დააკავეს ჯაშუშები, რომლებიც ხრისტო გროზევის და რომან დობროხოტოვის გატაცებას და მოკვლას გეგმავდნენ:

7 მარტს, ლონდონის "ოლდ ბეილის" ნაფიცმა მსაჯულებმა ბულგარეთის სამი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დამნაშავედ ცნეს. განაჩენს სავარაუდო დანაშაულებრივი ქსელის კიდევ სამი წევრი ელოდება. ჯაშუშები Insider-ის ჟურნალისტებს ხრისტო გროზევს და რომან დობროხოტოვს უთვალთვალებდნენ. საქმის დეტალებზე Insider წერს.

7 მარტს, 30 წლის ვანია გაბეროვი, 33 წლის კატრინ ივანოვა და 39 წლის ტიჰომირ ივანჩევი დამნაშავედ ცნეს ჯაშუშობის შეთქმულებაში. ისინი სამიზნეების — რისტო გროზევის და რომან დობროხოტოვის გატაცებას და მოკვლას გეგმავდნენ.

ერთ-ერთი ჯაშუშის ოთახი, საიდანაც სათვალთვალო აპარატურები ამოიღეს

ერთ-ერთი ჯაშუშის ოთახი, საიდანაც სათვალთვალო აპარატურები ამოიღეს

წყარო: The Insider

დაკავებისას ამოღებული სათვალთვალო კამერა

დაკავებისას ამოღებული სათვალთვალო კამერა

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯაშუშური რგოლის წევრები ვენაში გროზევის ბინაში 2022 წელს შევიდნენ, როცა ხრისტო გროზევის შვილი თავის ოთახში კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა.

"უბრალოდ არ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდებოდა, თუ ჩემი შვილი ძარცვის დროს ოთახიდან გასვლას გადაწყვეტდა", — აცხადებს ჟურნალისტი.

ვინ არის ხრისტო გროზევი?

ხრისტო გროზევი ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტია. ის გამოცემა The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტი და Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში მონაწილე ეჭვმიტანილთა ვინაობის გამოძიებამ მას და მის გუნდს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ევროპული პრესის პრიზი მოუტანა.

რუსეთის სპეცსამსახურებმა ხრისტო გროზევის ჯაშუშობის ოპერაციის ორგანიზება 2020 წლის 14 დეკემბერს დაიწყეს — იმ დღეს, როდესაც The Insider-მა Bellingcat-თან ერთად გამოაქვეყნა გამოძიება ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის და სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომლები დაასახელა, რომლებიც დანაშაულში მონაწილეობდნენ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და ხრისტო გროზევი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და ხრისტო გროზევი

წყარო: Novinite

იმავე საღამოს, ფინანსური სტარტაპ Wirecard-ის ყოფილმა დირექტორმა, იან მარსალეკმა, რომელსაც The Insider-ი თვლის, რომ რუსული დაზვერვის აგენტია, მესიჯი მისწერა ძველ ნაცნობს, ბულგარელ ორლინ რუსევს (საქმის ბრალდებულებს შორის მიმოწერა საფუძვლად დაედო ამჟამინდელ გამოძიებას). ის სპეციალიზებული იყო ინტერნეტ-ტექნოლოგიებში და რუსულ დაზვერვას ადამიანების თვალთვალის ორგანიზებაში ეხმარებოდა. მარსალეკმა მას გროზევის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციის შეგროვება სთხოვა.

FSB-ს შიდა უსაფრთხოების დირექტორატის აგენტი იან მარსალეკი

FSB-ს შიდა უსაფრთხოების დირექტორატის აგენტი იან მარსალეკი

წყარო: The Telegraph

Wirecard-ის ყოფილმა დირექტორმა, იან მარსალეკმა იგივე დავალება თავის მეორე პარტნიორს, ავსტრიის საიდუმლო სამსახურის ყოფილ ოფიცერს, მარტინ ვაისს მისცა. მასზე დაქვემდებარებულ ეგისტო ოტთან მიმოწერისას, ვაისმა გროზევს "დაზვერვის ყოფილი აგენტი" უწოდა, რომელიც "ახლა ფრილანსერად მუშაობს". Insider ვარაუდობს, რომ ოპერაციის თავდაპირველი მიზანი სწორედ დაზვერვის კვალის ძიება იყო, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ, 17 დეკემბერს, თავად პუტინმა ნავალნის მოწამვლის გამოძიებას უწოდა "ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების მასალების ლეგალიზება".

ჟურნალისტის თქმით, ნავალნის მოწამვლის შესახებ სიუჟეტის პირდაპირ ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად დაავალა FSB-ს შიდა უსაფრთხოების დირექტორატს, გაერკვია, თუ როგორ შეძლეს ჟურნალისტებმა ასეთი სენსიტიური ინფორმაციის მოპოვება.

Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ გროზევის მიერ მოპოვებულ ჯაშუშების პირად საუბრებში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტს მოიხსენიებს, როგორც "CIA-ს ყოფილი თანამშრომელს, რომელიც ახლა დამოუკიდებლად მუშაობს". მოგვიანებით ხრისტო გროზევს მიეცა შანსი ჯაშუშების ხელმძღვანელი იან მარსალეკისთვის ეკითხა — მას მართლა CIA-ს ჯაშუშად მოიხსენიებდნენ თუ არა, რაზეც პასუხად მიიღო:

"თქვენ უნდა გესმოდეთ. ზოგიერთ ადამიანს [პუტინს] შეუძლია უკეთ ეძინოს, თუ სჯერა, რომ ის არა ჟურნალისტმა, არამედ CIA-მ გააცურა," — უპასუხა იან მარსალეკმა.

ის 2020 წლის დეკემბერში გაგზავნილ წერილში წერდა, რომ გროზევი "ნავალნის საქმის მთავარი გამომძიებელი" იყო. მარსალეკის მიმოწერებში ასევე ვკითხულობთ, რომ ის პირადად არ თვლიდა ჟურნალისტს ღირებულ სამიზნედ და ჯაშუშობის ამ ოპერაციას პუტინის სიძულვილით ხსნიდა.

"პირადად მე ვთვლი, რომ გროზევი არ არის ძალიან ღირებული სამიზნე, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინს ის სერიოზულად სძულს," — წერს იან მარსალეკი.

რუსული ჯაშუშების "უსაზღვრო ფანტაზიები":

BBC Radio 4-ის გადაცემაში საუბრისას ხრისტო გროზევმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი გზა, რითაც ჯაშუშები მის მოკვლას აპირებდნენ, ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელი ტერორისტის დაქირავება იყო, რომელსაც მის გვერდით ქუჩაში უნდა აეფეთქებინა თავი.

"დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსგან თვითმკვლელი ამფეთქებელი დავიქირაოთ და ქუჩაში მის [ხრისტო გროზევის] გვერდით თავი აიფეთქოს," — ამბობს გროზევი.

ჟურნალისტმა დასძინა, რომ ასევე არსებობდა მისი გატაცების გეგმა, რომლის მიხედვითაც მას სირიაში საწამებელ ბანაკში გაგზავნიდნენ. ხოლო კვალის დასაფარად, მამაკაცი, რომელსაც გროზევის სახის იდენტური ლატექსის ნიღაბი ეკეთებოდა, კომერციული რეისით რუსეთში გაფრინდებოდა და მას კამერების წინ დააკავებდნენ.

"ერთ-ერთი გზა ჩემი უროთი სასიკვდილოდ ცემაც იყო," — განაცხადა ხრისტო გროზევმა და დასძინა, რომ ამ ჯაშუშების ფანტაზია საზღვრებს სცდება.

გროზევმა ასევე განაცხადა, რომ მას გაუმართლა, რომ ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა "არაპროფესიონალი" ჯაშუშებს დაავალეს მისი და მისი კოლეგის, რომან დობროხოტოვის ლიკვიდაცია, ოპერაცია კარგად იყო დაფინანსებული. 2020 წლის შემდეგ, ჯაშუშები გროზევს და მის კოლეგას მთელ ევროპაში დაჰყვებოდნენ — მათ თვითმფრინავებში, სასტუმროებსა და კერძო საკუთრებაში უთვალთვალებდნენ.

ჯაშუშების გადაღებული ფოტო — ხრისტო გროზევი ტოვებს თვითმფრინავს

ჯაშუშების გადაღებული ფოტო — ხრისტო გროზევი ტოვებს თვითმფრინავს

თვალთვალი და დევნა მოსკოვში, ბულგარეთში, ვენასა და დიდ ბრიტანეთში:

გროზევის მჭიდრო მეთვალყურეობა — ერთდროულად ორლინ რუსევისა და ეგისტო ოტის ჯგუფების მიერ 2021 წლის აპრილში დაიწყო. ივლისში, რუსევთან მიმოწერაში, მარსალეკი ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტის გატაცებისა და მოსკოვში წაყვანის ვარიანტიც განიხილებოდა.

The Insider წერს, რომ გროზევის მეთვალყურეობა ბულგარეთში წარმატებული არ იყო. აგვისტოში დობროხოტოვი და გროზევი ერთმანეთს უკრაინულ კარპატებში შეხვდნენ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრიმინალურმა ჯგუფმა ასევე მიიღო "ბრძანება" მოსკოვიდან დობროხოტოვის გატაცებისა და რუსეთის ფედერაციაში გადაყვანის შესახებ. ჟურნალისტებზე თვალთვალი ვენაშიც გაგრძელდა.

ხრისტო გროზევი და რომან დობროხოტოვი

ხრისტო გროზევი და რომან დობროხოტოვი

წყარო: The Insider

2022 წლის აგვისტოში მარსალეკმა და რუსევმა დაიწყეს მიმოწერის ახალი ოპერაციის განხილვა — დობროხოტოვის გატაცება. ამ დროს ჟურნალისტი უკვე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. მარსალეკი და რუსევი მისი გატაცებას ნავით აპირებდნენ და შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის უნდა გადაეცათ. ალტერნატიული სცენარი დობროხოტოვის მკვლელობა იყო. რუსევმა შესთავაზა "შხაპის შემთხვევის" დადგმა, მაგრამ მარსალეკი უფრო სასტიკი ანგარიშსწორების მომხრე იყო: "შეიძლება დაწვა ცოცხლად ქუჩაში — შეასხურეთ მას რაიმე სუპერ ძლიერი მჟავა, როგორც ჩრდილოეთ კორეელები!", — წერს The Insider.

თვის შუა რიცხვებისთვის მარსალეკმა აცნობა თავის თანამზრახველს, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა არ დაამტკიცეს გატაცების იდეა.

2023 წლის იანვარში რუსევის მთელი გუნდი, მათ შორის თავადაც, დიდ ბრიტანეთში დააკავეს.