ასტრონომებმა გამოავლინეს 2 ასტეროიდი, რომლებიც შესაძლოა, მზის სისტემაში ადრე არსებული პლანეტური სხეულის ფრაგმენტები იყოს. საუბარია პატარა პლანეტოშენადედზე (პლანეტური "ემბრიონები") ან უკვე ბოლომდე ჩამოყალიბებულ ციურ სხეულზე, რომელიც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში რამდენიმე მილიარდი წლის წინ არსებობდა.

მეცნიერთა მიერ შესწავლილი ობიექტები მარსსა და იუპიტერს შორის განლაგებულ ასტეროიდთა სარტყელში მდებარეობს. მათი სახელებია 246 ასპორინა და 4125 ლიუ ალენი. ისინი სპექტრული მახასიათებლებით ანგრიტებს ჰგავს, რომლებიც მზის სისტემის ყველაზე ძველი მეტეორიტებია და სწორედ პლანეტოშენადედებიდან მომდინარეობს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ იგივე წარმომავლობა ჰქონდეს ამ ორ ასტეროიდსაც.

ანგრიტები მინერალ ოლივინის შემცველი ბაზალტური მატერიისგან შედგება და უნიკალური იზოტოპური თუ ელემენტური თანაფარდობა გამოარჩევს. ეს მიუთითებს, რომ ისინი შიდა მზის სისტემაში პირველ რამდენიმე მილიონ წელში წარმოიქმნა და ამ პერიოდის შესახებ ინფორმაციას ინახავს. აქამდეც ფიქრობდნენ, რომ მათი მშობელი სხეული სწორედ ადრეული პლანეტოშენადედია, რომელიც საკმარისად დიდი უნდა ყოფილიყო, რათა მაგმური აქტიურობა ხანგრძლივად შეენარჩუნებინა.

ვარაუდები ანგრიტებისა და ასტეროიდ ვესტადან მომდინარე ე.წ. HED-მეტეორიტების შედარებას ეფუძნება. მათი შედგენილობა განსხვავებულია და ისინი სინათლესთანაც სხვადასხვაგვარად ურთიერთქმედებს, რა დროსაც უნიკალურ სპექტრულ ტალღებს გამოყოფს. სწორედ ამიტომ გამოიყენეს არგრიტებისა და ასტეროიდების შედარების იგივე ტექნიკა მეცნიერებმა და საერთო მახასიათებლების მქონე ობიექტები გამოავლინეს. შედეგად შეძლეს იმ სხეულების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა, უძველესი პლანეტოშენადედის ფრაგმენტები იყოს.

ფოტო: Getty

თავდაპირველად იდენტიფიცირებულ ასტეროიდებს შორის, 246 ასპორინასა და 4125 ლიუ ალენის გარდა, (136617) 1994 CC-ც იყო. დამატებითმა დაკვირვებებმა პირველი ორი უფრო მეტად დააკავშირა ანგრიტებთან, რომლებიც სწრაფად ან საშუალო სიჩქარით გაცივდა და მინერალები მაღალ ტემპერატურაზე შეინარჩუნა ან მათ ეტაპობრივ ფორმირებას შეუწყო ხელი.

ასპორინას დიამეტრი უფრო მეტია და 50.9 კილომეტრს შეადგენს, მაგრამ ის პირველადი მშობელი სხეული არ უნდა იყოს. ასკვნიან, რომ ესაა დიდი ფრაგმენტი იმ პლანეტოშენადედის, რომლის ზომაც მთვარის ან მარსის მსგავსი იყო. სავარაუდოდ, ის ადრეულ მზის სისტემაში შეჯახების გამო განადგურდა. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ უფრო პატარა ფრაგმენტებიც არსებობდეს, რომლებსაც მცირე ზომის გამო ვერ ვაფიქსირებთ.

ავტორები იმედოვნებენ, რომ უფრო მეტი მონაცემის მეშვეობით ჩვენი მზის სისტემის ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ ბევრს შევიტყობთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Icarus გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.