ალექსანდრია იძირება — კლეოპატრას მშობლიური ქალაქი ზღვის ტალღებში ქრება

ფოტო: Getty Images
ისტორიული ეგვიპტური ქალაქი ალექსანდრია ზღვის დონის მატების გამო დანგრევის პირასაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამ მიზეზით 280 შენობა ჩამოინგრა. კვლევა ცოტა ხნის წინ გამოცემაში Earth's Future გამოქვეყნდა.
2 300 წლის ამ ზღვისპირა ქალაქში, რომელიც კლეოპატრასა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დამსახურებით გახდა ცნობილი, საფრთხის წინაშე კიდევ 7000 შენობაა. მხოლოდ 2014-2020 წლებში ქალაქში 86 შენობა მთლიანად განადგურდა, 201 კი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ამ ყველაფერს 85 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
"ამ დანაკარგის ნამდვილი ღირებულება აგურებისა და ცემენტის ფასს ბევრად აღემატება", — წერს კვლევის თანაავტორი, ვიტერბის საინჟინრო სკოლის წარმომადგენელი, ესამ ჰეჯი. "ჩვენ ისტორიული ზღვისპირა ქალაქების თანდათანობით გაუჩინარების მომსწრენი ვხდებით, რაც საგანგაშოა. ის, რაც ოდესღაც შორეულ კლიმატურ რისკებად გვესახებოდა, ახლა უკვე ჩვენი რეალობაა".
ზღვისპირა ქალაქებში შენობების ნგრევას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ზღვის დონის მატება და ამის შედეგად მიწისქვეშა ფენებში წყლის შეჭრა. ეს ყველაფერი ნიადაგის ეროზიას იწვევს: მიწა იშლება, სითხე კი შენობის საძირკველში არსებულ ფოლადის არმატურას ასუსტებს, რაც ნაგებობებს არასტაბილურს ხდის და ნგრევის საფრთხის წინაშე აყენებს.
ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს (NOAA) მონაცემებით, 1880 წლიდან მოყოლებული, ზღვის დონემ გლობალურად 20-23 სანტიმეტრით მოიმატა, 1993 წლის შემდეგ კი — კიდევ 10 სანტიმეტრით. თუ კლიმატის ცვლილებას არ შევეწინააღმდეგებით, ვარაუდობენ, რომ აშშ-ში 2100 წლისთვის წყლის დონე, 2000 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2.2 მეტრით მოიმატებს.
"ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ გავრცელებული შეხედულება, თითქოს ზღვის დონის მატებაზე მაშინ უნდა ვინერვიულოთ, როცა ის ერთ მეტრს მიაღწევს, მცდარია", — დაამატა ჰეჯიმ. "სანაპირო ზოლები მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, უკვე იცვლება, რაც შენობების უპრეცედენტო ტემპით ნგრევას იწვევს".
ზღვის დონის მატების მასშტაბის დასადგენად კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტი ჩაატარეს. მეცნიერებმა ალექსანდრიაში 2001-2004 წლებში ჩამონგრეული შენობების რუკა შეადგინეს. ასევე, ქალაქის 1974-2021 წლების სატელიტური ფოტოები 1887, 1959 და 2001 წლებისას შეადარეს. დადგინდა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ალექსანდრიის სანაპირო ზოლმა ათეულობით მეტრით ხმელეთისკენ შეიწია.
ეროზიის დონის შესაფასებლად მეცნიერებმა ნიადაგში არსებული ქიმიური იზოტოპები გამოიკვლიეს.
"ჩვენმა იზოტოპურმა ანალიზმა ცხადყო, რომ შენობები ქვემოდან ზემოთ ინგრევა, რაც ნიადაგში წყლის შეჭრითა და საძირკვლის დასუსტებითაა გამოწვეული", — აღნიშნა ნიადაგის რადიაციის მკვლევარმა, ალექსანდრიის უნივერსიტეტში მომუშავე იბრაჰიმ სალეჰმა.
მეცნიერები პრობლემის გადაჭრის გზებს გვთავაზობენ, რაც ალექსანდრიის სანაპიროზე ქვიშის დიუნებისა თუ სხვა დამცავი ბარიერების განთავსებას მოიცავს. ფიქრობენ, რომ შენობების საძირკვლის ამაღლება, უკიდურეს შემთხვევაში კი მაღალი რისკის მქონე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის სხვაგან გადაყვანაც კარგი გამოსავალია.
"ისეთი ისტორიული ქალაქები, როგორიც ალექსანდრიაა, კულტურისა და ისტორიის აკვანია, ამიტომ ჩვენი საერთო მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ჰეჯი. "კლიმატის ცვლილების შედეგად ზღვის დონის მატება და ეროზია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ მათი [ქალაქების] დაცვა მხოლოდ შენობებისა და მაცხოვრებლების გადარჩენა არაა, ეს ჩვენი იდენტობისა და ისტორიის შენარჩუნებაა".
კომენტარები