მარსზე ზებრას მსგავსი ზოლების მქონე ქვა დააფიქსირეს
NASA-ს მავალმა Perseverance მარსზე ზებრას მსგავსი ზოლების მქონე უჩვეულო ქვა დააფიქსირა, რომლის მაგვარიც ასტრონომებს წითელ პლანეტაზე აქამდე არასდროს შეუნიშნავთ. ის აპარატის ერთგვარ ანძაზე დამონტაჟებულმა კამერამ მიმდინარე თვეში, 13 სექტემბერს, გადაიღო.
ქვა ეზეროს კრატერის იმ არეალში მდებარეობს, რომელიც მავალმა ახლახან დატოვა და სხვაგან გადაინაცვლა. ობიექტს მეცნიერებმა "ფრეიას ციხესიმაგრე" შეარქვეს. მათი თქმით, ქვის შედგენილობის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ვულკანურმა ან მეტამორფულმა პროცესებმა წარმოქმნა. პირველი მაგმის კრისტალიზაციას გულისხმობს, მეორე კი მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში ქანების შედგენილობის ცვლილებას.
ქვის ზომა მხოლოდ 20 სანტიმეტრამდეა და ის მის ქვეშ არსებული ძირეული ქანისგან განსხვავებულია. ეს მიანიშნებს, რომ ობიექტი იქ სხვა არეალიდან მოხვდა — მაგალითად, შესაძლებელია, ეზეროს კრატერის ზედა ნაწილიდან ჩაგორებულიყო. კარგი ისაა, რომ Perseverance ნელ-ნელა სწორედ მაღლა ადის და თუ ეს ვარაუდი მართებულია, დიდი შანსია, ასეთ ქვებს კიდევ გადააწყდეს.
უკვე თითქმის ერთი თვეა, NASA-ს მარსმავალი კრატერის დამრეც ფერდობზე მაღლა მიიწევს. თავიდან ის ნელა მოძრაობდა, მაგრამ ბოლო დღეებში აჩქარდა, რადგან შედარებით მოსწორებულ ზედაპირზე გადაადგილდებოდა. ამ დრომდე მან მარსზე ოთხი სამეცნიერო კამპანია განახორციელა, ბოლო კი მეხუთეა და "კრატერის კიდის კამპანია" ეწოდება.
მისიის მიზანი წითელი პლანეტის ევოლუციის შესწავლა და იმის დადგენაა, არსებობდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე, რომლის კვალის მოძიებასაც Perseverance ცდილობს. მავალი მარსზე ბევრ საინტერესო ქვას აფიქსირებს, რომელთა შესწავლაც ციური სხეულის წარსულის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. იმედოვნებენ, რომ ზოლებიანი ქვაც ამ მხრივ საინტერესო აღმოჩნდება.
კომენტარები