ჰალუცინოგენური სოკოები, ლსდ და სხვა მსგავსი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ფართო საზოგადოების ცნობიერებაში ჯერჯერობით არ ასოცირდება მედიცინასთან ან მეცნიერებასთან. ისინი უფრო ჰიპებსა და 1960-იანების კონტრკულტურას მოგვაგონებენ ხოლმე, ვიდრე - თეთრხალათიან ადამიანებს.

თუმცა, უკანასკნელ წლებში, მეცნიერები ხშირად ფიქრობენ იმაზე, შეუძლიათ თუ არა ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს (სადაც ასევე შედის მესკალინი, დიმეტილტრიპტამინთან ერთად) დახმარება გაგვიწიონ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების განკურნების პროცესში.

მალე, ბრიტანელი მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ მსხვილმასშტაბიან კვლევაში, რომელიც უპასუხებს კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ჰალუცინოგენური ნარკოტიკებიდან რომელიმე აღმოჩნდეს იმაზე უფრო ეფექტური დეპრესიის განკურნებაში, ვიდრე ერთ-ერთი ძირითადი და ამჟამად მედიცინაში ფართოდ გამოყენებადი ანტიდეპრესანტია?

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები კვლევებს 2 წლის განმავლობაში ჩაატარებენ, რა დროსაც ჰალუცინოგენური სოკოების ერთ-ერთ შემადგენელ ალკალოიდს - პსილპობიცინს, სამკურნალო პრეპარატ ესციტალოპრამს (ანტიდეპრესანტი სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფიდან) შეადარებენ. აღნიშნულ კვლევებს კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რობინ კარჰარტ-ჰარისი უხელმძღვანელებს .

ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ცნობიერების ცვლილებებს იწვევენ, მეცნიერები მხოლოდ ახლა არ დაინტერესებულან: ფსიქოდელიური სუბსტანციები ჯერ კიდევ 50 წლის წინ აღმოჩნდნენ მკვლევართა თვალთახედვის არეში, თუმცა ამ სფეროში კვლევები მალევე შეწყვიტეს.

ფსიქოდელიური ნივთიერებების აღზევება და დაცემა

1950-60-იან წლებში, ბევრს სჯეროდა, რომ ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს, მთელი რიგი ფსიქიური აშლილობების მკურნალობის სფეროში, დიდი მომავალი აქვთ; სწორედ ამ პერიოდში ჩატარდა 1000-ზე მეტი სხვადასხვა სახის კვლევა ამ მიმართულებით.

თუმცა ძალიან მოკლე ხანში ფსიქოდელიკებმა ფრიად საეჭვო რეპუტაცია დაიმკვიდრეს. ამ ტიპის ნარკოტიკების (განსაკუთრბით ლსდ-ს) რეკრეაციული მიზნით გამოყენება დაიწყეს მუსიკოსებმა, მსახიობებმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა - ამის შედეგად კი ეს ნარკოტიკი, სულ უფრო შირად ასოცირდებოდა კონტრკულტურის სხვადასხვა მიმდინარეობასთან.

ცნობილი მეცნიერი ტიმოთი ლირი ფსიქოდელიკების აქტიური მხარდამჭერი გახდა.

პრესაში კი ბევრი იწერებოდა არა მეცნიერების სფეროში შესაძლო გარდამტეხ მიღწევებზე, არამედ - ლსდ-ს მიღების წარუმატებელ შემთხვევებზე, ე.წ. „ბედ-თრიფებზე“, უამრავ ადამიანს რომ ემართებოდა ფსიქოდელიკების მოხმარებისას და იმ მორალურ დეგრადაციაზე, რომელიც ამ მოხმარებას მოსდევს შედეგად.

ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად ჰარვარდელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი (რომელიც კონტრკულტურის ერთგვარ მესიად აღიარეს), დიდწილად - მის მიერ ფსილობიცინის აქტიური პოპულარიზაციის გამო, ნამდვილად გასცდა მეცნიერული ეთიკის ყოველგვარ ზღვარს.

აშშ-ს ხელისუფლებამ გაუთვალისწინებელი მოვლენებისა და შესაძლო პანიკის შიშით, 1968 წელს ჰალუცინოგენური პრეპარატების მოხმარება აკრძალა. ხოლო, 1971 წელს, გაერო-ს მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიღებულმა კონვენციამ ამ სფეროში სამედიცინო კვლევებსაც მოუღო - ჰალუცინოგენები პირველი კატეგორიის ნარკოტიკებად იქნენ კლასიფიცირებული, ანუ მათ არანაირი თერაპიული სარგებლობის მოტანა არ შეეძლოთ, შესაბამისად - აკრძალულ იქნენ ამ მკონვენციაზე ხელისმომწერ ქვეყნებში.

ამგვარად, ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროს კვლევისას მთელი ყურადღება ანტიდეპრესანტების ზემოქმედების შესწავლაზე იყო გადატანილი.

ტვინის „გადატვირთვა“

rრადგან ლსდ-სა და მისი მსგავსი ნარკოტიკების გამოკვლევებისათვის მთავრობისაგან სპაციალური ნებართვის მიღება იყო საჭირო, ბევრმა მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა ალკალოიდ პსილობიცინის შესწავლაზე, რომლის ზემოქმედება ფსიქიკაზე ლსდ-ს მსგავსი იყო, თუმცა - არა ისეთივე არაერთგვაროვანი.

1990-იანების მანძილზე ჩატარებულ იქნა რამდენიმე პირველადი სერიოზული კვლევა, თუმცა ჰალუცინოგენების მიმართ ჭეშმარიტი ინტერესის აღორძინება მხოლოდ 2000-იანი წლების შუა ხანებში, ნაწილობრივ - ჯონ ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომების წყალობით დაიწყო. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პსილობიცინმა განუკურნებელი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა 80%-ში შეამცირა დეპრესიის სიმპტომთა გამოვლინება, ხოლო კიდევ ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ალკალოიდი პაციენტებს სიგარეტის მოწევისაგან განთავისუფლებაშიც ეხმარებოდა, განსაკუთრებით კოგნიტიურ-ქცევით თერაპიასთან შეთავსებისას.

2009 წელს, დოქტორი კარტჰარტ-ჰარისი პირველი ბრიტანელი მეცნიერი იყო, რომელმაც, ტვინის სკანირების მეშვეობით, დაიწყო შესწავლა, თუ როგორ მოქმედებს პსილობიცინი ტვინის მუშაობაზე. ამ კვლევის ჟურნალ Scientific Reports -ში გამოქვეყნებული შედეგები ადასტურებენ, რომ პსილობიცინი ზემოქმედებს თავის ტვინის ორ სფეროზე: ამიგდალაზე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთი ემოციების ფორმირებაზე, როგორიცაა შიში ან შფოთვა და ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელზე, რომელიც წარმოადგენს ტვინის რეგიონების გადანაწილებულ ქსელს, ჩვენი დასვენებისას რომ იწყებს მოქმედებას.

ლსდ-ს და სხხვა ფსიქოდელიური ნივთიერებების მოხმარება, გარკვეულ რისკებს შეიცავს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ჰალუცინოგენები არც ისე უსაფრთხონი არიან. ვიღაცისათვის „ბედ-თრიფი“, ადამიანის მიერ საკუთარი ქცევაზე კონტროლის დაკარგვის გამო, შესაძლოა ძალზე დიდი საფრთხის შემცველი და სიცოცხლისათვის საშიშიც კი აღმოჩნდეს.

ასევე, მსგავს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ფსიქიკური კრიზისისადმი წინასწარი მიდრეკილების მქონე ადამიანებში, შეუძლიათ მანამდე გამოუვლენელი, ფსიქიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაამძაფრონ.

რა თქმა უნდა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება იმაში, თუ როგორ იღებს ადამიანი აღნიშნულ პრეპარატებს - თვითნებურად თუ კლინიკაში, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

მეცნიერები იყენებენ სუფთა, ფარმაცევტული მოხმარებისათვის გამიზნულ პსილობიცინს; ამასთანავე, ისინი ყოველმხრივ მხარში უდგანან პაციენტს მკურნალობის ყველა ეტაპზე და დროულად ახდენენ იმ პირთა გაცხრილვას, ვისაც შესაძლოა ფსიქოზი განუვითარდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ჩატარებული კვლევები მცირერიცხოვანი და ხანმოკლე პერიოდისა იყო, გარდა ამისა, მათში არ მონაწილეობდა პლაცებოს მიმღები საკონტროლო ჯგუფი.

სულის ბნელ მხარეზე?

ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტის პედაგოგი დოქტორი ჯეიმს რაკერი სწორედ სამკურნალო მიზნით პსილობიცინის გამოყენების უსაფრთხოების განხრით იწყებს ახალ კვლევებს. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ შემდგომში აღნიშნული პრეპარატი მედიკამენტოზურ პრეპარატად იქნეს ლიცენზირებული. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს კვლევები დაადასტურებენ პსილობიცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას, დოქტორ რაკერის თქმით, წამლის სახით მის დარეგისტრირებას სულ მცირე ხუთი წელი მაინც დასჭირდება.

ახალი პრეპარატის დამტკიცების პროცესი, ჩვეულებრივ, ძალზე ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, უამრავი ბიუროკრატიული ბერკეტის მოქმედების ფონზე, ამ ყველაფერს თანხები და დიდი ძალისხმევა სჭირდება - აღნიშნავენ სპეციალისტები.

და მაინც, რამდენად შესაძლებელია, რომ ჰალუცინოგენებმა ფსიქიკური აშლილობის განკურნებაში გარდატეხა შეიტანონ?

დოქტორი კარჰარდ-ჰარისი აღიარებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაცილებით ფართომასშტაბიანი კვლევები დაადასტურებენ მათ ეფექტურობას, ისინი მაინც ვერ ჩაითვლებიან საყოველთაოდ, ყოველი ცალკეული ინდივიდისათვის მისაღებ პრეპარატად: „ზოგიერთი პაციენტი არ მოისურვებს საკუთარი სულის სიღრმეებში ჩახედვას, საკუთარი დემონების ან წარსულში გადატანილი სულიერი ტრავმების წინაშე პირისპირ დადგომას, ან ყოველ ჩვენგანში არსებული ადამიანური არსის ბნელ მხარეებთან შეჯახებას“ - ამბობს ექიმი.

მისი კოლეგა, დოქტორი რაკერიც ადასტურებს, რომ ფსიქიატრიის სფეროში არანაირი მკურნალობა არ არის უნივერსალური: „ საუბარია იმაზე, რომ გაფართოვდეს ჩვენს მიერ შესათავაზებელი სამკურნალო პრეპარატების სპექტრი; ვინ იცის, იქნებ შესაძლებელია, რომ ეს სპექტრი რაღაცით მაინც აღმოჩნდება უნიკალური? ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგები“ - ამბობს ფსიქიატრი.