1969 წლის 20 ივლისს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანმა დედამიწის გარდა სხვა კოსმოსურ სხეულზე დადგა ფეხი.

აპოლონ 11-ის ეკიპაჟი, ნილ არმსტრონგის, ბაზ ოლდრინისა და მაიკლ კოლინსის შემადგენლობით, მთვარეზე დაჯდა. ნილ არმსტრონგი კი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი და სწორედ მაშინ თქვა ცნობილი ფრაზა:

ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის

შვიდი წლის შემდეგ, 1976 წლის 20 ივლისს, Viking Lander 1 მარსზე დაჯდა. ოქროს ვაკეზე დაჯდომისთანავე ვიკინგმა მარსის ზედაპირს ფოტო გადაუღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. აპარატმა პირველი ფოტოს გამოგზავნა დაჯდომიდან 25 წამის შემდეგ დაიწყო, რომელსაც ჰიუსტონამდე ჩამოსაღწევად 4 წუთი დასჭირდა.

ფოტო: NASA

ამ ფოტოს მიღებიდან 7 წუთის გასვლის შემდეგ ნასამ მეორე ფოტო მიიღო - მარსის პირველი პანორამა.

ფოტო: NASA

ვიკინგის მისია 2 307 დღე გაგრძელდა, მისი რეკორდი 2010 წლის 19 მაისს როვერმა Opporunity-მ გააუმჯობესა, რომლის მისიის ხანგრძლივობა ამჟამად 4 561 დღეს ითვლის.

2016 წლის 20 ივლისს, ვიკინგის მარსზე დაჯდომის 40 წლის თავზე, ნასამ პატარა შიდა საიტი გაუშვა - The Next Giant Leap - შემდეგი გიგანტური ნახტომი. ამ საიტზე ნასამ ოფიციალურად დააანონსა, რომ ასტრონავტები მარსზე ფეხს 2030-იან წლებში დადგამენ. კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მანამდე ნასას და მთელს დედამიწას ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო.

მარსზე გასამგზავრებლად ნასა Orion-ის ხომალდის გამოყენებას გეგმავს. ორიონი ახალი თაობის კოსმოსური ტრანსპორტია, რომელმაც ადამიანები იქამდე უნდა მიიყვანოს, სადაც არასდროს ყოფილან. მარსზე დაჯდომამდე ორიონი ღრმა კოსმოსურ სივრცეებს შემოივლის.

ფოტო: NASA

ორიონი სრულიად ახალი ტექნოლოგიებითაა შექმნილი. შეიცავს როგორც ეკიპაჟის, ასევე ტექნიკური მომსახურების მოდულებს, გაშვების შეწყვეტის რევოლუციურ სისტემას - რაც ეკიპაჟის უსაფრთხოებას არნახულად ზრდის. ხომალდი სიცოცხლის პირობების, ძრავის, თერმული დაცულობისა და ავიაციის უნიკალური სისტემებითაა აღჭურვილი.

ხომალდი პირველ გაფრენამდე ინტენსიურად იტესტება. 2014 წლის 5 დეკემბერს ორიონმა პირველად იფრინა, ტესტი 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გეგმის მიხედვით, ტრანსპორტს პირველი ეკიპაჟი 2023 წელს გამოიყენებს.

ორიონის გაშვება

ორიონის გაშვება

2014 წლის 5 დეკემბერი, ორიონის ხომალდი Delta IV ტიპის რაკეტით გაუშვეს

ფოტო: NASA

ორიონის გასაშვებად ნასა ახალ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ რაკეტას Space Launch System-ს (SLS) გამოიყენებს. მარსზე გამგზავრებამდე SLS-მა და ორიონმა რამდენიმე გამოცდა უნდა ჩააბარონ:

  • 2018 წლის ნოემბერი - ორიონის კაფსულის გაშვება მთვარესთან ახლოს. ამავე მისიის ფარგლებში გაეშვება:
    • დედამიწასთან ახლოს მყოფი ასტეროიდების სკაუტი.
    • Lunar Flashlight - მთვარეზე წყლისა და ყინულის კონცენტრაციის შემსწავლელი სატელიტი.
    • BioSentinel - ასტრობიოლოგიური მისია, რომელიც საფუარის საშუალებით გამოიკვლევს კოსმოსური რადიაციის ეფექტს დნმ-ს რეგენერაციის უნარზე.
    • SkyFire - ნანო სატელიტი, რომელიც მთვარეს ჩაუფრენს და სპექტროსკოპიურ და თერმოგრაფიულ მონაცემებს შეაგროვებს.
    • Lunar IceCube - ნანო სატელიტი, რომელიც შეისწავლის მთვარეზე წყლისა და ყინულის რაოდენობასა და ლოკაციას.
  • 2022 - 2025 წლები - იუპიტერზე და მის თანამგზავრ ევროპაზე ხომალდების გაშვება.
  • 2021-2023 წლები - 4 ასტრონავტის მთვარის ორბიტაზე გამგზავრება ორიონის კაფსულით.
  • 2026 წელი - 4 ასტრონავტის ორიონის კაპსულით გამგზავრება ასტეროიდის ნაწილთან, რომლის დაჭერა და მთვარის ორბიტაზე გაშვებაც 2025 წლისთვის იგეგმება.

ფოტო: NASA

NASA-ს ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხოვრობენ, უკვე წლებია იკვლევენ კოსმოსში, დაბალი გრავიტაციის პირობებში ცხოვრების ეფექტებს.

6 ივლისს ISS-ზე ახალი ეკიპაჟი გაემგზავრა. ამერიკელი მეცნიერი კეტლინ რუბინსი 4 თვის განმავლობაში 250 ექსპერიმენტს ჩაატარებს და ბიოლოგიურ, ფიზიკურ და სხვა სახის მონაცემებს შეაგროვებს, რაც მარსზე გამგზავრების კვლევით ჯგუფს საჭირო ინფორმაციას მისცემს.

2016 წლის 8 სექტემბერს NASA ახალ კოსმოსურ მისიას უშვებს - OSIRIS-REx.

ფოტო: NASA

ხომალდი დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდ ბენუსთან 2018 წელს მიაღწევს და მომდევნო 505 დღის განმავლობაში მის ზედაპირს ფოტოებს გადაუღებს, რის შედეგადაც შედგება ასტეროიდის რუკა. ამის შემდეგ, მეცნიერები შეარჩევენ ადგილს, რომელთან მიახლოებაც OSIRIS-REx-ისთვის ყველაზე უსაფრთხო იქნება. კონკრეტული წერტილის შერჩევის შემდეგ ხომალდი ასტეროიდს მიუახლოვდება და დაჯდომის გარეშე, რობო-ხელით, აიღებს იქიდან ქვებს, ქვიშას, მინერალებს და ა.შ. და 2023 წელს დაბრუნდება დედამიწაზე.

ამის შემდეგ, NASA ერთერთი ყველაზე ამბიციური პროექტის, Asteroid Redirect Mission-ის (ARM) დაწყებას გეგმავს.

ARM-ის ფარგლებში, NASA კოსმოსურ ხომალდს ერთერთ ახლომდებარე ასტეროიდთან გაუშვებს, აპარატი ობიექტის ზედაპირის დაასკანერებს და თუ აღმოაჩენს ლოდს, რომლის აღებაც შესაძლებელი იქნება, დაეშვება ზედაპირზე, წამოიღებს მას და დაბრუნდება სტაბილურ ორბიტაზე მთვარესთან. შემდეგ, ასტრონავტები მიფრინდებიან მასთან, აიღებენ ნიმუშებს და დაბრუნდებიან დედამიწაზე.

ამასობაში NASA-მ მარსის ხუთი ორბიტერის კონცეფცია დაამტკიცა, რომელზეც ხუთი სხვადასხვა კომპანია მუშაობს. ორბიტალურმა აპარატებმა ხელი უნდა შეუწყონ ტელეკომუნიკაციის და სამეცნიერო სისტემების გამართვას პლანეტაზე გამგზავრებამდე და ჩასვლის შემდეგ.

NASA-ს კოსმოსური მისიები

NASA-ს კოსმოსური მისიები

ფოტო: NASA (ორიგინალი)

ამ მისიების წარმატებით დასრულების შემდეგ და მანამდეც, NASA მარსზე გამგზავრების ახალ პროექტებსა და ტესტებს დაგეგმავს.