18 დეპუტატი, რომელმაც 2018 წლის საგაზაფხულო სესიის სხდომების ნახევარზე მეტი გააცდინა
პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომების გაცდენა მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც პრობლემაა. კვორუმის არარსებობის გამო, პლენარული სხდომები რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყება ან ჩაშლილად ცხადდება ხოლმე. პარლამენტში კანონმდებლობის შეცვლაზეც მსჯელობენ, რომელიც პლენარულ სხდომაზე დეპუტატების დასწრების საკითხს გაამკაცრებს.
არსებული რეგლამენტის მიხედვით, სხდომების გაცდენის მიზეზი შესაძლოა იყოს საპატიო ან არასაპატიო. საპატიო მიზეზად მიიჩნევა:
- ავადმყოფობა;
- ოჯახური მდგომარეობა;
- სამსახურებრივი მივლინება.
2018 წლის 4 ივლისის მონაცემებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სულ 24 პლენარული სხდომა ჩატარდა, მათ შორის ორი რიგგარეშე.On.ge-მ საქართველოს პარლამენტის აპარატიდან დეპუტატების სხდომებზე დასწრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.(მოწოდებულ მონაცემებში არ შედის ის რიგგარეშე სხდომები, რომელიც საგაზაფხულო სესიის ოფიციალურად დახურვის შემდეგ, პარლამენტში ჩატარდა).
გთავაზობთ, იმ 18 დეპუტატის სიას, რომლებმაც 2018 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის ნახევარზე მეტი საპატიო მიზეზით გააცდინეს.
- კობა ნაყოფია, ნაციონალური მოძრაობა (23);
- ირაკლი ხახუბია, ქართული ოცნება (22);
- გიორგი ტუღუში, ევროპული საქართველო (22);
- გიორგი ღვინიაშვილი, ევროპული საქართველო (22);
- ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა (22);
- აზერ სულეიმანოვი, ნაციონალური მოძრაობა (22);
- თინათინ ბოკუჩავა, ნაციონალური მოძრაობა (22);
- ზაზა კედელაშვილი, ევროპული საქართველო (18 საპატიო და ერთი არასაპატიო, სულ 19);
- რამაზ ნიკოლეიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი (18);
- გიგი წერეთელი, ევროპული საქართველო (17);
- ირაკლი ბერაია, ქართული ოცნება (14 საპატიო და 3 არასაპატიო, სულ 17);
- აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველო (16);
- დავით ბაქრაძე, ევროპული საქართველო (15);
- ადა მარშანია, პატრიოტთა ალიანსი (15);
- ხათუნა გოგორიშვილი, ევროპული საქართველო (13 საპატიო და ერთი არასაპატიო, სულ 14);
- ლაშა დამენია, ევროპული საქართველო (13 საპატიო და ერთი არასაპატიო, სულ 14);
- ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი (13);
- გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი (13).
გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ყველაზე ხშირად ოჯახური პრობლემები დასახელდა. პლენარული სხდომა საპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ ევროპული საქართველოს დეპუტატებმა გააცდინეს.
პარტია ევროპული საქართველოს სპიკერმა, ირაკლი კიკნაველიძემ On.ge-ს განუცხადა, რომ გაცდენების მიუხედავად, ევროპული საქართველო ყველაზე აქტიურადაა ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში და ამას საზოგადოებაც ხედავს.
"ბუნებრივია, ეს მოცემული რიცხვები რეალობაა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გასული სესიების განმავლობაში ევროპულმა საქართველომ რამდენიმე საარჩევნო კამპანია ჩაატარა, რომელშიც დეპუტატებიც იყვნენ ჩართულები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ საპარლამენტო ვალდებულებების შესრულებას რამე დავაკელით, რადგან ჩართულობა და აქტიურობა ჩვენი მხრიდან მაღალი იყო", - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
გაცდენების სტატისტიკას On.ge-სთან საუბრისას გამოეხმაურა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ მოხვდა სიაში თინა ბოკუჩავა, ხოლო ნიკა მელიას გაცდენების მიზეზად პარტიული აქტივობები დაასახელა.
"რაც მთავარია, ეს ყველა გაცდენა არის საპატიო. თუ შეიცვლება საპატიო გაცდენის წესები, ჩვენ დავემორჩილებით. სხვათაშორის, არსებობს დეპუტატი, რომელსაც არასდროს გაუცდენია სხდომა მაგალითად, მე. ხან ასე არის, ხან - ისე. ჩვენ ვართ 7-კაციანი ფრაქცია, რომელიც თავისი აქტივობით 8 უმრავლესობის ფრაქციას უდრის", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, თუ გაცდენების შესახებ კანონი გამკაცრდება ნაციონალური მოძრაობა დაემორჩილება, ისევე როგორც სხვა კანონებს ემორჩილება.
On.ge საქართველოს პატრიოტთა ალიანსსაც დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა საპატიო მიზეზებით გააცდინეს საგაზაფხულო პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი დეპუტატებმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და ადა მარშანიამ. პარტიიდან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
საპატიო გაცდენების სტატისტიკისგან განსხვავებით, არასაპატიო გაცდენებით ქართული ოცნების დეპუტატები ლიდერობენ.
- ელგუჯა გოცირიძე (10);
- თეიმურაზ კოხრეიძე (10);
- გრიგოლ მიქელაძე (7);
- საველან მირზოევი (6);
- ბექა ნაცვლიშვილი (5);
- სამველ მანუკიანი (5).
ქართული ოცნების საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დეპუტატების მიმართ სანქციები ჯერ არ გამოყენებულა, რადგან ძირითადად, საპატიო გაცდენებია, ხოლო იმ დეპუტატების შემთხვევაში, რომლებმაც პლენარული სხდომა არასაპატიოდ გააცდინეს შესაძლოა დადგინდეს, რომ განცხადება ობიექტური მიზეზების გამო ვერ წარმოადგინეს.
"არსებობს ფორმულა, რომლის მიხედვითაც არასაპატიო გაცდენებისთვის შესაბამისი სანქციები უნდა დაანგარიშდეს. ბუნებრივად იკვეთება ხოლმე, მაგალითად მაჟორიტარებისთვის, რომ არის შეხვედრა სამაჟორიტარო ოლქში, ან რაიმე სახის საერთაშორისო შეხვედრა, ან მართლა პირადი საქმეა. ზეპირი კავშირის შემდგომ ხშირად ირკვევა, რომ პარლამენტის წევრმა არც თუ ისე უმიზეზოდ გააცდინა სხდომა", - განუცხადა On.ge-ს გურამ მაჭარაშვილმა.
2018 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც პარლამენტის წევრის მიერ სხდომების გაცდენებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, არსებული რედაქციით, საპატიო გაცდენის დროს, დეპუტატი არ არის ვალდებული მიუთითოს კონკრეტულად მიზეზი, მათ შეუძლიათ დააფიქსირონ ოჯახური პრობლემები და ეს საკმარისია, რათა გაცდენა საპატიოდ ჩაითვალოს. მისი თქმით, სწორედ ეს გარემოება გახდა ცვლილების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი.
წარმოდგენილი ინიციატივით იცვლება:
- სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის ჩამონათვალი და უქმდება ოჯახური მდგომარეობა, როგორც გაცდენის საპატიო მიზეზი;
- სხდომებზე რეგისტრაციის გავლისა და გაცდენების აღრიცხვის წესი;
- ფრაქციის მიერ კომიტეტის წევრის ჩანაცვლების წესი;
- გაცდენილ სხდომებზე პასუხისმგებლობის საკითხი;
- გაცდენებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლები.
პროექტით კონკრეტდება, თუ ვინ იგულისხმება ოჯახის წევრში, ესენი არიან – მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი 19 მარტს დარეგისტრირდა, მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
გაიგე მეტი: რატომ ავსებს დეპუტატთა მესამედი ქონებრივ დეკლარაციას არასწორად
კომენტარები