შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სამი პირი ამხილეს და ერთი დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ, სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ. შემდეგ, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს - განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სადაზღვევო კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.