ნახეთ: რაკეტა Starship-ის პირველი საფეხურის უზუსტესი დაშვება — მისიის შეჯამება
"ეს დღე ინჟინერიის ისტორიის წიგნებში ჩაიწერება", — ასე გამოეხმაურა SpaceX-ის რაკეტა Starship-ის უკანასკნელი მისიის კომენტატორი მომენტს, როცა აპარატის მეორე საფეხური გამშვებ კოშკში უზუსტესად დაეშვა. ის იქ არსებულმა სამაგრებმა დაიჭირა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა Super Heavy-დ წოდებული ამაჩქარებელი ხმელეთზე დაბრუნებისას სპეციალურ პლატფორმაში ავტომატურად ჩაჯდა, რაც გასაოცარი სანახაობა იყო. ეს მიღწევა იმითაა გამორჩეული რომ Starship-ის პირველი საფეხური მრავალჯერადი გამოყენებისაა, მისი მეშვეობით კი ადამიანთა მთვარესა და მარსზე გაშვება იგეგმება. ამაში დამჭერი სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ტეხასის სანაპიროდან რაკეტა ჰაერში თბილისის დროით 13 ოქტომბრის 16:25 საათზე აიჭრა. ეს Starship-ის მეხუტე სატესტო მისია იყო, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. Super Heavy გაშვებიდან რამდენიმე წუთში ხმელეთზე დაბრუნდა და გასაოცარი მანევრი შეასრულა.
აი, ისიც:
ამის მიუხედავად, მისიის უმთავრესი მიზანი სხვა რამ იყო. პირველ რიგში, კომპანიას სურდა, აპარატის მეორე საფეხური Ship ატმოსფეროში უვნებლად შემოსულიყო და ინდოეთის ოკეანეში დაშვებულიყო. ეს აფრენიდან დაახლოებით 65 წუთში მოხდა და მოსალოდნელი აფეთქებით დასრულდა.
მანამდე ის სუბორბიტული ფრენისას პირველ საფეხურს გამოეყო და 200 კილომეტრამდე სიმაღლეზე ააღწია. შემდეგ ტრაექტორია ისევ უკან, დედამიწისკენ, მომართა და ავტონომიური დაშვება განახორციელა.
ვიდეოში ჩანს, როგორ გამოიწვია ატმოსფეროში შემოჭრამ რაკეტის გაცხელება და ცეცხლის წარმოქმნა, მაგრამ დამცავმა თერმულმა სისტემამ წარმატებით იმუშავა. რამდენიმე წუთში Ship წყალში ვერტიკალურად დაეშვა. შორიდან გადაღებულ კადრებში უკვე აფეთქებას ვხედავთ. ცნობილია, რომ მომავალში ამ მეორე საფეხურის დაჭერაც იგეგმება.
რაც შეეხება Super Heavy-ს, ის Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი, Ship-ში კი 6 ძრავაა. Starship-ის დახმარებით Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება, ხოლო მარსზე მასკს კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ Starship ითავებს.
კომენტარები