ივან ურგანტი შეუჩერებელი რუსი მეგავარსკვლავი იყო. შემდეგ კი ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრას დაუპირისპირდა.

ერთი შავი კვადრატი ინსტაგრამზე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ივან ურგანტი, რუსეთის გვიანღამის კომედიის ფლაგმანი, რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამქრალიყო.

ეს კვადრატი, რომლითაც ის მოსკოვის უკრაინაში შეჭრას დაუპირისპირდა, გახდა მიზეზი, რომ ურგანტი პოპულარული საახალწლო ფილმების სერიის მსახიობთა შემადგენლობიდან წაეშალათ, რომლის მთავარი სახეც რვა წლის განმავლობაში იყო. ის ახალი წლის ღამეს აღარ გამოჩნდა რუსულ ტელევიზიაში. ხოლო ათწლიანი ეთერის შემდეგ, მისი პოპულარული გვიანღამის შოუ სახელმწიფო პირველ არხზე გაუქმდა.

ომის წინააღმდეგი სხვა არტისტებისგან განსხვავებით, ურგანტი რუსეთში დარჩა. შედეგად კი მან მიიღო უხერხული "შუალედური" ცხოვრება: ის ისევ მუშაობს, მაგრამ ყურადღების ცენტრიდან გამქრალია; ისევ ხუმრობს, მაგრამ შიშის გამო შეზღუდულია.

კრემლის არაფორმალური აკრძალვა ოდესღაც ყველგანმყოფ მეგავარსკვლავს აშორებს ტელევიზიას, კინოსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ახლა იგი რუსეთში ფულს შოულობს მდიდრების ძვირადღირებულ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე თამადად მუშაობით, ამბობენ მასთან დაახლოებული ადამიანები. ის ასევე უძღვება კორპორატიულ ღონისძიებებს. ზოგჯერ კი კერძო წვეულებებზე გიტარით მღერის.

რუსეთის გარეთ, სადაც სცენაზე გამოსვლა კვლავ თავისუფლად შეუძლია, ურგანტი თავს არიდებს ომის პირდაპირ ხსენებას და მხოლოდ ირიბ მინიშნებებს აკეთებს, შიშობს, რომ კრემლის მხრიდან შურისძიება კიდევ უფრო გამწვავდება და მისი ცხოვრება და კარიერა საბოლოოდ დაინგრევა.

"ერთ დროს არსებობდა ტელეწამყვანი, მდიდარი და ყველასთვის ცნობილი", — იმღერა 47 წლის ურგანტმა ბერლინში გამართულ ბოლო გამოსვლაზე — "მაგრამ ერთ დღეს ის ინტერნეტში შევიდა და პატარა შავი კვადრატი დაპოსტა".

ურგანტის დაცემა ზენიტიდან "გალიაში გამომწყვდეულ" არსებობამდე ნათლად აჩვენებს, როგორ გადააწყო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის კულტურული ლანდშაფტი, ზოგჯერ პირადადაც. არაფორმალური შავი სიები, კულისებში გამოთქმული მუქარები და მაკარტისტული ცილისმწამებლური კამპანიები არტისტებს მუდმივ შიშში ამყოფებს და აიძულებს, ომთან მიმართებით კრემლის ხაზს მიჰყვნენ.

ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს იცნობენ, ამბობენ, რომ არაერთმა ცნობილმა რუსმა უშუალოდ პუტინს მიმართა ურგანტის "რეაბილიტაციის" თხოვნით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტის დასაბრუნებლად. თუმცა, მათი თქმით, რუსეთის ლიდერი ასეთ თხოვნებზე მკაცრად რეაგირებდა.

ზოგჯერ, ამბობენ წყაროები, პუტინი ურგანტის სავარაუდო ანტისამთავრობო პოზიციაზე ცრუ ინფორმაციასაც იმოწმებდა, მონაცემებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, სპეცსამსახურების მიერ მომზადებული დოსიეებიდან მოხვდა მასთან.

ასობით ცნობილმა არტისტმა, ბიზნესმენმა და სახელმწიფო მოხელემ ომზე დუმილი აირჩია, რათა რუსეთში კარიერა და სიცოცხლე შეენარჩუნებინა, ქვეყანაში, სადაც არმიის კრიტიკა აკრძალულია, ხოლო ომთან დაკავშირებული შეშფოთების საჯაროდ გამოხატვა, ღალატად ითვლება.

ერთ დროს არსებობდა ტელეწამყვანი, მდიდარი და ყველასთვის ცნობილი, მაგრამ ერთ დღეს ის ინტერნეტში შევიდა და პატარა შავი კვადრატი დაპოსტა

ივან ურგანტმა The New York Times-ის კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. თუმცა მან არაერთხელ მიანიშნა, რომ რუსეთში კარიერის დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს. 2023 წელს, მოსკოვში ფილმის პრემიერაზე, კითხვაზე, დაბრუნდებოდა თუ არა ოდესმე რუსულ ტელევიზიაში — მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, დავბრუნდები".

ამ ყველაფრის პარალელურად, მას პოზიცია არ შეუცვლია. ზოგი რუსი მსახიობი და მუსიკოსი 2022 წელს დადებულ ანტისაომარ პოსტებს შლის, რათა მუშაობა შეძლოს. სხვებმა "არალოიალობის" გამოსასყიდად უკრაინის რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებიც კი მოინახულეს. ურგანტის თავდაპირველი ინსტაგრამ პოსტი კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომია.

მეგობრების თქმით, ეთერში დაბრუნების იმედით, ურგანტს არ სურს პროვოცირება გაუკეთოს ომის მხარდამჭერ რუსებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოდიან. ამავე დროს, მას სურს საკუთარ რწმენას ერთგული დარჩეს და შეინარჩუნოს რუსეთის ლიბერალი შემოქმედების მხარდაჭერა, იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში მის შოუში ხელოვნებას აცოცხლებდნენ და დღეს ბევრი მათგანი ემიგრაციაშია.

"საშინელებაა, რაც ჩემს მეგობარს ემართება — ადამიანს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია", თქვა რუსმა კომიკოსმა სერგეი სვეტლაკოვმა გასულ წელს YouTube-ინტერვიუში, მას ურგანტთან ერთად ბევრჯერ უმუშავია.

სვეტლაკოვმა გააკრიტიკა ისინი, ვინც ფაქტების ცოდნის გარეშე დემონიზებას უწევს არტისტს: "ეს უბრალოდ რაღაც ავადმყოფობაა", — თქვა მან — "თოვლი, რომელიც ნელ-ნელა ბინძურ შავ ფერად იქცევა".

კომედია და ძალაუფლება

1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსული ტელევიზია მოკლე ხნით თავისუფალი და კერძო კონტროლის ქვეშ იყო, ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მძიმე პერიოდს დაუნდობელი პოლიტიკური სატირით უპასუხა. ყოველკვირეული გადაცემა "თოჯინები" პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს გიგანტური ფიგურების მეშვეობით დასცინოდა.

2000 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პუტინმა ეტაპობრივად დაიქვემდებარა ტელეარხები, განსაკუთრებით მძაფრი ხუმრობები არ სიამოვნებდა. მიიჩნევა, რომ ის განსაკუთრებულად გააღიზიანა "თოჯინების" ეპიზოდმა, სადაც მისი პოლიტიკური აღმავლობა გერმანულ ზღაპრად იყო გადმოცემული ბოროტი, დამახინჯებული ბიჭის შესახებ. (ტელეარხის მფლობელი მოგვიანებით ემიგრაციაში წავიდა.)

როცა მსუბუქი პოლიტიკური იუმორი კვლავ გამოჩნდა ეთერში, ივან ურგანტმა, ცნობილი საბჭოთა მსახიობების ოჯახის შთამომავალმა, თავისი იმპროვიზაციით, მომხიბვლელობითა და მუსიკალური ნიჭით, რუსულ შოუბიზნესში მალევე წაიწია წინ.

2012 წელს პირველმა არხმა ის აირჩია გვიანღამის შოუს, "საღამო ურგანტთან ერთად", წამყვანად, ეს იყო ამერიკული გვიანი-ღამის ფორმატის რუსულ ტელევიზიაში გადმოტანის ამბიციური მცდელობა. შოუს დაწყებამდე ურგანტი ნიუ-იორკში გაემგზავრა, გამოცდილების მისაღებად, და მოკლე დროით შეხვდა ჯონ სტიუარტსაც.

შოუ უზარმაზარ წარმატებად იქცა. მაყურებელი გაოცებული იყო სტუმრებს შორის ჰოლივუდის ვარსკვლავების სიით: რობერტ დე ნირო, პირს ბროსნანი, მილა კუნისი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯეკი ჩანი, სტივენ კოლბერი.

ურგანტმა იცოდა, რომ პუტინს ისე ვერ დასცინებდა, როგორც Saturday Night Live ამერიკელ პოლიტიკოსებს. თუმცა მაყურებლისთვის მთავარი იყო შეგრძნება, რომ ის სხვებზე "ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას" მაინც ახერხებდა.

ის არასოდეს დასცინოდა კრემლს პირდაპირ, მაგრამ ხუმრობდა ბელარუსის ლიდერზე ალექსანდრ ლუკაშენკოზე, სახელმწიფო პროპაგანდისტებზე და ნაციონალისტ პოლიტიკოს ვლადიმირ ჟირინოვსკიზე. მან ირიბად ახსენა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებაც 2021 წელს. თუმცა ეს სივრცე მალე გაქრა.

შავი კვადრატი

2022 წლის დასაწყისში, როცა რუსული ჯარები უკრაინის საზღვართან იკრიბებოდა, ურგანტი ეკრანზე აშკარად შეშფოთებული ჩანდა. მონოლოგში მან იხუმრა, ომი "700 წლით გადაედოთ". სტუდია ტაშით აფეთქდა.

შეჭრის დღეს მან ინსტაგრამზე შავი კვადრატი გამოაქვეყნა.
"შიში და ტკივილი", — დაწერა მან — "არა ომს!"

შოუ მალევე დახურეს. ოფიციალურად მიზეზად "მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები" დასახელდა. სინამდვილეში კი თამაშის წესები შეიცვალა, ომის საწინააღმდეგო პოზიცია აღარ დაიშვებოდა.

მომდევნო თვეში ტელეგრამზე გამოჩნდა ანგარიში სახელწოდებით "Evening Urgant. Ivan Urgant", რომელმაც ანტისაომარ ჟესტად დამწვარი რუსული ჯავშანტრანსპორტიორის ვიდეო გამოაქვეყნა. ურგანტმა პოსტი მაშინვე არ უარყო, რამაც ომისადმი უკიდურესად ლოიალური რუსების მხრიდან თავდასხმების ტალღა გამოიწვია.

თითქმის ორი თვის შემდეგ არტისტმა ტელეგრამზე დაწერა, რომ არაფერი გამოუქვეყნებია. თუმცა მხოლოდ მომდევნო წლის ბოლოს თქვა ურგანტმა პირდაპირ, რომ არ იცოდა, ვინ შექმნა ეს ვიდეო და რა მიზნით, და დაამატა, რომ ტელეკომპანია ყალბი ანგარიშის წაშლას ცდილობდა.

"მაგრამ თუ ხვალ, მაგალითად, განაცხადებენ, რომ ღამით ბავშვების სისხლს ვსვამ, მინდა ეს წინასწარ უარვყო", — დაამატა მან.

ომის მხარდამჭერი პოლიტიკოსისა და მწერლის, ზახარ პრილეპინის თქმით, რეალური პრობლემა ის იყო, რომ ურგანტის შოუ წლების განმავლობაში პროდასავლურად განწყობილი კრიტიკული რუსებისთვის ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენდა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2014 წელს კრემლის მიერ ყირიმის ანექსიასა და უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრას ეწინააღმდეგებოდნენ. პრილეპინმა, ულტრანაციონალისტმა, რომელიც რუსული კულტურული "წმენდის" იდეას ქადაგებს, ურგანტი დაადანაშაულა იმაში, რომ მისი შოუ იმ ტიპის რუსებს "ზრდიდა", რომლებიც პუტინის მობილიზაციას გაურბოდნენ.

ეს კრიტიკა პირდაპირ შეეხო ურგანტის წინააღმდეგ დაწყებული საჯარო პრო-ომური თავდასხმის კამპანიის არსს: სახელმწიფო კონტროლირებადი მთავარი არხის სახემ კრემლის მხარდაჭერაზე უარი თქვა მაშინ, როცა ომის დრო დადგა.

"მათ მოღალატეებზე განსაკუთრებული რეაქცია აქვთ, იმ ადამიანებზე, ვისაც საკუთარებად მიიჩნევდნენ", — ამბობს ემიგრაციაში მყოფი რუსი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი — "ურგანტი პირველ არხზე საახალწლო შოუს უძღვებოდა, ეს წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. მათი წარმოდგენით, ასეთ ადამიანს შავი კვადრატის დადების უფლება უბრალოდ არ აქვს."

"უბრალოდ ცხოვრება"

ამ ეტაპზე შედეგი ის არის, რომ ივან ურგანტს რუსეთში გარიყულის სტატუსი აქვს.

მაგალითად, 2023 წელს, მას შემდეგ რაც გავრცელდა ფოტოები, სადაც ის მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სტუდენტებს ლექციას უტარებდა, ის დეკანი, რომელმაც ურგანტი სასაუბროდ მიიწვია, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 2024 წელს, ურგანტი აუტიზმის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად სანქტ-პეტერბურგში მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლას დათანხმდა, თუმცა მალევე ამოიღეს პროგრამიდან.

ამავე დროს, სახელმწიფო კონტროლირებად არხ TNT-ზე დაიწყო ყოველკვირეული გვიანღამის შოუ, რომელსაც ომისადმი ლოიალური კომიკოსი პაველ ვოლია უძღვება. ურგანტის მრავალწლიანი თანაწამყვანი დმიტრი ხრუსტალიოვი ომს ღიად მიემხრო. ხრუსტალიოვი, რომელიც დღემდე რეგულარულად ჩნდება პირველ არხზე, ერთხელ ტანკშიც კი იჯდა უკრაინის რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან ჩამოყვანილ ბავშვებთან ერთად და მათ "რუსეთის მტრებისთვის" სროლას ასწავლიდა.

ურგანტმა თავისი ოდესღაც პოპულარული შოუს ცოცხალი ვერსია საზღვარგარეთ ტურნედ აქცია. გასულ თვეში, ბერლინში სცენაზე, მან თავისი დამახასიათებელი იუმორი შეინარჩუნა, რამდენიმე ირონიული მინიშნება გააკეთა ხრუსტალიოვზე და დარბაზში "ჯაშუშების" არსებობაზეც იხუმრა. თუმცა შოუ უსაფრთხო თემებით შემოიფარგლა: გერმანული სოსისები, ლუდი, და მის განცდილი დანაკარგის შეგრძნება აშკარად იგრძნობოდა.

დასასრულს, ურგანტმა ნაზად შეასრულა დედის საყვარელი სიმღერა "ჩემო ძვირფასო" (My Darling).

ეს ბალადა, რომელიც ღალატზეა, აჩვენებს, რომ "არის რაღაცები, რაც შეიძლება შეიცვალოს, და არის რაღაცები, რაც ვერ შეიცვლება", — თქვა მან — "არ არის საჭირო ამის გამო დარდი, ეს უბრალოდ ცხოვრებაა. უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის, რადგან მეორე არ გვექნება."