ორგანოების გამართული ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხეულის ტემპერატურა ჯანსაღ ნიშნულზე შევინარჩუნოთ. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36-37°C-ია. სიცივეში მოხვედრისას ჩვენი ორგანიზმი არაერთ სტრატეგიას მიმართავს, რომ სითბოს შენარჩუნება შეძლოს, თუმცა ზოგჯერ ეს მაინც ვერ ხერხდება და ჰიპოთერმია ვითარდება.

ამ დროს სხეულის ტემპერატურა 35°C-ზე დაბლა ეცემა, ამან კი არაერთი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, მძიმე შემთხვევებში (ანუ 30-32°C-ზე დაბლა) სიკვდილიც. სიცივის, სისველისა და ქარის თანხვედრის შედეგად ჰიპოთერმია უფრო ხშირად ვითარდება თოვლიან ამინდში.

ასევე იხილეთ: როცა სხეულის ტემპერატურა სახიფათოდ მცირდება: ჰიპოთერმიის ნიშნები და პრევენციის გზები

ექიმი არჩილ მარშანია, პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, დახმარების ინსტრუქციას გვთავაზობს, თუკი გარშემო ვინმეს ტემპერატურა დაუვარდება. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელ ხაზზე (112) დავრეკოთ. მოლოდინის პარალელურად, არჩილის თქმით, დაზარალებულის გათბობას შემდეგი გზებით უნდა ვეცადოთ:

  • გადაიყვანეთ იგი თბილ, მშრალ და დაცულ გარემოში;
  • მოაშორეთ სველი ტანსაცმელი და შეახვიეთ თბილ, მშრალ სამოსში ან საბნებში;
  • პირველ რიგში გაათბეთ სხეულის ცენტრალური ნაწილი — მკერდი, კისერი, თავი და საზარდული;
  • მიეცით თბილი, სასმელები სხეულის ტემპერატურის ასამაღლებლად, მაგრამ თავი აარიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. არ სცადოთ უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანისთვის სასმლის მიცემა.

მას შემდეგ, რაც სხეულის ტემპერატურა მოიმატებს, ექიმის რჩევით, "შეინარჩუნეთ სითბო — გაახვიეთ დაზარალებული თბილ საბანში, მოაცილეთ ცივი გარემო და სწრაფად მიაწოდეთ სამედიცინო დახმარება". გაითვალისწინეთ ისიც, რომ ადამიანი ცხელ წყალში ან პირდაპირ სიცხის წინ არ უნდა მოათავსოთ — ეს სახიფათოა.

თუკი ჰიპოთერმია მძაფრია, ანუ ადამიანი უგონოა და არ სუნთქავს, გულ-ფილტვის რეანიმაციას (CPR) უნდა მივმართოთ. გულის ამერიკული ასოციაციის მიხედვით, წესები ასეთია:

  • ხელები მკერდის ცენტრში მოათავსეთ და ძლიერად, სწრაფად დააწექით (წუთში 100-120-ჯერ). ზეწოლა მინიმუმ 5 სანტიმეტრი სიღრმისა უნდა იყოს;
  • ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა, თუ შესაბამისი ტრენინგი გაქვთ გავლილი — აუწიეთ ნიკაპი ადამიანს, ხელი ცხვირზე მოუჭირეთ და პირში ჩაბერეთ (2 ასეთი ჩასუნთქვა მკერდზე ყოველი 30 დაჭერის შემდეგ).

"CPR უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ გამოჩნდება სიცოცხლის ნიშნები ან არ მიეწოდება პროფესიონალური სამედიცინო დახმარება. განაგრძეთ სხეულის გათბობა CPR-ის პროცესში", — გვეუბნება არჩილ მარშანია.


თუკი თოვლსა და სიცივეში უსაფრთხოებაზე მეტი რჩევის მიღება გსურთ, იხილეთ სტატიის სრული ვერსია: როგორ გადავურჩეთ (და გადავარჩინოთ სხვები) დიდთოვლობას