"სანამ ქოცებს ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, "დიფსთეითის გავლენის ქვეშ მოქცეულმა ტრამპმა" დაატყვევა და ამერიკის ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა და კოლეგა დიქტატორი მადურო, (ისეთივე არალეგიტიმური, როგორც თქვენი მმართველობა და ასევე მე-14 წელი ხელისუფლებაში მყოფი) რითაც დაუბრუნა თავისუფლება ვენესუელას.
აი, ასე იცის ამერიკის კანონიერი მოთხოვნების დაცინვამ და ურჩობამ, არადა თქვენც გაქვთ წაყენებული ამერიკისგან გამოგზავნილ წერილში მთავარი მოთხოვნა — პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თქვენი ორღობის დიქტატორი ჯერ Credit Suisse-ს ფულის დაბრუნების საკითხს აწვება და ტრამპს კარის ფილოსოფოსის პირით უთვლის მუქარებს.
ხოდა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის — მადურო, როგორც ირკვევა, ასე უცებ იმიტომ აღმოაჩინეს, რომ თავისიანებმა ჩააბარეს. ხოდა, ახლა გადავხედოთ ივანიშვილის "თავისიანებს". კობახიძემ და მისმა კოლეგებმა იციან, რომ ბატონი აპირებს ოჯახური დიქტატურის გაფორმებას და პრემიერად ცოტნეს დასმას, ისიც კარგად იციან თუ რა მოუვიდა მათ წინამორბედებს და ისიც, რომ ივანიშვილის ასაკში ადამიანი უკვე არ იცვლება და ერთი და იმავეს გამეორება სჩვევია.
ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ ივანიშვილი კი აძლევს ყოველთვიურ კონვერტს ორი ათასამდე საჯარო მოხელეს, მოსამართლეებს, სპეცრაზმელებს და საპატრიარქოს, მაგრამ მთავრობის წევრებს ივანიშვილის გარეშე ბევრად მეტი ფულის გაკეთება შეეძლებათ და არც ყოველდღიურ შიშში მოუხდებათ ცხოვრება. ხოლო ინსტიტუციურად პოლიციაც, სუსიც, სპეცრაზმიც და პრინციპში პროკურატურაც კობახიძის და მისი ჯგუფის ხელშია და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ივანიშვილის სახით, მომეტებული საფრთხის წყაროს განეიტრალება და მოშორება. თან ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ბრიყვულად სჯერა, რომ მისი საყვარელი პატრონი ძალიან მალე უკან უხმობს, მათ სენტიმენტები არ აწუხებთ. თანაც თუ ადრე ივანიშვილისთვის მთავრობა ხალხის ბრაზის მეხამრიდი იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა, კობახიძე არ უყვართ, მაგრამ ივანიშვილი უფრო ეზიზღებათ და მას სარეზერვო კადრებიც აღარ დარჩა ცოტნეს გარდა.
ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ივანიშვილმა შექმნა თავისი არსით რუსული რეჟიმი, რომელიც იჭერს როგორც რუსები, "კანონებს" წერს როგორც რუსეთში, მთელ ცივილიზებულ სამყაროს გადაეკიდა როგორც ეს მოსკოვიდან მოსთხოვეს. აგერ კრემლის დაუძინებელი მტერიც მე-5 წელია ვყავარ ტყვეობაში და მაინც ჰოი საოცრებაც და კრემლი არ მალავს ივანიშვილით უკმაყოფილებას.პუტინი თვლის, რომ მას შემდეგ რაც 2012 წელს ბორიას 2 მილიარდი მიაშავა არჩევნებზე, პროპაგანდისტულად მუდმივ დახმარებას უწევს, ჯერ ჩემს გარემოცვაში აგენტი ჩანერგა და შემდეგ ივანიშვილს მიაწოდა ჩემი საქართველოში ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, ივანიშვილმა მაინც გადააგდო და არ შეასრულა მთავარი დაპირება — აფხაზეთის და ოსეთის აღიარება, რაც გააფორმებდა პუტინის 2008 წელს გამარჯვებად.
ივანიშვილმა რაღაც "ტელედვიჟენია" კი გააკეთა, წულუკიანის კომისიის სახით, ოსებთან ბოდიშის მოხდის დაანონსებით, მაგრამ იცის რომ ტერიტორიების აღიარება ბოლო წვეთი იქნება ქართველი ხალხის მოთმინების ფიალაში და ამიტომ ვერ ბედავს. უფრო მეტიც მას შემდეგ რაც რუსებს დაუნიშნა ძალოვნები ფარცხალაძის, ლილუაშვილის და გახარიას სახით, ახლა პირველადაა, რომ არცერთი ძალოვანი მოსკოვს არ შეუთანხმა, იმ შიშით რომ მოსკოვმა თუ ის ძალიან გაუბრაზდა თავის კრეატურას ბორიას სახით, ისინი არ გამოიყენონ ივანიშვილის ასაყირავებლად.
სწორედ ამიტომაა, რომ რუსები სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას არსებული სტატუს-კვოთი იმიტომ, რომ მათ საქართველო ივანიშვილისთვის კი არ უჩუქნიათ, არამედ არა 80%-ით როგორც ახლა, არამედ 100%-ით თავის მფლობელობაში სურთ. ასე რომ არც ის არის გამორიცხული, რომ "ეფესბემ" ამჯერად კობახიძის ჯგუფი წაახალისოს ივანიშვილის გასაწევად, საქართველოს უფრო მყარად ჩაბარების გარანტიების სანაცვლოდ.
ივანიშვილი ყველაფერს იმსახურებს რუსეთთან შეკვრისთვის და ქართული სახელმწიფოს დანგრევისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის საბოლოო ფორმალურ დაკარგვას არ იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელიც არ ნებდება და იბრძვის.და იმის შესახებ, თუ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ, დავწერ შემდეგ დღეებში".
კომენტარები