3 600 წლის მუმიების სხეულზე მსოფლიოში უძველესი ყველი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 3 600 წლის წინანდელი მუმიების თავისა და კისრის არეში აღმოჩენილი უჩვეულო თეთრი ნივთიერება, სინამდვილეში, მსოფლიოში უძველესი ყველია. მუმიფიკაციაში მისი გამოყენების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამ მუმიებს არქეოლოგებმა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე სასაფლაოზე დაახლოებით 2 დეკადის წინ მიაკვლიეს. ახლა კი სპეციალისტებმა დნმ-ის ტესტი ჩაატარეს, რომლის მეშვეობითაც გაირკვა, რომ უცნობი ნივთიერება კეფირის ყველია. ის ძროხისა და თხის რძის გამოყენებითაა დამზადებული.
ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ყველი ბაქტერიებისა და სოკოების რამდენიმე სახეობას შეიცავს. მათ შორისაა Lactobacillus kefiranofaciens და Pichia kudriavzevii, რომლებიც კეფირის ე.წ. მარცვლებში დღესაც გვხვდება. ისინი მიკრობებისა და სოკოების სიმბიოზური კულტურებისგან შედგება, რომელთა ერთობლიობაც რძის ფერმენტაციასა და მის ყველად გარდაქმნას უწყობს ხელს.
"ეს მთელს მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი ყველია. მისი მსგავსი საკვების ათასობით წლით შენახვა ძალიან ძნელია, რაც უკანასკნელ მიგნებას იშვიათ და ღირებულ აღმოჩენად აქცევს.
უძველესი ყველის დეტალურად შესწავლა ჩვენი წინაპრების კვების რაციონისა და კულტურის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება", — ამბობენ მეცნიერები.
მათი თქმით, მუმიების სხეულზე მიკვლეულ ყველში არსებული L. kefiranofaciens-ის მარცვლები ძალიან ჰგავს ტიბეტური წარმომავლობის ნიმუშებს. ბაქტერიების გენების გაშიფვრით იმის დადგენაა შესაძლებელი, თუ როგორ განიცადეს ევოლუცია ამ მიკრობებმა ბოლო 3 600 წელში.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.
კომენტარები