თბილისის მერი კახა კალაძემ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე, რომელიც ციხის ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებში საეჭვო ან ძალადობის ნიშნები ვერ დაინახა და მიიჩნევს, რომ ეს არის "დაგეგმილი პროცესი".

მისი თქმით, თუ დავითაძის მიერ აღწერილი სექსუალური ძალადობის შემთხვევა 2025 წელს მოხდა, გაუგებარია, რატომ დაიწყო ამის შესახებ საუბარი მხოლოდ ახლა. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე ნებისმიერი რამის თქმა შეიძლება.

"ყველა კარგად ხედავთ, როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი, როგორ ჩაერთო ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები. თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ძალიან მარტივად იკითხება, თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ...რაც ნახა საზოგადოებამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ის ვნახე მეც და არაფერი [გაუპატიურება] იქ არ ყოფილა, რაზეც იყო საუბარი. ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ფაქტი [გაუპატიურება] იყო და მოხდა, 2025 წელზეა საუბარი, დღეს რა ხდება? ამდენი წლის განმავლობაში რა ხდება ...ფაქტი და მტკიცებულებაა საჭირო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე. კადრებში მე ვერაფერი ვერ დავინახე საეჭვო", — განაცხადა კახა კალაძემ ტვ პირველის ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ამ ეტაპზე ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ უნახავთ.

გუშინ, 4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 21:12 საათზე რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლისა და საკნის ვიდეოკამერის წინ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა. უწყების განცხადებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა დავითაძემ უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ახორციელებს.