ფრაზა "აუტისტური სპექტრი" ყოველდღიური სასაუბრო ენის ნაწილი გახდა, რომელსაც ნეიროდივერგენციის გამოსახატად ვიყენებთ. ეს ტერმინი 1980-იან წლებში ფსიქიატრმა ლორნა უინგმა შემოიღო. მან დიდ ბრიტანეთში აუტიზმის გაგება სრულიად შეცვალა. მისი ნაშრომებით დადასტურდა, რომ აუტიზმი ვიწრო და იშვიათი მდგომარეობა არ არის და მას ბევრი განსხვავებული სახე აქვს.

თავდაპირველად სიტყვა "სპექტრს" სწორედ ამ განსხვავებების გამოსახატად იყენებდნენ. ამის მიუხედავად, დღეს ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ერთიანი სპექტრის იდეამ, რომელიც მსუბუქიდან მძიმემდე შემთხვევებს ახასიათებს, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს.

ფოტო: Eva Pruchova/Shutterstock

როდესაც ადამიანებს სიტყვა "სპექტრი" ესმით ისინი უმეტესად სწორ ხაზს წარმოიდგენენ, რომელზეც ფერები წითლიდან იისფრამდეა აღნიშნული და ერთი ცნების ორ განსხვავებულ პოლუსს აჩვენებს. ამ მეთოდით აუტისტური ადამიანების რანჟირებამ შეიძლება მათი "უფრო აუტისტიდან ნაკლებად აუტისტამდე" დაყოფამდე მიგვიყვანოს, მაგრამ აუტიზმი ასე არ მუშაობს.

აუტიზმი მრავალი განსხვავებული თვისებისა და საჭიროებისგან შედგება, რომლებიც უნიკალური კომბინაციებით ვლინდება. აუტიზმის მქონე ზოგიერთი ადამიანი რუტინაზეა ძლიერ დამოკიდებული, ზოგი კი თავს კომფორტულად განმეორებადი მოძრაობებისას გრძნობს. იმის გამო, რომ აუტიზმი ამ და სხვა მრავალი განსხვავებული ელემენტისგან შედგება, შეუძლებელია ერთი ისეთი ხაზის არსებობა, რომელზეც აუტიზმის მქონე ყველა ადამიანი განთავსდება.

ამის მიუხედავად, საზღვრების გავლების მცდელობები კვლავ გრძელდება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო აუტიზმს სამ დონედ ყოფს. ამ დონეების მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მხარდაჭერის საჭიროებაა, მაგრამ არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც ეს დონეები ბუნდოვანია და ისინი არათანმიმდევრულად გამოიყენება.

ადამიანის საჭიროებები ასევე შეიძლება ცხოვრებისეულმა გარემოებებმაც შეცვალოს. აუტიზმის მქონე ადამიანმა, რომელიც სიტუაციას კარგად უმკლავდება შეიძლება ე.წ. გამოფიტვა განიცადოს და დამატებითი საჭიროებები გაუჩნდეს.

ასე რომ მდგომარეობის დონეებად დაყოფა არც ისე ხელსაყრელია. მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა უფრო ზუსტი ტერმინისა და დიფერენცირების მეთოდის შემოღება. ახლახან ექსპერტთა საერთაშორისო გუნდმა ტერმინ "ღრმა აუტიზმის" შემოღება სცადა იმ ადამიანების მდგომარეობის დასახასიათებლად, რომლებსაც სწავლის უნარი დარღვეული აქვთ ან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამის მიუხედავად, სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ფრაზა უსარგებლოა, რადგან იგი ადამიანის კონკრეტული გამოწვევის ან საჭირო მხარდაჭერის შესახებ არაფერს გვეუბნება.

ამ თემის გარშემო დებატები საზოგადოების შფოთვითაა გამოწვეული. ბევრ ადამიანს ეშინია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანების კატეგორიებად დაყოფამ ან სპექტრზე განთავსებამ შეიძლება დისკრიმინაცია და საზოგადოებიდან მათი გარიყვა გამოიწვიოს. შესაძლოა ეს შეხედულება გაზვიადებად მოგვეჩვენოს, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია, მაგალითად აშშ-ში, ბევრ აქტივისტსა და აუტიზმის მქონე ადამიანს ძლიერ აღელვებს.

ფოტო: goodmoments/iStock

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ "ქვეყანაში [აუტიზმის] ეპიდემიის დაძლევას" აპირებდა. ჯერჯერობით მისი განცხადებები მხოლოდ ფართოდ უარყოფილ მტკიცებებს მოიცავდა. მისი თქმით, ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენება ბავშვებში აუტიზმის განვითარებასთანაა დაკავშირებული და იგი ორსულებს ამ ტკივილგამაყუჩებლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

ხშირად ადამიანები ტერმინ "აუტიზმის სპექტრს" კეთილი განზრახვით, კორექტულობის დასაცავად იყენებენ. ამის მიუხედავად, ამ ფრაზის საფუძველი აუტიზმის როგორც უარყოფითი ცნების იდეაა. ბევრი ზრდასრული უპირატესობას პირდაპირ სიტყვების "აუტიზმისა" და "აუტისტურის" გამოყენებას ანიჭებს.

ენა ყველა ნიუანსს ვერასდროს აღწერს, მაგრამ სიტყვები ქცევებს აყალიბებს, ამიტომ საჭიროა ისინი ზუსტად შევარჩიოთ. ერთიანი სპექტრის იდეისგან თავის დაღწევა შეიძლება აუტიზმის მრავალფეროვნების აღიარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.