როგორ შევქმნათ საინვესტიციო პორტფელი ნულიდან?
ფოტო: Getty
საინვესტიციო პორტფელის შექმნა არ ნიშნავს უბრალოდ აქციების შემთხვევით ყიდვას. ეს არის ზუსტი, წინასწარ გათვლილი სისტემის აგება, რომელიც თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევას ემსახურება. იმისათვის, რომ პროცესი იყოს სტრუქტურირებული და შედეგიანი, უნდა მიჰყვეთ კონკრეტულ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს.
დღეს სწორედ პორტფელის ნულიდან აგების პრაქტიკული ალგორითმის შესახებ ვისაუბრებთ.
ეტაპი 1: მოამზადეთ ფინანსური საძირკველი
სანამ საინვესტიციო ანგარიშზე თანხას შეიტანთ, ორი აუცილებელი პირობა უნდა დააკმაყოფილოთ:
- გაისტუმრეთ მაღალპროცენტიანი ვალები: ინვესტირების დაწყებამდე აუცილებლად დაფარეთ მაღალპროცენტიანი (10-15%+) ვალები. საფონდო ბირჟამ შეიძლება ვერ მოგიტანოთ იმაზე მეტი მოგება, რასაც სესხის პროცენტში კარგავთ.
- შექმენით "ფინანსური ბალიში": ცალკე გადადეთ თანხა, რომელიც 3-დან 6 თვემდე საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად იქნება საკმარისი. ეს დაგიცავთ იმისგან, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში საინვესტიციო პორტფელის ზარალით გაყიდვა არ მოგიწიოთ.
ეტაპი 2: განსაზღვრეთ, შემოსავლის რა ნაწილი დააბანდოთ
კარგი საინვესტიციო სტრატეგია ბიუჯეტირებით იწყება. ფინანსური ექსპერტების უმეტესობა გვირჩევს, რომ ყოველთვიური შემოსავლის 10%-დან 20%-მდე ინვესტიციებისკენ მივმართოთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ 50/30/20 წესი:
- 50% — აუცილებელ ხარჯებზე (კომუნალურები, საკვები).
- 30% — პირად სურვილებზე (გართობა, მოგზაურობა).
- 20% — დანაზოგებსა და ინვესტიციებზე.
მთავარია არა თანხის მოცულობა, არამედ რეგულარულობა. სჯობს ყოველთვიურად $50 დააბანდოთ, ვიდრე წელიწადში ერთხელ — $600.
ეტაპი 3: განსაზღვრეთ მიზნები და დროის ჰორიზონტი
საინვესტიციო დროის ჰორიზონტი არის დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გეგმავთ თანხის დაბანდებას, სანამ ის კონკრეტული მიზნისთვის დაგჭირდებათ.
მიზნების მიხედვით, ეს დრო სამ ძირითად ნაწილად იყოფა:
- მოკლევადიანი ჰორიზონტი (1-დან 3 წლამდე): როცა თანხა უახლოეს მომავალში გჭირდებათ (მაგალითად, ავტომობილის შესაძენად ან სამოგზაუროდ).
- საშუალოვადიანი ჰორიზონტი (3-დან 7 წლამდე): როცა მიზნამდე რამდენიმე წელია დარჩენილი (მაგალითად, ბინის პირველადი შესატანის შესაგროვებლად).
- გრძელვადიანი ჰორიზონტი (7 და მეტი წელი): როცა ფულს შორეული მომავლისთვის აბანდებთ (მაგალითად, საპენსიოდ ან შვილის განათლებისთვის).
კავშირი დროის ჰორიზონტსა და რისკს შორის:
თუ თქვენი მიზანი მოკლევადიანია, უმჯობესია ფოკუსირდეთ ნაკლებრისკიან აქტივებზე. ამით თავს დაიზღვევთ, რომ ბაზრის დროებითი ვარდნის დროს, გადაუდებელი საჭიროების გამო აქციების ზარალით გაყიდვა არ მოგიწიოთ.
ხოლო გრძელვადიანი ჰორიზონტის შემთხვევაში, პირიქით — თქვენ გაქვთ საკმარისი დრო, რომ გადაიტანოთ ბაზრის მოკლევადიანი რყევები. შესაბამისად, შეგიძლიათ თამამად დააბანდოთ თანხა მეტად რისკიან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალშემოსავლიან აქტივებში, როგორებიცაა საინდექსო ფონდები (ETF) და ცალკეული კომპანიის აქციები.
ეტაპი 4: დაიცავით კაპიტალი — რა არის დივერსიფიკაცია?
მარტივად რომ ვთქვათ, დივერსიფიკაცია ნიშნავს: "არ ჩაალაგოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში".
თუ თქვენს მთელ ფულს მხოლოდ ერთი კომპანიის აქციებში დააბანდებთ და მას პრობლემები შეექმნება, თქვენი თანხაც დიდი რისკის ქვეშ დადგება. დივერსიფიკაცია არის კაპიტალის გადანაწილება სხვადასხვა კომპანიაზე, ინდუსტრიასა, თუ ქვეყანაზე. ამგვარად, თუ ერთი კომპანიის აქციების ფასი დაეცემა, სხვების წარმატება ამ დანაკარგს დააბალანსებს.
ფოტო: Shutterstock
ეტაპი 5: აირჩიეთ სწორი ინსტრუმენტი — რა არის ETF?
დივერსიფიკაციის ყველაზე მარტივი და ნაკლებ-ხარჯიანი გზა არის ETF.
საინდექსო ფონდი წარმოიდგინეთ, როგორც წინასწარ გამზადებული "აქციების კალათა". ნაცვლად იმისა, რომ სათითაოდ იყიდოთ ასობით კომპანიის აქცია (რაც დიდ ფულს და დროს მოითხოვს), თქვენ ყიდულობთ ETF-ის ერთ წილს, რომელიც უკვე მოიცავს ამ კომპანიების პატარ-პატარა ნაწილებს. მაგალითად, S&P 500-ის ETF-ის შეძენით, თქვენ ერთდროულად აბანდებთ ფულს ამერიკის 500 ყველაზე დიდ და წარმატებულ კომპანიაში.
ეტაპი 6: სწორად გადაანაწილეთ საინვესტიციო თანხა
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ გადაანაწილოთ საინვესტიციო თანხა ზრდაზე ორიენტირებულ (რისკიან) და სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) აქტივებზე. დამწყებთათვის ყველაზე ეფექტიანი ე.წ. "ბირთვისა და თანამგზავრის" (Core & Satellite) მოდელია:
- პორტფელის 70-80% (ბირთვი): მიმართეთ ფართო ბაზრის ETF-ებში. ეს უზრუნველყოფს სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას ნაკლები რისკით.
- პორტფელის 20-30% (თანამგზავრი): გამოიყენეთ იმ კონკრეტული კომპანიების აქციების საყიდლად, რომელთაც კარგად იცნობთ და მათი ზრდის პოტენციალის გჯერათ (მაგ: საყვარელი ტექნოლოგიური ბრენდები).
არსებობს კიდევ ერთი, საყოველთაოდ ცნობილი ფორმულა: "120-ს გამოკლებული თქვენი ასაკი". ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ აქციების იდეალური წილი პორტფელში.
მაგალითად, თუ ხართ 30 წლის: 120-30 = 90.
შესაბამისად, თქვენი პორტფელი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
- 90% აქციები/ETF-ები (კაპიტალის მაქსიმალური ზრდისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში).
- 10% ობლიგაციები (სტაბილურობისთვის და კრიზისის დროს დაზღვევისთვის).
ეტაპი 7: შეარჩიეთ პლატფორმა და დაიწყეთ ინვესტირება
თეორიის პრაქტიკაში გადასატანად გჭირდებათ საიმედო ბროკერი. ადგილობრივ ბაზარზე, თიბისი ბანკის საინვესტიციო პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია, განსაკუთრებით დამწყებთათვის. ის ინტეგრირებულია პირდაპირ მობილბანკში, რაც ინვესტირების დაწყების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. თიბისის პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა წილადობრივი აქციების (Fractional Shares) შეძენის ფუნქციაა. ეს ნიშნავს, რომ თუ მაგალითად კონკრეტული ETF ან აქცია 400 დოლარი ღირს, თქვენ არ გჭირდებათ სრული თანხის ქონა — შეგიძლიათ ინვესტირება თუნდაც 1 დოლარით დაიწყოთ.
ეტაპი 8: შეარჩიეთ სასურველი აქცია თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე
აქციის ან ფონდის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ისტორიულ ზრდასა და სამომავლო პერსპექტივებს. ეს პროცესი ძალიან გამარტივებულია თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე - რომელიმე აქციის ან ETF-ის გვერდზე შესვლისას, აპლიკაციიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გაეცნოთ:
- ანალიტიკოსების შეფასებებს: რას გირჩევენ უოლ-სტრიტის პროფესიონალები ამჟამად — მოცემული აქციის ყიდვას (Buy), გაყიდვას (Sell) თუ მოცდას (Hold).
- ფასის პროგნოზებს: როგორია ფასის სამომავლო მოლოდინები (პესიმისტური, საშუალო და ოპტიმისტური სცენარები).
- საინვესტიციო სიახლეებს: კომპანიასთან დაკავშირებული უახლესი და მნიშვნელოვანი ფინანსური ამბები, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
ამ ინსტრუმენტების წყალობით, თქვენ არ გჭირდებათ იყოთ ფინანსური გურუ - საკმარისია მიჰყვეთ სწორ სტრატეგიას და გამოიყენოთ უკვე არსებული, სანდო ანალიტიკური მონაცემები.
ეტაპი 9: შეარჩიეთ სასურველი აქცია თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე
როდესაც პორტფელი უკვე შექმნილია, წარმატების გასაღები დისციპლინაშია.
- გამოიყენეთ DCA მეთოდი (Dollar-Cost Averaging): შემოიღეთ წესი, რომ ყოველთვიურად, ხელფასის აღებისთანავე, ფიქსირებული თანხა (მაგალითად შემოსავლის 10-15%) ავტომატურად მიმართოთ ინვესტიციებისკენ. ნუ შეეცდებით გამოიცნოთ ბაზრის აღმასვლის ან ვარდნის პერიოდები (Market Timing) — რეგულარული ინვესტირება ყოველთვის ამარცხებს ქაოსურ მცდელობებს.
- რებალანსირება წელიწადში ერთხელ: წლის ბოლოს გადახედეთ თქვენს პორტფელს. დავუშვათ, აქციებისა და ობლიგაციების თქვენთვის სასურველი ბალანსი 90/10-ია, წლის ბოლოსთვის კი აქციების ფასმა მოიმატა და მათმა წილმა პორტფელის 95% შეადგინა. ამ შემთხვევაში უნდა გაყიდოთ აქციების ნაწილი და იყიდოთ ობლიგაციები, რათა აღადგინოთ საწყისი ბალანსი (90/10). ეს დაგეხმარებათ, რისკები ცივი გონებით მართოთ.