ასტრონომებმა, სავარაუდოდ, პირველი ვულკანური ეგზომთვარე აღმოაჩინეს
ეგზომთვარე ეწოდება მზის სისტემის მიღმა არსებულ ბუნებრივ თანამგზავრს, რომელიც ეგზოპლანეტის ან სხვა არავარსკვლავური ციური სხეულის ორბიტაზე გადაადგილდება. რამდენიმე ასეთი ობიექტი დაფიქსირებულია, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მათგანის არსებობა დადასტურებულა.
ასტრონომებმა ახლახან მორიგი ამგვარი პოტენციური ეგზომთვარე აღმოაჩინეს, რომელსაც, მათი თქმით, ავთენტურობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ამასთან, ის, იუპიტერის თანამგზავრ იოს მსგავსად, ვულკანურად აქტიური უნდა იყოს და ნატრიუმის ღრუბელს წარმოქმნიდეს. მის სავარაუდო კვალს ეგზოპლანეტა WASP-49b-ის მახლობლად მიაგნეს.
მზის სისტემის გარეთ მდებარე ციური სხეულების ძიებისას ყველაზე დიდი პრობლემა მათი მცირე ზომაა, რომელიც დიდი მანძილის გამო მათზე დაკვირვებას ართულებს. გიგანტური ეგზოპლანეტების მიკვლევა შედარებით მარტივია, რასაც მათ ბუნებრივ თანამგზავრებზე ვერ ვიტყვით. 2019 წელს NASA-ს ასტრონომ აპურვა ოზას გაუჩნდა იდეა, რომ იოსნაირი ეგზომთვარეების დაფიქსირება სწორედ ნატრიუმის ღრუბლების მეშვეობითაა შესაძლებელი.
ოზამ ამ საკითხზე მუშაობა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში განაგრძო. მან, კოლეგებთან ერთად, ჩვენგან 635 სინათლის წლის მოშორებით მოძრავი WASP-49b-ს მიმდებარედ ღრუბელი შეისწავლა. დადგინდა, რომ ის უფრო სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე თავად ეგზოპლანეტა.
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ნატრიუმის ეს მასა ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ნაწილია, ფიზიკური კანონების თანახმად, ახლანდლის საპირისპირო მიმართულებით უნდა მოძრაობდეს. ამას ისიც ემატება, რომ ნატრიუმის "მარაგი" მუდმივად ახლდება, რადგან ის წამში 100 000 კილოგრამამდე ოდენობით გამოიყოფა. შესაძლოა, ეს მახასიათებელი ზემოხსენებული ეგზომთვარის არსებობის მტკიცებულება იყოს, ვინაიდან ნატრიუმის წყარო ძირითადად ჰელიუმისგან და წყალბადისგან შედგენილი WASP-49b ან მისი ვარსკვლავი ვერ იქნება.
იოს ვულკანურ აქტიურობას იუპიტერისა და მისი სხვა თანამგზავრების გრავიტაციული გავლენა განაპირობებს. WASP-49b საკუთარ ვარსკვლავს გარს მხოლოდ 2.8 დღეში უვლის, ანუ მასთან საკმაოდ ახლოსაა. შესაბამისად, მისი სავარაუდო ეგზომთვარე საკმარისი ზემოქმედების ქვეშ უნდა იყოს, რათა, იოს მსგავსად, მის ზედაპირზე ამოფრქვევები მოხდეს. არ გამორიცხავენ, რომ ღრუბლის შედგენილობაში სხვა ელემენტებიც იყოს, მაგრამ დედამიწიდან მხოლოდ ნატრიუმის უნიკალური სპექტრი აღიქმებოდეს.
პრობლემა ისაა, რომ ნატრიუმის ჭარბად წარმოქმნა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, თანაც იმის ფონზე, რომ ვარსკვლავი უკვე 7 მილიარდი წლისაა. ასეთი დიდი რაოდენობის ემისია ნიშნავს, რომ პოტენციური ეგზომთვარე მასას ძალიან სწრაფად კარგავს და ამის გამო, საბოლოოდ, განადგურება ელის.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები