ზაფხული და ლიტერატურა ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. ლიტერატურის მოყვარულთათვის წელიწადის ამ დროს ნამდვილი ზეიმი იწყება. გრძელი დღეები, ულევი ენერგია და საზაფხულო არდადეგები კარგი წიგნების წასაკითხად იდეალური წინაპირობაა. საქართველოში 2017-2018 წელი ლიტერატურული თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი გამორჩეული რომანი პირველად თარგმნა ქართულ ენაზე. გარდა ამისა, ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. ზაფხულისთვის კი, უამრავი წიგნი დაგვიგროვდა წასაკითხად.

ჩვენ გთავაზობთ ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემულ ათ წიგნს, რომელიც ზაფხულში აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

1. ჯეიმს ბალარდი – "შეჯახება"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთ აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი. თუმცა, ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოკატასტროფების შედეგად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. პარადოქსია, მაგრამ მათი რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობას აღწერს მწერალი ჯეიმს ბალარდი თავის წიგნში, რომლის პერსონაჟს, ტელემეცნიერ ვონს, საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ ტეილორთან ერთად…

"შეჯახება" საშიში წიგნია. ის არ ზოგავს მკითხველს და დაუნდობელ გამაფრთხილებელ ნიშნად გვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველად გამოცემიდან 45 წელი გავიდა. ამ წიგნის გამო ბალარდზე ამბობდნენ, ფსიქიატრიაც კი ვეღარ უშველისო, თუმცა იყვნენ სხვებიც: ჟან ბოდრიარმა 1974 წელს „შეჯახება“ სიმულაციური სამყაროს პირველ დიდ რომანად მოიხსენია; ბალარდის ერთ-ერთმა მთავარმა თაყვანისმცემელმა ენტონი ბერჯესმა კი აღნიშნა, რომ ეს რომანი უკიდურესი ორიგინალურობის ნაყოფია, ხოლო ბალარდი – უდავოდ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი.

2. ემა კლაინი- "გოგონები"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ჩრდილოეთი კალიფორნია, მძვინვარე 1960-იანი წლების მიწურული. ზაფხული. მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდი პარკში სუზანსა და სხვა გოგონებს ხვდება და მაშინვე მოინუსხება მათი თავისუფლებით, დაუდევრობით, გამბედაობით. ივი მალე ექცევა სუზანის გავლენის ქვეშ და ქარიზმატული ლიდერის არაორდინალურ წრეშიც ამოყოფს თავს. მთებში ჩაკარგული დანგრეული რანჩო, სადაც რეალობას მოწყვეტილი სასტიკი წინამძღვრის ნების უსიტყვო მორჩილნი აფარებენ თავს, ივის ეგზოტიკურად, ამაღლებულად და გასაოცრად ეჩვენება და რანჩოს მცხოვრებლებთან ერთად, გაუცნობიერებლად უახლოვდება შემზარავ ძალადობას... გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება...


დებიუტანტი მწერლის, ემა კლაინის "გოგონები" 1969 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში დატრიალებულ გახმაურებულ ტრაგიკულ ამბებს ეხმიანება, თუმცა მოვლენებს სულ სხვა კუთხით გვაცნობს. რომანი 2016 წელს გამოიცა და მალევე აალაპარაკა მთელი მსოფლიო. წიგნს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

სანამ ამ წიგნის კითხვას დაიწყებდეთ, წაიკითხეთ ჩვენ მიერ მომზადებული რეცენზია.

3. დევიდ მიჩელი- "ღრუბლების ატლასი"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე. წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი "ღრუბლების ატლასი" ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

4. ალან მური - "დარაჯები"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ალან მური, შეიძლება ითქვას, გრაფიკული თხრობის მედიუმში ყველაზე ცნობილი ავტორია. ის არის უამრავი ჯილდოს მფლობელი ისეთი ნაწარმოებებისთვის, როგორებიცაა: „V ანუ ვენდეტა“, „ჯოჯოხეთიდან“, „მარველმენი“ და „ჭაობის არსება“. მის სახელს უკავშირდება “America’s Best Comics”-ის ხაზი, რომლის ფარგლებშიც არაერთ ნიჭიერ ილუსტრატორთან ერთად შექმნა „გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა“, „პრომეთეა“, „ტომ სტრონგი“, „ხვალის ამბები“ და „ტოპ ათი“. როგორც ჟანრის უმნიშვნელოვანესმა ნოვატორმა, ალან მურმა 1980-იანი წლების შემდგომ დიდი გავლენა იქონია კომიქსების ავტორთა მთელ თაობებზე. მისი ნაწარმოებები ისევ პოპულარულია, მკითხველთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება.


დეივ გიბონსი ამ ჟანრში 1973 წლიდან მოღვაწეობს. პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მან არაოფიციალურ და სამოყვარულო გამოცემებზე მუშაობისას გადადგა. რეგულარულად თანამშრომლობდა Britain`s 2000 AD-სთან, რომლისთვისაც დახატა „ჰარლემის გმირები“, „დენ დეარი“ და იყო თანაავტორი კომიქსისა – ღოგუე თროოპერ. ამის შემდეგ, გიბონსმა ოკეანის ორივე მხარეს არსებულ თითქმის ყველა გამომცემელთან ითანამშრომლა. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: „დოქტორი ვინ“, `სუპერმენი”, “ბეტმენი”, “მწვანე ლამპარი”, „მტაცებელი“, „უცხოები“, „ჰუგოს პრემიის“ მფლობელი „დარაჯები“ – ალან მურთან, ხოლო „მომეცი თავისუფლება“ და „მართა ვაშინგტონი ომში მიდის“ – ფრენკ მილერთან ერთად. მისმა ნახევრად ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა „ორიგინალები“ 2005 წელს „აისნერის ჯილდო“ მოიპოვა. გიბონსმა იმუშავა პროექტზე „საიდუმლო სამსახური“ მარკ მილართან ერთად; გარდა ამისა, იგი ანიმაციური კომიქსების აპლიკაციის – MADEFIRE-ის კონსულტანტიც იყო.

5. ვირჯინია ვულფი- "ორლანდო"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა ზემოქმედების უცნაურ ძალას- აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ”.
(ვირჯინია ვულფი, “ორლანდო”)

ვირჯინია ვულფი (1882-1941) აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად და ნოვატორად. იგი ცნობილ ინტელექტუალთა “ბლუმსბერი ჯგუფის” დამფუძნებელია. ჯეიმზ ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა “ცნობიერების ნაკადის” სტილი ლიტერატურაში (რომანები “გზა შუქურისკენ”, “მისიზ დელოვეი”, “ტალღები” და სხვ.).


“ორლანდო” სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად…
ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მჯელობის და კვლევის საგანია.

6. იოზეფ როთი- "რადეცკის მარში"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის (1913), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში (1914) განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში.

იოზეფ როთი ავტორია რომანებისა: „რადეცკის მარში“, „იობი“, „ობობას ქსელი“, „ბრმა სარკე“, „გაქცევა დასასრულის გარეშე“, „მუნჯი წინასწარმეტყველი“, „მკვლელის აღსარება“ და „კაპუცინელის სამარე“.

„რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს ბერლინში გამოიცა. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და ზოგადად ძველი ევროპის დაცემის ისტორიას. ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათ“.

7. იტალო კალვინო- "თუ ზამთრის ღამით მოგზაური"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

პოსტმოდერნული რომანი. ჰიპერრომანი. მეტარომანი. ათასნაირად მოინათლა კალვინოს ეს წიგნი გამოსვლისთანავე. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს. ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან, არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია. დაბოლოს, როცა წიგნს ხურავს, ხვდება, რომ იმ გზის გასავლელად, იმ წრედის შესაკრავად სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამბის დასრულება. მეტიც: ისიც კი არ ყოფილა აუცილებელი, ამბავს დასასრული ჰქონოდა.


იტალო კალვინო (1923-1985) თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. იტალიური პოსტმოდერნული პროზა სწორედ კალვინოს რომანებით იღებს სათავეს. მსოფლიო მკითხველისთვის კალვინო ცნობილია ტრილოგიით „ჩვენი წინაპრები“, რომანებითა და კრებულებით „მარკოვალდო“, „ობობის ქსელის ბილიკები“, „უხილავი ქალაქები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, „კოსმოკომიკური ამბები“, „იტალიური ზღაპრები“ და სხვა.

ამავე თემაზე:

8. ჟოზე სარამაგუ- "კაენი"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.

9. დაგლას ადამსი- "რესტორანი სამყაროს დასალიერში"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

კოსმოსი დიდია. ძალიან დიდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ფართოდ, წარმოუდგენლად, გასაგიჟებლად დიდი რამეა. გარდა ამისა, კოსმოსი ათასგვარი მზაკვრობითაა სავსე. დედამიწის მკვიდრს, რომლის ერთადერთ ქოხმახს საგზაო დეპარტამენტი ბულდოზერებით გასრესას უპირებს, შეიძლება მხსნელად ბეთელჰეიზელი მოევლინოს, მთელი ცხოვრება მის მეგობრად რომ მოჰქონდა თავი, და გაცილებით მასშტაბური საფრთხისგან იხსნას იგი.
ასე უბრალოდ შეიძლება იქცე კოსმოსურ ჰიჩჰაიკერად – არსებად, რომელიც ცერის ერთი აწევით შეიძლება გალაქტიკის ნებისმიერ წერტილში მოხვდეს და ყოველგვარ მოულოდნელობას გადაეყაროს. მეტიც: კოსმოსმა შეიძლება სასიკვდილო საფრთხეზე გაცილებით უარესი სიურპრიზებიც შემოგთავაზოს, როგორიცაა, მაგალითად, ვოგონების პოეზიის საღამოზე დასწრება...

ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, თან იქონიო კოსმოსის ყველაზე პოპულარული საკითხავი – ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში, ბაბილონის თევზები, ცოტაც – იღბალი, და სამყაროს დასალიერშიც კი უდრტვინველად გაემგზავრები. და რაც ყველაზე მთავარია: პანიკის გარეშე!

დაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და 1979 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ამ ჟანრის მოყვარულთა შორის. მახვილგონივრული იუმორით მოთხრობილი ამბავი ერთი დედამიწელის მოგზაურობის შესახებ გალაქტიკაში, ერთნაირად შეიყვარა მკითხველმა, მსმენელმა და მაყურებელმა, რადგან „გზამკვლევმა“ თავიდანვე მრავალი ფორმა შეიძინა: თავდაპირველად ის რადიოპიესა იყო, რომელსაც თითქმის მაშინვე მოჰყვა წიგნი, შემდეგ სატელევიზიო შოუ, აუდიოჩანაწერები და სრულმეტრაჟიანი ფილმი. ადამსის ხუთწიგნიან სერიას ერინ კოლფერმა 2009 წელს (პირველი წიგნის გამოსვლიდან 30 წლისთავზე) მეექვსე წიგნიც შემატა, რაც უდავოდ იმის დასტურია, რომ გალაქტიკაში გზამკვლევი დღემდე ბევრს სჭირდება.

10. თემურ ბაბლუანი- "მზე, მთვარე და პურის ყანა"

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

„სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები“.
თემურ ბაბლუანი, „მზე მთვარე და პურის ყანა“
(მანუშაკა მელოდება)

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)" სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ამ წიგნების შეძენა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და სანტა ესპერანსას მაღაზიებში შეგიძლიათ. დაგვიჯერეთ, ზაფხულის ცხელი დღეების გადაგორებასა და სასიამოვნოდ გატარებაში ეს წიგნები ძალიან დაგეხმარებათ.