გადამწყვეტ არჩევნებამდე სამ დღეზე ნაკლები რჩება. დღეს, 23 ოქტომბერს სამმა ტელეკომპანიამ ბოლო წინასაარჩევნო გამოკითხვები გამოაქვეყნა. სამთავრობო ტელეკომპანია "იმედმა", ტელეკომპანია "მთავარმა" და ტელეკომპანია "ფორმულამ". სამივე ტელეკომპანიის რეიტინგში სრულიად განსხვავებული შედეგებია

როგორია პარტიების რეიტინგები ბოლო საარჩევნო კვლევის მიხედვით:

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული SEVANTA-ს კვლევა:

ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია მთავარი არხისთვის, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 19%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16%
  • ძლიერი საქართველო – 9%
  • გახარია - საქართველოსთვის - 8%
  • გირჩი - 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა - 5%

მთავარის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი.

კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით.

როგორც მთავარი წერს, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

სამთავრობო ტელეკომპანია "იმედი" — Gorbi-ს კვლევა:

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება ხმების 60.2%-ს მიიღებდა.

სამთავრობო მედიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 60.2%
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 15.4%
  • კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) - 9.0%
  • კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) - 3.3 %
  • გახარია საქართველოსთვის - 2.9%
  • გირჩი - 2.8%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.0%
  • პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო - 1.9 %
  • სხვა პარტიები - 2.5 %

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

Edison Research-ის კვლევა — ტვ ფორმულას დაკვეთით:

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%
  • კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%
  • გახარია - საქართველოსთვის - 11%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
  • სხვა პარტიები - 1%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.


შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე იხილეთ: ევროპა თუ რუსეთი — რატომ არის გადამწყვეტი 1 ხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე?

და გახსოვდეს: შენი ხმა ფარულია და ვერავინ გაიგებს, სინამდვილეში ვის მიეცი ხმა!