სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა მსჯავრდებული გიორგი დავითაძე მოინახულეს. ომბუდსმენის განმარტებით, უცხო ნივთების გადაყლაპვის შემდეგ დავითაძე თავს კარგად გრძნობს და ის კვლავ უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე.

სახალხო დამცველის განმარტებით, დავითაძე მანამ არ დათანხმდება კლინიკაში გადაყვანას, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

"3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.

დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს," — წერს აპარატი.

გუშინ, 4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 21:12 საათზე რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლისა და საკნის ვიდეოკამერის წინ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა. უწყების განცხადებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა დავითაძემ უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ახორციელებს.