს შვილიშვილებს ვაძლევ, მეორე ნახევარს ჩემს ცხენს ვახმარ. წამალი სჭირდება ამას, კვება სჭირდება, რომ სპორტში ივარგოს. ძროხას ვპარავ ხოლმე რძეს, რომ ცხენს დავალევინო. მთელ დღეს მასთან ვატარებ, რამე რომ არ გაუჭირდეს. ადამიანივით ესმის ჩემი, ყველაფერს მისრულებს, რასაც ვთხოვ და მიჯერებს", - მოგვიყვა პავლე ბაბუამ.

პავლე კაპანაძესთვის "ანაკლიის თასი" ახალი იმედია, რომ ტრადიციული სპორტის სახეობა გადარჩება და განვითარდება.

"მამუკა ხაზარაძეს მადლობა ეკუთვნის ჩემგან, ამხელა ორგანიზება რომ გაუკეთა ამ საქმეს და ხელი მიჰყო. ჩვენი შვილები რომ ნახავენ, ეს სპორტი არსებობს, მეტ ყურადღებას მიაქცევენ. გადაშენების პირასაა თითქმის ცხენბურთი და ინსინდი, მიხედვა სჭირდება, ამხელა ტრადიციას გაფრთხილება უნდა", - თქვა უხუცესმა ცხენოსანმა.

დოღის დაწყების დრო ახლოვდებოდა, ამიტომ იპოდრომის მეორე მხარეს დავიწყეთ სვლა, სადაც უამრავი ადამიანი ელოდა სანახაობას. გზაზე რომ მივდიოდი, აი, ასეთ ჟღალთმიან სილამაზეს გადავაწყდით, რომელმაც გვითხრა, რომ აქ ცხენების სანახავად მოვიდა.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge


დოღი და გამარჯვებული მანგო

მზე რომ იპოდრომის შუაში გადაიწვერა, მხურვალება დოღის მონაწილეებსაც მოედოთ. "ანაკლიის თასი 2018"-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ სამეგრელოს, სამტრედიისა და ახმეტის კლუბები, რომლებიც ერთმანეთს სამ სხვადასხვა კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. დოღი ქართული ჯიშის ცხენებს, ინგლისური ჯიშის ორწლიან ცხენებსა და ინგლისური ჯიშის სამწლიან ცხენებს შორის გაიმართა.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

ჩემპიონობისთვის ბრძოლა დიდი აუდიტორიისა და სპციალური სტუმრების წინაშე მიმდინარეობდა. შეჯიბრება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ბავშვებშიც.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

დოღის ასპარეზობებს შორის, იპოდრომის ცენტრში დახაზულ მოედანზე ცხენოსნები ერთმანეთს ტრადიციულ ქართულ სპორტში, ცხენოსნობასა და ინსინდში შეეჯიბრნენ. ერთმანეთს სამეგრელოსა და სამტრედიის გუნდები დაუპირისპირდნენ. ცხენზე ამხედრებული პავლე კაპანაძე კი სამტრედიის გუნდის წევრებს მითითებებს აძლევდა.

ინსინდი საკმაოდ რთული თამაში აღმოჩნდა. მონაწილე გუნდების მხედრებს ევალებოდათ მეტოქის ზონაში დამაგრებულ ძელზე წრე შემოეხაზათ, რის შემდეგაც მოწინააღმდეგე გუნდის მხედარი მას დაედევნებოდა და ისარს ესროდა. თუკი ისარი მას სხეულზე მოხვდებოდა, გამარჯვებულს ორი ქულა ერგებოდა, ხოლო თუკი ნასროლ ისარს ცხენი მოირტყამდა, მაშინ - ერთი.

სამტრედიის გუნდის მხედარი სამეგრელოს მხედრის წინააღმდეგ

სამტრედიის გუნდის მხედარი სამეგრელოს მხედრის წინააღმდეგ

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

ორივე თამაში სამეგრელოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თანაც დიდი უპირატესობით. პავლე კაპანაძემ გვითხრა, რომ მარცხით გაწბილებული არ არის, რადგან მისთვის სამეგრელოს გუნდი სამაგალითოა.

"მეგრელებში ცხენოსნობა ძალიან განვითარებულია, 5 "კაჭკის" ცხენი რომ ჰყავთ, ერთი ზემოდან სპორტული ცხენები ჰყავთ. ყველაზე ძლიერები ისინი არიან", - ამბობდა პავლე კაპანაძე.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

რაც შეეხება დოღს, შეჯიბრი იმდენად დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო, თავი რომელიმე ვესტერნის გმირად არ წარმომედგინა.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

სხვადასხვა კატეგორიაში, დოღში პირველი ადგილები თორნიკე თოდრიამ, საბა ეხვაიამ და აზერო ალიევმა მოიპოვეს. მათ ჩემპიონის თასები მამუკა ხაზარაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ გადასცეს. პრიზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ციკოლიას ბრენდის საათები იყო, რომელიც პირველადგილოსნებს თავად ზვიად ციკოლიამ გადასცა.

ცხენოსნობაში გამარჯვებული სამეგრელოს გუნდი

ცხენოსნობაში გამარჯვებული სამეგრელოს გუნდი

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

გამარჯვებულების დაჯილდოება. პირველი ადგილი თორნიკე თოდრიამ მოიპოვა.

გამარჯვებულების დაჯილდოება. პირველი ადგილი თორნიკე თოდრიამ მოიპოვა.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

ყველაზე რთულ კატეგორიაში თორნიკე თოდრიამ, ოზურგეთის საცხენოსნო კლუბის წევრმა გაიმარჯვა. კუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, მხედარმა თავის ცხენს, მანგოს, კომპლიმენტები არ დააკლო. მისი თქმით, ეს გამარჯვება მანგოს დამსახურებაა.

"მანგო სუფთა სისხლის ინგლისური ცხენია, რომელმაც უკვე მეორე ჩემპიონატი მოიგო. მე ძალიან ვამაყობ ამ ცხენით. მიხარია, რომ ასეთი ჩემპიონატი ჩატარდა და იმედი მაქვს, გაგრძელდება", - თქვა თორნიკემ.

"ანაკლიის თასი 2018" მამუკა ხაზარაძემ შეაჯამა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. მისი თქმით, ის ქართული ტრადიციის ნაწილია და ამ ტრადიციის დავიწყება არ შეიძლება. მამუკა ხაზარაძემ ისიც გაგვიმხილა, რომ "ანაკლიის თასი" შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და ის უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

“ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არის დაკავებული, რაც ამ რეგიონზე როგორც ეკონომიკურად, ისე საიმიჯოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

გამარჯვებული ცხენი მანგო დოღის დასრულების შემდეგ

გამარჯვებული ცხენი მანგო დოღის დასრულების შემდეგ

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

დოღის დასრულების შემდეგ საუკეთესო ცხენი დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. მანგო იპოდრომზე დასეირნობდა და საკუთარი გამარჯვებით ტკბებოდა, ჩვენ კი დედაქალაქისკენ ავიღეთ გეზი, იმ იმედით, რომ მომავალ წელს ისევ დავბრუნდებით ამ სანახაობისთვის.