აზერბაიჯანში 4 000 წლის წინანდელი სამაგიდო თამაში აღმოაჩინეს
მკვლევრების მიერ 4 000 წლით დათარიღებული არტეფაქტი ოდესღაც სამაგიდო თამაში იყო. ეს გვაძლევს წარმოდგენას, თუ როგორ ურთიერთობდნენ ადამიანები ათასობით წლის წინ.
აზერბაიჯანის აფშერონის ნახევარკუნძულზე არქეოლოგებმა კლდეების ზედაპირზე ამოკვეთილი ექვსი ნიმუში აღმოაჩინეს. მკვლევრების თქმით, ეს უძველესი სამაგიდო თამაში უნდა ყოფილიყო.
თავიდან მკვლევრებმა ჩათვალეს, რომ თამაშის წარმომავლობა ეგვიპტესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ლოკაცია და დათარიღება ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს.
არქეოლოგი ვალტერ კრისტი ამბობს, რომ სამაგიდო თამაშის წარმომავლობა შეიძლება სამხრეთ-დასავლეთ აზიასთან იყოს დაკავშირებული.
და მაინც, სადაც არ უნდა გაჩენილიყო ის, აღმოჩენა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მკვლევრების თქმით, ამ სამაგიდო თამაშებს, სავარაუდოდ, მწყემსები იყენებდნენ.
"ანტიკურ პერიოდში ასეთი თამაშები მოთხოვნადი უნდა ყოფილიყო. ეს უცხო კულტურებისა და ადამიანების დაახლოებას შეუწყობდა ხელს. ეს თამაში (ძაღლები და ტურები) ამ მიზანს ემსახურებოდა და ის ძველ ეგვიპტესა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში პოპულარული იყო", — აღნიშნულია კვლევაში.
ასეთი სამაგიდო თამაშების ისტორია ათასობით წლებს ითვლის.
ამ კონკრეტულ თამაშში ძაღლისა და ტურის თავის მქონე ჯოხებს იყენებდნენ. თამაშში ის მოიგებდა, ვინც ჯოხებს 58 ხვრელში პირველი მოათავსებდა.
არქეოლოგებს ამ თამაშის 70 ნიმუში აქვთ აღმოჩენილი, მათი უმეტესი ნაწილი ეგვიპტეში. აქამდე უძველესი ნიმუში ეგვიპტეში, ელ-ასასიფის სამარხში იყო აღმოჩენილი. სწორედ ამიტომ მიიჩნეოდა, რომ თამაში ძველ ეგვიპტეში შექმნეს.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამაგიდო თამაშის ნიმუშები დაახლოებით ასეთივე პერიოდისაა. ეს აჩენს ეჭვს, რომ თამაში ძველ ეგვიპტეში არ შეიქმნა.
საინტერესოა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თამაშს მიაკვლიეს როგორც მწყემსების თავშესაფარში, ისე მდიდრების ნასახლარში. ეს ნიშნავს, რომ თამაში ყველა ფენაში გავრცელებული იყო.
"ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თამაშს ყველა თამაშობდა, რაც მის პოპულარობაზე მეტყველებს", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა European Journal of Archaeology-ში შეგიძლიათ ნახოთ.
კომენტარები