საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. კოლეგებს შორის შეხვედრა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ შუშაში გაიმართა.

როგორც თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მზაობაზე, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში ქვეყნების სტრატეგიულ როლზე.

"ირაკლი ჩიქოვანმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ორმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გეგმის განხორციელების დეტალები განიხილეს. აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სწავლებებში ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა. მხარეებმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატით ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების, ექსპერტთა შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს", — იტყობინება თავდაცვის უწყება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი, ასევე შეხვდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს. ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

"ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა აღნიშნეს. ასევე, ხაზი გაესვა ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, შავი ზღვის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრნენ", — აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრები სამმხრივ ფორმატშიც გამართეს. მინისტრების საუბრის
ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. მხარეებმა, ამ ფონზე, ქვეყნებს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს.