უძველესი მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის დღემდე მხოლოდ გაზის დიდი პირამიდაა მოღწეული. არქეოლოგებმა თითქმის ყველა ამ სტრუქტურის მდებარეობა აღმოაჩინეს, თუმცა ერთი მათგანი დღემდე საიდუმლოდ რჩება: ბაბილონის დაკიდებული ბაღები.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბაღები ძვ. წ. VI საუკუნეში ნეო-ბაბილონური იმპერიის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის ბრძანებით აშენდა. მან ბაღები საჩუქრად უძღვნა თავის მეუღლეს, რომელიც მშობლიური ქვეყნის მწვანე პეიზაჟებს ნატრობდა.

ასევე, იხილეთ: ნახეთ, როგორი იქნებოდა მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

დაკიდებული ბაღები ხშირად აღწერილია, როგორც გრანდიოზული ტერასული სტრუქტურა, სადაც იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ჩატანილი ეგზოტიკური მცენარეები იყო გაშენებული. უძველეს დროში ეს სანახაობა მართლაც უნიკალური და შთამბეჭდავი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ამ ბაღების არსებობის დამადასტურებელი ფიზიკური მტკიცებულება დღემდე არ არის ნაპოვნი. მათ შესახებ ჩვენი ცოდნა მხოლოდ ძველ ტექსტებს ეფუძნება, რომლებიც ყოველთვის სანდო არ არის.

საინტერესოა, რომ ზოგიერთ მნიშვნელოვან წყაროში, მაგალითად ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს ნაშრომებში, ბაბილონის დაკიდებული ბაღები საერთოდ არაა ნახსენები. იგივე შეიძლება ითქვას იმ დროის რამდენიმე სხვა ისტორიკოსის შესახებაც.

ფოტო: Budget Direct

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბაბილონი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შორს მდებარეობდა. დანარჩენი ექვსი საოცრება სანაპიროსთან უფრო ახლოს იყო — ძველი ისტორიკოსებისთვისაც შედარებით ადვილად მისადგომი.

მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ ბაღები ბაბილონის მახლობლად იყო აშენებული, უძველესი ქალაქის, რომელიც დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით მდებარეობდა. 1899-1917 წლებში გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევიმ ამ ტერიტორიაზე გათხრები ჩაატარა და სამხრეთ სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში თაღოვანი ნაგებობა აღმოაჩინა. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს სტრუქტურა დაკიდებული ბაღების საძირკველს წარმოადგენდა.

თანამედროვე მკვლევართა ნაწილი კოლდევის ვარაუდს არ ეთანხმება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნაგებობა შესაძლოა, უბრალო საწყობი ყოფილიყო. შესაბამისად, ბაბილონის ტერიტორიაზე ჩატარებული მასშტაბური გათხრების მიუხედავად, ბაღების არსებობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დაკიდებული ბაღები ბაბილონში სულაც არ მდებარეობდა. ასირიოლოგიის ექსპერტი სტეფანი დალეი მიიჩნევს, რომ ეს სტრუქტურა ნინევიაში, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, აშენდა, თანაც ასურეთის მეფე სინახერიბის მიერ. დალეის აზრით, დაბნეულობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ასურელებმა ბაბილონი ძვ. წ. 689 წელს დაიპყრეს და ნინევიას "ახალი ბაბილონი" უწოდეს.

დალეის კვლევების თანახმად, სინახერიბმა იქ შთამბეჭდავი ბაღები გააშენა, განვითარებული სარწყავი სისტემებითა და წყლის ამწევი მექანიზმებით. და მაინც, ამის არქეოლოგიური დასტური არ მოგვეპოვება.

აქედან გამომდინარე, დაკიდებული ბაღების საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.