როდის იძენს ემბრიონი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
ფოტო: Adobe Stock
ნეირომეცნიერები ცნობიერების რთულ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ: ბუნდოვანია, თუ როგორ წარმოქმნის ტვინის აქტივობა სუბიექტურ გამოცდილებებს, იგივე ქვალიას. დღემდე უცნობია, ტვინში არსებული კონკრეტულად რომელი სტრუქტურები და პროცესები წარმოქმნის ცნობიერებას. შესაბამისად, ისიც უცნობია, ზუსტად როდის წარმოიქმნება ეს თვისება ადამიანის ემბრიონში.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სცადეს, რისთვისაც აქამდე ჩატარებული კვლევები გამოიყენეს. მათი აზრით, ცნობიერება არა მაღალი დონის შემეცნებაზე, არამედ შეგრძნების უფრო პრიმიტიულ უნარს ეფუძნება. მკვლევრების აზრით, ამ ყველაფრისთვის საჭირო ტვინის სტრუქტურები არა ქერქში, არამედ ტვინის ღეროში მდებარეობს. ეს ევოლუციური თვალსაზრისით უფრო ძველი უბანია და ყველაზე საბაზისო ფუნქციებს მართავს.
მკვლევრებმა ცნობიერების წარმოშობის ასახსნელად წინ ე.წ. ქერქქვეშა მოდელი წამოწიეს. მისი მიხედვით, შეგრძნების უნარი შეიძლება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ჩამოყალიბებამდე ჩნდებოდეს. ეს ტვინის ტვინის გარეთა ფენაა, რომელიც აღქმაში, აზროვნებასა და მეხსიერებაში მონაწილეობს.
ნაშრომის ავტორები ტვინის ღეროს ორ კომპონენტს გამოყოფენ, რომლებიც შეიძლება ცნობიერების წარმოქმნაში იყოს ჩართული.
პირველი მათგანი აღმავალი ბადისებრი აქტივაციის სისტემაა (ARAS). იგი ტვინში სიფხიზლის შეგრძნებას რთავს და ცნობიერ მდგომარეობას ინარჩუნებს. მაგალითად, კატებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ARAS-ის ტრავმას ეს ცხოველები კომამდე მიჰყავს.
ხოლო პერიაკვედუქტური რუხი ნივთიერება (PAG) ე.წ. ემოციური ვალენტობის ცნობიერებისთვისაა მნიშვნელოვანი, ე.ი. ორგანიზმი გარეგან სტიმულს დადებითად აღიქვამს თუ უარყოფითად.
ნაშრომის ავტორების აზრით, ARAS და RAG შეგრძნების დონის ცნობიერებისთვის მინიმალურ არქიტექტურას წარმოქმნის.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ადამიანის ჩანასახში ცნობიერება ორსულობის მესამე ტრიმესტრში ჩნდება, თუმცა ამის დანამდვილებით განსაზღვრა შეუძლებელია. ცხადია, ნაცვლად უეცრად გაჩენისა, ცნობიერება ეტაპობრივად წარმოიშობა.
ამ მიგნებას თან უამრავი ეთიკური დატვირთვა ახლავს. მაგალითად, თუ დაუბადებელ ბავშვს "გრძნობითი გამოცდილების აღქმა" შეუძლია, ინვაზიური პროცედურების დროს ჩანასახის ტკივილის უკეთ მართვა ერთიორად მნიშვნელოვანი ხდება.
ნაშრომის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს სფერო არასათანადოდ შესწავლილი და სპეკულაციურია. სწორედ ამიტომ მათი მიგნება არა ახალ ემპირიულ მონაცემად, არამედ უკვე არსებული კვლევებიდან გამოტანილ სავარაუდო დასკვნად უნდა აღვიქვათ. ისიც ყურადსაღებია, რომ ეს ჰიპოთეზა სტრუქტურულ და ქცევით კორელატებს ეფუძნება და არა სუბიექტური გამოცდილების პირდაპირ გაზომვას. ეს უკანასკნელი შეუძლებელია. შესაბამისად, ნაშრომში წარმოდგენილი დასკვნები "მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჰიპოთეზებია" და არა თავად მტკიცებულება.
კვლევა გამოცემაში Brain Structure and Function გამოქვეყნდა.