სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭების მიხედვით, უძველესი ადამიანები (60 000 წლის წინ) საოცრად კრეატიულები იყვნენ. როგორც ჩანს, ისინი გეომეტრიისგან ძალიან შორსაც არ იყვნენ.

ამ ნარჩენებზე გეომეტრიული მახასიათებლების კვალია. მათზე ამოკვეთილია რომბები და ბადეები.

ეს ნიმუშები, რომლებიც იტალიელმა მეცნიერებმა ახალ კვლევაში გააანალიზეს, ათასწლეულებს შორის ერთგვარ ხიდს ქმნის და გვაძლევს შესაძლებლობას, ჩავიხედოთ ჩვენი წინაპრების აზროვნებაში.

"კვლევამ გვიჩვენა, რომ მათი აზროვნება გასაოცრად სტრუქტურირებული და გეომეტრიული იყო. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც არა მხოლოდ ხაზები გაავლეს, არამედ ისინი განმეორებადი პრინციპების მიხედვით დაალაგეს — პარალელიზმები, ბადეები და წრეები", — ამბობს სილვია ფერარა, ბოლონიის უნივერსიტეტის არქეოლოგი და კვლევის მთავარი ავტორი.

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტები.

ფოტო: Archaeol

მკვლევრებმა ნიშნების სივრცითი განლაგება 112 ნიმუშზე შეისწავლეს. მათ მიაჩნიათ, რომ უძველესი ადამიანები ნაჭუჭებს წყლის შესანახად იყენებდნენ.

გრავიურების 80%-ზე მეტი თანმიმდევრული სივრცითი კანონზომიერებებითაა მდიდარი. ისინი მდიდარია პარალელიზმით და მართი კუთხეებით. უფრო რთულ ნამუშევრებში გამოსახულია შტრიხებიანი ზოლები, ბადეები და რომბის მსგავსი ფიგურები.

ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ადრეულ ადამიანებს შემოქმედებითი გონება ჰქონდათ, რომელსაც შეეძლო კოგნიტიური ოპერაციების შესრულება. მათ მარტივი ხაზებისთვის რთული მნიშვნელობების მინიჭება შეეძლოთ.

მეტიც, ეს აბსტრაქტული აზროვნების წარმოშობისთვის აუცილებელი კოგნიტიური მახასიათებელია. პირადი გამოცდილების მიღმა არსებული საგნების კონცეპტუალიზაციის უნარი, მათ შორის ისეთი რამის, რაც არ ჩანს ან, შესაძლოა, საერთოდ არ არსებობდეს, ადამიანის განმსაზღვრელი თვისებაა და სხვა ცხოველებში არ გვხვდება.

კვლევა ეფუძნება წინა დასკვნებს, რის მიხედვითაც ადამიანებს აქვთ გეომეტრიული მახასიათებლების, როგორიცაა ხაზი, წერტილი, პარალელიზმი და მართი კუთხეები, ინტუიციური შეგრძნება და რომ ეს "გეომეტრიული ინტუიციები" კაცობრიობის ფუნდამენტია.

ჩვენ არ ვიცით რა აზრს გადმოსცემს ეს ფიგურები. შეიძლება ისინი ხელოვნების ერთ-ერთი პირველი ნიმუშებიც იყოს.

"ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ 60 000 წლის წინანდელ ჰომო საპიენსს უკვე გააჩნდა ვიზუალური სივრცის აბსტრაქტული პრინციპების მიხედვით ორგანიზების უნარი", — ამბობს ვალენტინა დეჩემბრინი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კვლევის მთავარი ავტორი.

კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.