ახალი შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის - რა იცვლება კანონში
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მაცხოვრებელ ადამიანებს შეეძლებათ საქართველოში არსებული ყველა სერვისით, პროგრამითა და შეღავათით ისარგებლონ. ამას უზრუნველყოფს კანონპროექტი, რომლითაც ამ რეგიონის მოსახლეებისთვის პირადი ნომრების მინიჭებაა გათვალისწინებული.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს და მიიღეს. კანონის ასამოქმედებლად მესამე მოსმენაა საჭირო.
რა იცვლება
არსებული კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს შეუძლიათ აიღონ პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი. კანონის ინიციატორების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, ე.წ. ნეიტრალური დოკუმენტი, რომლის მიღებაც ახლაა შესაძლებელი რიგ შემთხვევებში აღიქმება პირადობის დამადასტურებელ საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტად. მათი აზრით, ამით მცირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოში არსებულ სერვისებში ჩართულობა და ხელს უწყობს ნეგატიური განწყობების გაღვივებას.
კანონპროექტის მიხედვით, ეს დაბრკოლება გახდა საფუძველი იმისთვის, რომ შემუშავებულიყო ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი, ე.წ. პირადი ნომრის მინიჭება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, ანდა მის ხელთ არსებული დოკუმენტებით მიმართვის შემთხვევაშიც, უფრო გამარტივებულად ისარგებლოს მთელი რიგი სახელმწიფო სერვისებით.
რას გულისხმობს პირადი ნომრის მინიჭება
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს შეეძლებათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირადი ნომერის მისანიჭებლად მივიდნენ. პირის იდენტიფიცირების პროცედურა ნეიტრალური პირადობის მოწმობის გაცემის პროცედურის მსგავსი იქნება.
იდენტიფიცირებისათვის შესაძლებელია, ასევე, გამოიყენონ არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები მის ბიომეტრიულ მონაცემებთან ერთად.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირის რეგისტრაციის პროცესი დაიწყება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებში ან საზოგადოებრივ ცენტრებში გამოცხადებისას. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება აგრეთვე ელექტრონული ფორმით. სააგენტოს მიერ პირის იდენტიფიკაციის შემდეგ განმცხადებელი ელექტრონულ სისტემაში საკუთარ მონაცემებს შეიყვანს.
რეგისტრაციის ვადა 10 სამუშაო დღე იქნება. მომსახურება კი უფასო. საკითხის დადებითად დასრულების შემთხვევაში, პირს მიენიჭება პირადი ნომერი და მისი მონაცემები, ბიომეტრიულ ფოტოსურათთან ერთად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ცალკე ველში დაფიქსირდება.
დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არაა და ოპერატორს შეეძლება პირადი ნომრისა და ბიომეტრიული მონაცემებით პირის იდენტიფიცირება შეძლოს.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ პირადი ნომრით რეგისტრაცია არ გულისხმობს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. შესაბამისად, პირადი ნომრით რეგისტრაცია არ წარმოშობს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და უფლებებს.
რა სერვისების გამოყენება შეიძლება ახალი დოკუმენტით
- მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება;
- გრანტის მიღება;
- საბანკო სერვისებით სარგებლობა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;
- სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება;
- უმაღლესი განათლების მიღება;
- პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა;
- გარკვეულ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
- და სხვა.
ცვლილებების კანონპროექტი არ გულისხმობს არსებულის გაუქმებას. კვლავ ძალაში რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობა და წესები.
კომენტარები