დააფიქსირეს შავი ხვრელი, რომელიც მატერიას მოსალოდნელზე 40-ჯერ სწრაფად შთანთქავს
ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით დააფიქსირეს შავი ხვრელი, რომლის მიერაც მატერიის შთანთქმის სისწრაფე თეორიულ ზღვარს 40-ჯერ აჭარბებს.
მას LID-568 ეწოდება და მსოფლიოში ყველაზე მძლავრმა ობსერვატორიამ ის იმ სახით დაინახა, როგორიც დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 1.5 მილიარდ წელში იყო. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ობიექტი ადრეული სამყაროდანაა, როცა კოსმოსი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო.
LID-568-ის მაგალითი ადასტურებს, რომ ზოგჯერ შავი ხვრელები აირსა და მტვერს ბევრად სწრაფად "ისრუტავს", ვიდრე ედინგტონის თეორიული ზღვარი პროგნოზირებს. შესაბამისად, ამის შედეგად მსგავს ობიექტებს დიდძალი მასის ერთბაშად მომატება შეუძლია. ეს ხნის, თუ რატომაა ამდენი გიგანტური შავი ხვრელი ადრეულ სამყაროში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები ვების ტელესკოპით ისეთ გალაქტიკებს დააკვირდნენ, რომლებიც განსაკუთრებულად კაშკაშა რენტგენული გამოსხივებით გამოირჩევა. მსგავსი მახასიათებელი ხშირად სწორედ აქტიურ შავ ხვრელებზე მიუთითებს, რომლის გარშემოც მიზიდული მატერიის უზარმაზარი აკრეციული დისკოა. შთანთქმის პროცესში ის ცხელდება და იმდენად ელვარებს, რომ მთლიანი გალაქტიკის სინათლესაც კი აღემატება.
ზოგჯერ მატერიის ნაწილი დიდი ენერგიის გამო სივრცეში იტყორცნება. სპეციალისტებმა LID-568-ის მიმდებარედ სწორედ ასეთი ნაკადები შენიშნეს. მათი ზომისა და სიჩქარის მიხედვით დაასკვნეს, რომ შავ ხვრელში მატერია ძალიან სწრაფად ჩაედინებოდა. სავარაუდოდ, მან დიდი მასა სწორედ შთანთქმის ასეთი ეპიზოდის წყალობით მიიღო.
მეცნიერები გეგმავენ, რომ ამ ფენომენის შესახებ მეტის გასაგებად LID-568-ს კიდევ დააკვირდნენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები