რამდენად ერთგული არსებაა ადამიანი? — მეცნიერებმა ცხოველების მონოგამიურობა შეაფასეს
ფოტო: Natalia Deriabina/Shutterstock.com
კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერის მარკ დაიბლის ახალი კვლევის მიხედვით, ჰომო საპიენსი ერთგულების თვალსაზრისით 35 ძუძუმწოვარს შორის მეშვიდე ადგილზეა. ეს შედეგი ნიშნავს, რომ ადამიანი არც მკაცრად მონოგამიურია და არც სრულად პრომისკუიტეტული. მკვლევრები ჩვენს სახეობას ამ სპექტრის შუალედში აყენებენ.
დაიბლი აღნიშნავს, რომ ძუძუმწოვრების აბსოლუტური უმრავლესობა რეპროდუქციისას ბევრად ნაკლებ ერთგულებას ავლენს. მონოგამიური სახეობების უმეტესობისთვის ან პატარა ოჯახური ერთეულებია დამახასიათებელი ან ისეთი სოციალური სტრუქტურები, რომლებშიც მხოლოდ ერთი მდედრი მრავლდება. ადამიანები კი შედარებით სტაბილურ სოციალურ ჯგუფებში ვცხოვრობთ, სადაც შთამომავლობა მრავალ პარტნიორს შეიძლება ჰყავდეს.
ეს კვლევა მონოგამიას განსხვავებული მეთოდებით აფასებს. ქცევითი ან კულტურული ნორმების შედარების ნაცვლად, მკვლევარმა ყურადღება შთამომავლობის სტრუქტურაზე გაამახვილა. მან სხვადასხვა პოპულაციაში დედმამიშვილებისა და ნახევარ და-ძმების თანაფარდობა შეაფასა.
კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ მონოგამიიდან მცირე გადახრებიც კი ნახევარ და-ძმების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის. ამ მეთოდით მიღებულმა შედეგებმა ადამიანებში მონოგამიის დონის შეფასება სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში გახადა შესაძლებელი.
ამის მიუხედავად, მონოგამია მხოლოდ ბიოლოგიური საკითხი არ არის. მასზე კულტურა და სოციალური ნორმებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
"როგორც კი რელიგიები ძალას კარგავს სერიული მონოგამია, ანუ პოლიგამია მაშინვე თავს იჩენს", — აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის პროფესორი რობინ დანბარი.
მისი აზრით, ადამიანები მონოგამიური და პოლიგამიური ურთიერთობების ზღვარზე ცხოვრობენ — ჩვენ პოლიგამიისკენ მიდრეკილები ვართ, მაგრამ სოციალური და რელიგიური შეზღუდვები მონოგამიისკენ გვიბიძგებს.
ამ ხედვას ისტორიული მონაცემებიც უჭერს მხარს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, წინარეინდუსტრიული საზოგადოებების დაახლოებით 85% მრავალცოლიანობას უშვებდა. ეს ნიშნავს, რომ მრავალ პარტნიორული ურთიერთობები ადამიანის სოციალური ევოლუციის ფართოდ გავრცელებული ნაწილი იყო.
დაიბლის კვლევის მიხედვით, მონოგამია ადამიანისთვის "ნაგულისხმევი" მდგომარეობა არ არის. 103 შესწავლილი პოპულაციიდან ყველა დედმამიშვილს საერთო მშობლები მხოლოდ ოთხ მათგანში ჰყავდა, ხოლო მონოგამიის დონე საშუალოდ 88% იყო. ეს მაჩვენებელი ადამიანებში მონოგამიას უსვამს ხაზს, მაგრამ მას სრულად ერთგულ სახეობად მაინც არ წარმოაჩენს.
შედარებისთვის, ჩვენს უახლოეს ნათესავებში — შიმპანზეებსა და გორილებში — დედმამიშვილების წილი 5%-საც კი არ აღემატება. ეს მიუთითებს, რომ ადამიანის ევოლუციაში მონოგამიას მნიშვნელოვანი ადაპტაციური როლი ჰქონდა, განსაკუთრებით შთამომავლობის დაცვასა და რესურსების განაწილებაში.
კვლევა მხოლოდ რეპროდუქციულ მონოგამიას ზომავს და არა სექსუალურ აქტივობებს. ამის მიუხედავად, ავტორი ასკვნის, რომ მონოგამია ადამიანის სახეობაში დომინანტური მოდელია, მაგრამ არა ერთადერთი.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები