შესაძლოა, ავსტრალიის ქვეშ მსოფლიოში უდიდესი კრატერი იყოს — რა მიანიშნებს ამაზე
მეცნიერებმა ავსტრალიის ქვეშ სავარაუდოდ არსებული 600-კილომეტრიანი კრატერის შესაძლო გეოლოგიურ კვალს მიაგნეს. თუ ეს წარმონაქმნი მართლაც არსებობს, მაშინ ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესია.
ჰიპოთეზურ კრატერს ავსტრალიის პრეკამბრულ-კამბრული დარტყმითი სტრუქტურა, იგივე MAPCIS, ეწოდება. რომლის ფორმირებაც დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ მომხდარ შეჯახებას უკავშირდება. არ გამორიცხავენ, რომ ამას ცხოველთა მასობრივი გადაშენებაც გამოეწვია.
MAPCIS-ის მდებარეობად ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიას ასახელებენ. მას 600-კილომეტრიანი რგოლის გარდა გარე რგოლიც უნდა ჰქონდეს, რომლის დიამეტრიც 2000 კილომეტრია. შესაბამისად, ის სამხრეთ აფრიკაში არსებულ, მსოფლიოში უდიდეს დადასტურებულ 300-კილომეტრიან კრატერ ვრედეფორტს ზომით საგრძნობლად აღემატება.
რაც შეეხება მეცნიერთა მიერ მიგნებულ კვალს, ეს ფსევდოტაქილიტის დანალექებია. შესაძლოა, ისინი შეჯახების შემდეგ დამტვრეული და ნაწილობრივ დამდნარი ქვების შოკურ ტალღებს წარმოექმნა. ასევე, MAPCIS-ის სავარაუდო ცენტრთან მიაკვლიეს ისეთ მინერალებს, რომლებიც მაღალი წნევისა და ტემპერატურის მქონე გარემოზე მიანიშნებს. მათ შორისაა ლონსდეილიტი, რომელსაც ექვსკუთხა ალმასადაც მოიხსენიებენ, რადგან ნახშირბადისგან შედგება და კრისტალური სტრუქტურა აქვს.
MAPCIS-ის გარშემო არსებულ ქანებში აღმოჩენილია ლითონ ირიდიუმის შრეებიც. ეს იმითაა საინტერესო, რომ აღნიშნული ელემენტი დედამიწაზე იშვიათია, ასტეროიდებში კი გავრცელებულია.
მეცნიერებმა გაანალიზეს პირველადი დაკვირვებები იმის შესახებ, თუ, როგორ მოიქცია ქვეშ ეს სტრუქტურა შედარებით ადრეულმა დანალექმა და მაგმურმა ქვებმა. ამის მიხედვით ასკვნიან, რომ შეჯახება ედიაკარიული პერიოდის დასასრულს უნდა მომხდარიყო, 545-538 მილიონი წლის წინ, რაც დედამიწაზე პირველ მასობრივ გადაშენებას ემთხვევა. ჯერჯერობით ამ მოვლენას გარემოს ცვლილებით ხნიან, მაგრამ სხვა მსგავსი შემთხვევები ადასტურებს, რომ კოსმოსური შეჯახებები ცხოველთა გადაშენებას პირდაპირ უკავშირდება.
ავტორები ამ შედეგებს ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების შეხვედრაზე წარადგენენ.
კომენტარები