ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდი ჰერა ამჟამად ასტეროიდისკენ მიემართება. ის უკვე საკმაო მანძილზე ჩამოგვშორდა და დაახლოებით 3.8 მილიონი კილომეტრი დისტანციიდან დედამიწა და მთვარე გადაიღო.

ჩვენი მშობლიური პლანეტა და მისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი აპარატმა მოძრაობაში დააფიქსირა, ანუ მან ისინი სურათების სერიებში აღბეჭდა. კადრების გაერთიანებით საშუალება გვაქვს დავინახოთ, როგორ გადაადგილდება თითოეული მათგანი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჰერა სურათების გადაღების პარალელურად ციურ სხეულებს შორდებოდა, მათი დისკოს ზომა ნელ-ნელა მცირდება. ასევე, ნახევარმთვარე სავსე მთვარის ფაზაში გადადის.

ფოტო: ESA/JAXA

ფოტოები ზონდმა თერმული ინფრაწითელი კამერით (TIRI) გადაიღო, რომელიც იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის. ჰერა ამ დროს მთვარის ორბიტასთან მიმართებით ჩრდილოეთით მდებარეობდა და ობიექტივი დაბლა ჰქონდა მიმართული.

პირველი კადრის დაფიქსირებისას დედამიწასთან მისი დისტანცია დაახლოებით 1.4 მილიონი კილომეტრი იყო. ეს ფოტო 10 ოქტომბერსაა გადაღებული, ბოლო კადრი კი — 15 ოქტომბერს, როცა მანძილი უკვე 3.8 მილიონ კილომეტრს შეადგენდა.

ჰერა კოსმოსში 7 ოქტომბერს გაუშვეს. ის ასტეროიდ დიმორფოსისკენ გადაადგილდება, რომელსაც NASA-ს მისია DART-მა 2022 წელს ტრაექტორია შეუცვალა. ზონდი ამ ობიექტს გამოიკვლევს, მათ შორის TIRI-ს მეშვეობით. ის დანიშნულების ადგილამდე, სავარაუდოდ, 2026 წლამდე მიაღწევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.