მეცნიერებმა 320 მილიონი წლის წინანდელი განამარხებული ეკოსისტემა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა მასაჩუსეტსის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი განამარხებული ეკოსისტემა აღმოაჩინეს. ის ქანებში დღემდე კარგადაა შემონახული და 320-318 მილიონი წლის წინ ხმელეთზე არსებული სიცოცხლის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
განამარხებულ ნიმუშებს შორისაა როგორც ცხოველების, ისე მცენარეების კვალი, რომლებიც ჩვენი პლანეტის ხმელეთზე ძალიან დიდი ხნის წინ იყო გავრცელებული. ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში მდებარე ამ ადგილს Lantern North ეწოდება და ის ადრეული პენსილვანიური ეპოქის დროინდელია, ანუ ე.წ. ნახშირის ეპოქის ნამარხ არეალებზე ძველია.
სპეციალისტებმა იქ 130-ზე მეტი სახეობის ნაკვალევს მიაგნეს, მათ შორის ქვეწარმავლების, ამფიბიების, მწერების, ობობასნაირებისა და მცენარეების. ბევრი მათგანი იმ კლასიფიკაციური ჯგუფის უძველესი წარმომადგენელია, რომელსაც მიეკუთვნება.
ნამარხების სახით შემონახულია არა მხოლოდ ცხოველთა ნაფეხურები, არამედ სოროები და სხვა მსგავსი კვალი, რომელიც იმდროინდელი ფაუნის მახასიათებლებზე მიანიშნებს. მაგალითად, პალეონტოლოგებმა მწერების მიერ კვერცხების დებისა და მცენარეთა ცეციდიის, ანუ გარე წანაზარდების, ერთ-ერთ უძველეს მტკიცებულებას მიაგნეს. მათი წყალობით ამ ფენომენების ქრონოლოგიამ მილიონობით წლით უკან გადაიწია.
ეს ეკოსისტემა მშრალი და ბორცვოვანი იყო იმ ჭაობებისგან განსხვავებით, რომლებიც იმავე პერიოდიდან ყველაზე მეტადაა შემორჩენილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პენსილვანიური ეპოქა ხმელეთზე არსებული სიცოცხლის ევოლუციის მხრივ მნიშვნელოვანი იყო.
"ჩვენს წინაშე მცენარეებისა და მწერების რთული ურთიერთქმედებების დასტურია. ასევე, ცხოველთა იმ მთავარი ჯგუფების უადრესი გამოვლინება, რომლებმაც ხმელეთზე დომინაცია მოიპოვეს". — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები