ალმასები ყოველთვის უფერული არ არის — ისინი ლურჯი, ყვითელი, მწვანე და ვარდისფერი შეიძლება იყოს, მაგრამ რა აძლევს მათ განსხვავებულ შეფერილობას?

კურტინის უნივერსიტეტის გეოლოგი ლუკ დუსე გვიხსნის, რომ ალმასი მხოლოდ ერთი ელემენტის, ნახშირბადის, ატომებისგან შედგება. როგორც წესი, ეს კრისტალები დედამიწის მანტიის ქვეშ, 161 კილომეტრის სიღრმეში, წარმოიქმნება. აქ წნევა და ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ნახშირბადის ატომები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და ერთიანდება.

ფორმირების შემდეგ ალმასი ზედაპირზე ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ამოდის. თუ ეს სწრაფად არ მოხდება, მისი კრისტალური ბადე შეიძლება დაირღვეს. როცა ალმასი სიღრმეში დიდხანს რჩება, მილიონობით წლის განმავლობაში იგი თანდათან დნება და გრაფიტად გარდაიქმნება.

"რეალურად ძალიან გაგვიმართლა, რომ ალმასებს საერთოდ ვპოულობთ, რადგან ისინი დედამიწის სიღრმიდან უნდა გამოიდევნოს", — ამბობს გაბრიელა ფარფანი, სმითსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მეცნიერი — "ალმასების უმეტესობა უფერულია, მაგრამ რამდენიმე გზით მათ შეიძლება მიიღოს ფერი".

სხვა მინერალების მსგავსად, შექმნის პროცესში სხვა ელემენტები ალმასსაც შეიძლება შეერიოს. ისინი ქვის სტრუქტურაში შედის. ნახშირბადის მოლეკულები ძალიან პატარაა და მჭიდროდ არის მიჯრილი ერთმანეთზე, ამიტომ ალმასში ცოტა მინარევი აღწევს. მეცნიერების განმარტებით, ამ სტრუქტურაში ადგილის დაკავება მხოლოდ რამდენიმე ელემენტს შეუძლია.

ყვითელი ალმასი

ფოტო: Bradshaw's Jewelers

ერთი ასეთი იშვიათი ელემენტი, რომელსაც ალმასში ნახშირბადის ჩანაცვლება შეუძლია, აზოტია. მისი დამსახურებით ძვირფას ქვას ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობა ეძლევა. მსგავსი უნარი ასევე აქვს ბორს, რომელიც კრისტალს ლურჯ ფერს ანიჭებს (ერთ-ერთი ასეთი კრისტალი "ჰოუპის ალმასია")

"ჰოუპის ალმასი"

ფოტო: Baunat

ამასთანავე, ცნობილია, რომ რადიოაქტიურმა გამოსხივებამ შეიძლება ალმასებს მწვანე ფერი შესძინოს. ეს მაშინ ხდება, როცა ამ კრისტალებთან ახლოს ურანის შემცველი ქვებია. იგი ატომებს გამოდევნის და სტრუქტურაში თავისუფალ ადგილებს ქმნის.

გარდა ამისა, ალმასებს ფერი შეიძლება სტრუქტურული დეფორმაციითაც მიეცეს. ასე ვარდისფერი და წითელი ქვები წარმოიქმნება. ეს ფერები მაშინ ჩნდება, როცა ნახშირბადის ბადე დედამიწის სიღრმეში მრუდდება. ალმასი კონკრეტული წნევით უნდა შეიკუმშოს, რომ ვარდისფერი ან კაშკაშა წითელი შეფერილობა მიიღოს.

ფოტო: Diamond Buzz

"თუ ალმასი მაღალი წნევის ქვეშ იქნება, ყავისფერი გახდება", — ამბობს დუსე — "სამყაროში ბევრი ყავისფერი და ცოტა ვარდისფერი ალმასი არსებობს".

ფარფანის თქმით, ვარდისფერი და წითელი ალმასები სხვებისგან განსხვავებულად წარმოიქმნება. ამის წყალობით მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, ზუსტად როდის და სად შეიქმნა ისინი. ამ დროს გეოლოგიური პროცესები ალმასში თითქოს განსაკუთრებულ "ხელწერას" ტოვებს.

მეცნიერებმა ავსტრალიის დასავლეთით მდებარე არგაილის მაღაროდან (იგი ამ ძვირფასი ქვების ერთ-ერთი უდიდესი საბადოა) მოპოვებული ვარდისფერი ალმასები შეისწავლეს. მათი სტრუქტურის ანალიზით დაასკვნეს, რომ ქვები 1.3 მილიარდი წლის წინ, პირველი სუპერკონტინენტის დაშლის დროს, შეიქმნა. კვლევის შედეგები გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

ცოტა ხნის წინ სმითსონის ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში "უინსტონის ალმასი" განათავსეს, რომელიც ხასხასა წითელია. ანალიზის მიხედვით, რომელიც გამოცემაში Gems & Gemology გამოქვეყნდა, ის ვენესუელიდან ან ბრაზილიიდანაა.

"უინსტონის ალმასი"

ფოტო: Robert Weldon

დუსეს თქმით, ალმასების შესწავლა მეცნიერებს დედამიწაზე მეტის გაგებაში დაეხმარება. ისინი არკვევენ, რა პროცესები მიმდინარეობდა პლანეტის შიგნით და როგორ იცვლებოდა ნახშირბადის მიმოქცევა ისტორიის განმავლობაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.