ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

10 Oct. 2025, 10:55

სინდისი მართლა მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ჩემს საწოლში, ვმუშაობდი ამ ჩემს არავისთვის საჭირო ტექსტებთან, საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული. ვმეგობრობდი ჩემს არაჩვეულებრივ შვილებთან, იმ პირობებში, როცა მათი ასაკის და მათზე უმცროსი ახალგაზრდები თქვენმა თანამშრომლებმა, ერთ, ასაკოვან, ფულით და ძალაუფლებით შერყეულ, მტრის სამსახურში ღიად და გაცხადებულად ჩამდგარ ადამიანს მსხვერპლად მიუყვანეს.

ამას ვუყურებდი და მაწუხებდა, არა იმიტომ, რომ ვინმეზე მეტი ვარ, საერთოდ ამ მხარეს ვინც ვართ, ჩვენ პირადისთვის ხომ არ ვიბრძვით, რა მეტყობა პირადისთვის მებრძოლის, მაგრამ არც საამაყოდ ვთვლი ამ ჩემს მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოდ და არც დანაშაულად, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ.

…მზია ამაღლობელი — ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული, ღირსეული, მებრძოლი, პრინციპული ადამიანი, რომელიც მართლა ბევრმა არ იცოდა და მეც შემთხვევით ვიცოდი. ვაფასებდი "ბათუმელებს" და არ ვიცოდი ქალბატონი მზიას შესახებ არაფერი. ეს ადამიანი შეურაცხყვეს, დაამცირეს, ამის მერე მან გამწარებულმა, ღირსებაშელახულმა სილა გააწნა მოძალადეს. იმ დღიდან ჩვენ ვუყურებთ ამ ქალის რიტუალურ მკვლელობას. თქვენი სამსახურების და თანამშრომლების დამსახურებით. რა თქმა უნდა წყარო ამ ყველაფრის, ერთი კაცია. ერთი ოჯახი.

შემდეგ — ნინო დათაშვილი: არაპირდაპირ, მაგრამ კოლეგა, რადგან ქართულ ენას და ლიტერატურას ემსახურებოდა. არაჩვეულებრივი ადამიანი და მართლაც კოლეგა, რადგან ჩვენ ერთ პროექტში ვმუშაობდით, სანამ მას დაიჭერდნენ და შემდეგ მეც. ამ შენობაში, აი ამ ბიჭების კოლეგებმა, ან თავად მათ, არ ვიცი, ვერ ვცნობ, მუჯლუგუნებით ათრიეს, დაამცირეს, და როცა ის გამოვიდა მდგომარეობიდან, და სილა გააწნა (თან ის მთლად სილაც არ იყო), დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით, თქვენმა კოლეგებმა ფსიქიატრიულში გადაყვანა მოითხოვეს და დაუდასტურეს.

21-ე საუკუნეა. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, სახელების დონეზე ვიცით ჯალათები. არც დამწერლობა იყო, არც წერა კითხვა იცოდა ხალხმა, მედიაც ხომ არ არსებობდა და შემორჩა სახელები.

შეიძლება ვინმეს დიდი უბედურებაც შერჩეს, მაგრამ აი, ამ ქალის იქ წაყვანა არ ვიცი რაში ჯდება. ესეც იყო იმპულსი.

ქვემოთ რომ ვიყავი, რამდენიმე საათი, მოსაცდელ საკანში თუ რაც ჰქვია, ვოლიერი უფრო, გამახსენდა — ალბათ მაქსიმუმ ორი თვით ადრე, ვიდრე ეს ჩემი ამბავი მოხდებოდა, გაზეთმა "ბათუმელებმა" მთხოვა წერილის დაწერა მზიას შესახებ. ჩვეულებრივი ამბავი, კალამთან დაკავშირებული ადამიანი ვარ და მთხოვეს.

დავწერე. შემდეგ აივანზე გავედი და ვიყავი კმაყოფილი და ბედნიერი, რომ დავწერე, მოვასწარი ვადებში, არ გავუმტყუნე იმედი. ჩემი სამივე კატა გამოვიდა, მომეტმასნა, გაზაფხულის კარგი ამინდი იყო, გავაბოლე თვითკმაყოფილმა — სინამდვილეში მწერლებს მაგრად გვიჭირს წერა. ძალიან.

მერე უეცრად ვიგრძენი დიდი სირცხვილი, რომ აი, დავჯექი ამხელა კაცი, უბრალოდ დავწერე, მერე გმირულად რუსთაველზე გავალ და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ჯარიმას ავირტყამ!

…მე მესმის ბატონო პროკურორო, რომ არაფერი დაგიტოვეთ საქმეში, სამუშაო, პროფესიული ინტერესი მაინც რომ დაგეკმაყოფილებინათ. მაგრამ არ ადვოკატებს დავუტოვე ხომ? არც ვამტკიცებ, რომ რამე სხვანაირად იყო, და მესმის, რომ ტექსტუალურად რაღაცნაირად უნდა გაგემძაფრებინათ, თორემ ტკივილზე, მაგალითად, მე არაფერს ვიტყოდი — აი, ამ ლოყის ალმურზე და ღაწვის სიწითლეზე. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს და თუნდაც იმ ადამიანობამდე ვერ განვითარებულ დგებუაძეს, არ სიამოვნებს ეს მოცემულობა, რაშიც ამყოფებთ.

მე არ ვიცი, შეიძლება მართლა ეტკინა, ეს ინდივიდუალური გრძნობაა, მაგრამ ტკივილის მიყენება რომ მნდობოდა, სხვანაირად მივაყენებდი, დამცირებაც რომ მნდობოდა, მე მგონი ჭიტლაყი უფრო დამამცირებელი იქნებოდა ჩინმენდლებიანი ადამიანისთვის, ეს იყო სიმბოლური კადრი და კადრში გავაკეთე. მაგრამ, დავუშვათ, ეტკინა. მე ვისურვებდი, სამომავლოდ, რომ ვოცნებობ ისეთ ქვეყანაში, პოლიციაში, სამსახურში, რომელიც არის ხიფათებით აღსავსე, უფრო მედეგ ადამიანებს.

ან ჩემი, მამაკაცის სილა რა სალაპარაკოა, აი, ქალის სილა მტერს მოხვდა.

მე მართლა მრცხვენია, პირადად ჩემს სირცხვილად ვთვლიდი, რომ ქართულმა პოლიციამ კი არადა, ივანიშვილმა და აი, ამ ხროვამ, მსოფლიო მოწყვლადობის, არ ვიცი, ისტორიასა და მითოლოგიაში ახალი პარადიგმა შემოაგორა, ახალი აქილევსის ქუსლი — ქართველი პოლიციელის ლოყა. რა უბედურებაა ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს როგორ უნდა ავიტანოთ.

…რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ (არ არის ეს პოეტიზირებული, თავგანწირული რაღაც სისულელე), ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქია, სანატრელიც კი, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც ან საქმით ემსახურებიან, ან თუნდაც დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას.

ეს არის რაც უნდა მეთქვა, და როგორც უკვე გთხოვეთ — მშვიდად, წყნარად. მე მაგრად ვარ, ჯერჯერობით წერაც გამომდის, ავად თუ კარგად, ალბათ უფრო ავად, მაგრამ ამის იმედსაც არ ვკარგავ. მადლობა”.

განაცხადა პოეტმა ზვიად რატიანმა სასამართლოს დასკვნით სიტყვაში. 9 ოქტომბერს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ რატიანს ბრალდება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს (ტექსტს "პუბლიკა" ავრცელებს).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვინ აფინანსებდა "ტელეიმედს", "რუსთავი 2"-ს, "პოსტვ"-ის, "ტვ პირველს" და "ფორმულას" III კვარტალში?
  2. ირაკლი კობახიძე: ქვეყანა თავზე რომ დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ამ დონეზე დეტალებზე მიდიოდა საუბარი
  3. ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს — მას ტერორიზმს ედავებიან
  4. აზერბაიჯანული მედია: საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების გაჩერების მიზეზი შესაძლოა "ზანზეგურის დერეფანია"
  5. საგურამოში ბიზნესმენ გელა ბარკალაიას აგარაკი გაძარცვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს

მეცნიერები სახის ფილერებთან დაკავშირებული რისკის შესახებ გვაფრთხილებენ. კერძოდ, შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების…