5 კომპანია, რომელმაც თავისი დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნა
დიდი კომპანიები, რომლებიც სამყაროში საყოველთაოს სიკეთეს ქმნიან, მუდმივად ყურადღების ქვეშ არიან. მათგან ყველა განსაკუთრებულ ქმედებებს მოელის და ეს მოლოდინი კიდევ უფრო მძაფრდება სადღესასწაულო თარიღების დროს. კომპანიის დაბადების დღეები ის თარიღია, რომლის დროსაც მომხმარებლებიც და კომპანიის თანამშრომლებიც მოუთმენლად ელიან სიახლეებს. სხვადასხვა დროს წარმატებულმა კორპორაციებმა არააერთი დასამახსოვრებელი აქტივობა ჩაატარეს და საიუბილეო პროდუქტი გამოუშვეს. გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც საკუთარი დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
1. Facebook
თავის მეათე დაბადების დღეზე სოციალური ქსელების გიგანტმა მომხმარებლებს დიდი სიურპრიზი მოუწყო. ალბათ ეს სიურპრიზი თქვენც შეამჩნიეთ და გაგიხარდათ კიდეც. საუბარია ერთ წუთიან ვიდეო რგოლებზე, რომელსაც კომპანიამ "A Look Back" დაარქვა. ვიდეოში ფეისბუქის მომხმარებლების 10 წლიანი ისტორიაა მოკლედ გადმოცემული, რომელიც აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მომენტს თქვენი ფეისბუქური ცხოვრებიდან. მათ შორის, მეგობრებთან გაზიარებულ ფოტოებს, ლაიქებს, სახლიდან ან ქალაქიდან გადაბარგების ისტორიას, უნივერსიტეტში ჩაბარების ან დასრულების დღეს და სხვ.
კომპანიის მიზანი იყო, რომ თავისი კონცეფცია "ფეისბუქი აკავშირებს ადამიანებს", კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოეჩინათ.
თავად ფეისბუქმა კი საკუთარ თავს დაბადების დღე სპეციალური ვიდეო-რგოლით მიულოცა. კლიპში, რომელიც კომპანიამ გადაიღო, სიმბოლურად სხვადასხვა წარმოშობისა და კულტურის მქონე ბავშვების 10 წლის იუბილეებია აღბეჭდილი. ამ ვიდეოთი კომპანიას სურდა ეთქვა, რომ ფეისბუქი შლის საზღვრებს, აერთიანებს მსოფლიოს და სხვა ადამიანებთან ერთად იზრდება.
10 წლის იუბილეს მარკ ცუკერბერგმა მისალოცი ტექსტი მიუძღვნა. თავის მისალოც ტექსტში ცუკერბერგი წერდა: "როდესაც ბოლო 10 წელზე ვფიქრობ, ჩემს თავს ვეკითხები: რატომ შევქმენით მაინც და მაინც ჩვენ ფეისბუქი? ჩვენ ხომ უბრალო სტუდენტები ვიყავით, რომლებსაც გაცილებით ნაკლები რესურსი ჰქონდათ, ვიდრე დიდ კომპანიებს. მათ რომ ამ პრობლემისთვის [ხალხის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის] მეტი ყურადღება დაეთმოთ, მარტივად შეეძლოთ ამის მოგვარება.
პასუხი, რომელიც მე მაფიქრდება, არის ერთი: ჩვენ უბრალოდ მეტად გვაწუხებდა ეს პრობლემა", - წერდა ცუკერბერგი.
2. Microsoft
2015 წელს, თავისი მეორმოცე დაბადების დღეზე, Microsoft საკმაოდ მოკრძალებული იყო. დაარსებიდან 40 წლის შემდეგ კომპანიამ არაერთი რევოლუციური პროდუქტი შექმნა, რომელმაც სამყაროში ტექნოლოგიების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. სწორედ ამ პროცესებისა და სამომავლო გეგმების აღსანიშნად, ბილ გეიტსმა თავის თანამშრომლებს წერილი მისწერა. Microsoft-ის დამაარსებელი წერილში კომპანიის მიღწევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად მომავალი აფიქრებს, ვიდრე წარსული.
"თავდაპირველად, მე და პოლ ალენმა მიზნად დავისახეთ, რომ კომპიუტერი ყველა ოჯახისთვის ხელმისააწვდომი ყოფილიყო. მაშინ ეს არც თუ რეალისტური იდეა იყო და ყველა ფიქრობდა, რომ ჭკუიდან შევიშალეთ, რადგან ეს მართლაც შესაძლებელი გვეგონა. გასაოცარი გრძნობაა იმაზე ფიქრი, თუ რამდენად განვითარდა კომპიუტერული სფერო მას შემდეგ. ამ დიდ რევოლუციაში კი, Microsoft-ის მიერ შესრულებული როლის გამო ყველა უნდა ვამაყობდეთ.
მიუხედავად ამისა, დღეს მე Microsoft-ის მომავალზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე წარსულზე... ამ 40 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ. დავეხმარეთ უამრავ ბიზნესს განვითარებაში და ადამიანებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლინებაში. ახლა კი, ყველაზე მთავარია, თუ რას ვიზამთ მომავალში. მადლობა, რომ დაეხმარეთ Microsoft-ს ფანტასტიურ კომპანიად ჩამოყალიბებაში, წინ კიდევ არაერთი ათწლეული გვაქვს", - წერდა ბილ გეიტსი თავის თანამშრომლებს.
3. თიბისი
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაბადების დღის აღნიშვნა ქართულ კომპანიას უკავშირდება. თიბისიმ 2017 წელს თავის 25-ე იუბილეზე კომპანიის 7 000 თანამშრომელი შეკრიბა და მათთან ერთად მუხრანის სასახლეში აღნიშნა დაბადების დღე.
თიბისიმ რეგიონებიდან და თბილისიდან თანამშრომლების ტრანსპორტირებაც უზრუნელყო და მათ დაუვიწყარი საღამო აჩუქა. დაბადების დღეზე Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი, აკუა ნარუ უკრავდა. მუსიკოსთა სიაში იყო ნიაზ დიასამიძეც. საღამო სუხიშვილების კონცერტმაც გაალამაზა. გარდა ამისა, თიბისის თანამშრომლებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა დაიდგა, რომელმაც ისინი ერთმანეთს უფრო მეტად დაახლოვა.
დაბადების დღეზე თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ერთად და ცალ-ცალკე პერსონალურად", - თქვა მამუკა ხაზარაძემ თავის მიმართვაში.
ღონისძიებას მხოლოდ თიბისის თანამშრომლები ესწრებოდნენ და მასში მონაწილეობა გარეშე პირებს არ შეეძლოთ. 7000-მა თანამშრომელმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღო, რომელზეც თიბისის მთელი სამუშაო ჯგუფია აღბეჭდილი. ეს იყო ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ქართულმა კომპანიამ თავის დაბადების დღეზე გააკეთა.
4. Coca-cola
კოკა-კოლა მეოცე საუკუნეში შექმნილი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მილიონი ადამიანი მიირთმევს. 2015 წელს მას 100 წელი შეუსრულდა, რომელიც კომპანიან განსაკუთრებულად აღნიშნა. გაზირებული სასმელების გიგანტურმა მწარმოებელმა თავის საუკუნის იუბილეზე გადაწყვიტა კოკა-კოლის ბოთლების ისტორია გაეცოცხლებინა და ქრონოლოგიური, ინტერაქციული გალერეა გააკეთა.
ქრონოლოგია მოიცავს ბოთლების ევოლუციას 1915 წლიდან 2015 წლამდე. მათ შორის არის ისეთი დიზაინები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს და კიდევ უფრო ადრე გამოიყენებოდა. შესაძლოა ბევრი მათგანი თქვენც გეცნოთ, თუმცა ჩვენ მაინც უფრო 90-იანი წლების შემდეგ გამოსულ ბოთლებთან გვაქვს ემოციური კავშირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ თავის დაბადების დღეზე გალერეაში შეიყვანა კოკა-კოლის ბოთლების ნარჩენებისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა პლასტმასის სკამი და სასანთლე.
5. Tiens Group
2015 წლის მაისში ფრანგულ პრესაში უცნაური ამბავი გამოჩნდა. ჩინურმა კონგლომერატმა, Tiens Group-მა, თავისი 6400 თანამშრომელი საფრანგეთში სამოგზაუროდ წაიყვანა. კომპანიამ ამ საჩუქრის გაკეთება თანამშრომლებისთვის თავისი 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გადაწყვიტა.
კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდ ტურისტულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, ლუვრის მუზეუმში პრივატული ტური ჩაუტარდათ. გარდა ამისა, მათ მდიდრულ სავაჭრო ცენტრში ექსკლუზიური შოპინგის სესია ერგოთ საჩუქრად. Tiens Group-ის თანამშრომლები საფრანგეთში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, აქედან 2 დღე კი პარიზში დაჰყვეს.
პარიზული ვოიაჟის შემდეგ, იღბლიანი თანამშრომლები ნიცაში გაემგზავრნენ, სადაც გინესის რეკორდიც კი დაამყარეს. მათ ქალაქის ქუჩებში ყველაზე დიდი სიტყვა ააწყვეს კაცობრიობის ისტორიაში, რომელშიც ყველაზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ 4600 ნომერი დაჯავშნა 79 სხვადასხვა სასტუმროში. გარდა ამისა, ექსკურსიებისა და ტურების მოსაწყობად, 146 ავტობუსი იყო დაქირავებული.
ვოიაჟის დასასრულს, ჩინურმა კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა მასობრივი მსვლელობაც კი მოაწყვეს ნიცას ქუჩებში. Tiens Group-ს თანამშრომლებისთვის გრანდიოზული შვებულების მოწყობა ჯამში 20 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.
კომენტარები