პერუში 300-ზე მეტი ნასკას ხაზი აღმოაჩინეს — რას გამოსახავს ისინი
მეცნიერებმა ეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გააკეთეს.
პერუში 300-ზე მეტი ახალი ნასკას ხაზი, ანუ ნიადაგზე ამოკვეთილი ფიგურები, აღმოაჩინეს. მათზე არაერთი საინტერესო ფიგურაა გამოსახული, მათ შორის: უცხოპლანეტელების მსგავსი ფიგურები, მოჭრილი თავები, სავარაუდო ისტორიული ცერემონიები და, არც მეტი, არც ნაკლები, კარგად შეიარაღებული ცელნამგალა ვეშაპი.
ეს აღმოჩენა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით გააკეთეს სულ რაღაც 6 თვეში. ამით რეგიონში აღმოჩენილი გეოგლიფების რაოდენობა გაორმაგდა.
ნასკას ხაზები ადამიანის მიერ ნაკვეთი გეოგლიფებია, რომლებიც პერუში, ნასკას უდაბნოში, გვხვდება, 440 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ისინი ძვ. წ. 200 წლიდან ახ. წ. 500 წლამდე პერიოდში უნდა შეექმნა ნასკას ცივილიზაციას. მათ უდაბნოს მოწითალო ზედა შრეები მოაშორეს, შედარებით ღია ფერის ნიადაგის გამოჩენით კი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ერთგვარი ნახატები შექმნეს.
ნასკას ხაზები პირველად 1920-იან წლებში შენიშნეს თვითმფრინავის მგზავრებმა. მას შემდეგ მეცნიერება დაახლოებით 430 ასეთი გეოგლიფი აღმოაჩინეს. მათი უმრავლესობა ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოავლინეს სატელიტური გამოსახულებების წყალობით. ამის მიუხედავად, გეოგლიფების აღმოჩენის ტემპი შენელდა; მკვლევრები ეჭვობდნენ, რომ დანარჩენი ფიგურები შეიძლება ადამიანის თვალისთვის ზედმეტად მკრთალი ყოფილიყო.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უდაბნოში დამალული ნასკას 3 გეოგლიფი იპოვეს
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა AI მოდელი გამოიყენეს. იგი იმგვარად გაწვრთნეს, რომ გეოგლიფების მკრთალი კონტურების დაფიქსირება შესძლებოდა. მოდელის გამოყენებით ნასკას უდაბნოს სატელიტურ სურათებში დაფარული ფიგურები მოძებნეს.
მოდელს ხაზების ამოცნობა ადამიანებზე 20-ჯერ სწრაფად შეუძლია. მან სავარაუდო კანდიდატების სია დააგენერირა, რათა შემდგომში მეცნიერებს გადაემოწმებინათ. სიაში ვარიანტები ისეთი ადგილებიდანაც მოხვდა, სადაც ცნობილი ხაზები მანამდე არასოდეს დაფიქსირებულა. 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით მკვლევრები ამ ადგილებს ეწვივნენ და დაადასტურეს, რომ 303 ნამდვილი გეოგლიფი იყო.
მკვლევრების თქმით, ახალ გეოგლიფებზე აბსტრაქტული ჰუმანოიდებია ასახული, ასევე მოჭრილი თავები, მოშინაურებული ცხოველები, თევზები, ჩიტები, კატები, შესაძლო ცერემონიის სცენა და ადამიანების/ცხოველების ინტერაქციები. ყველაზე უჩვეულო ფორმა, მათი თქმით, "დანიანი მკვლელი ვეშაპის" 22-მეტრიანი გამოსახულება იყო.
კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოიკვეთა ნასკას ორი ტიპის ხაზებს შორის: რელიეფური ტიპის გეოგლიფები უფრო პატარა და გაუგებარია; ხაზოვანი ტიპის გეოგლიფები დიდ ტერიტორიას ფარავს და მეტი სწორი ხაზისგან შედგება.
კვლევამ აჩვენა, რომ ამოცნობილი რელიეფური ტიპის გეოგლიფების 82%-ზე ადამიანები ან შინაური ცხოველებია გამოსახული; ხაზური ტიპის გეოგლიფების 64% გარეულ ცხოველებს ასახავს, მათ შორის ჩიტებს ან ვეშაპებს.
გარდა ამისა, გუნდმა შენიშნა, რომ რელიეფური ტიპის გამოსახულებები ისტორიულ ბილიკებთან იყო ახლოს, რათა, სავარაუდოდ, გამვლელებს დაენახათ. მეორე მხრივ, ხაზოვანი გლიფები სივრცეში უფრო თანაბრად იყო განფენილი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ რიტუალური აქტივობებისთვის ქმნიდნენ და იყენებდნენ.
კვლევაში გამოყენებულმა AI-მ კიდევ ასობით შესაძლო ფიგურა გამოავლინა, რომლებიც შეიძლება გეოგლიფები იყოს, თუმცა ამ ნაშრომში მეცნიერებმა მათი გადამოწმება ვერ მოასწრეს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ მომდევნო წლებში ამ არეალში კიდევ დაახლოებით 250 ნასკას ხაზს იპოვიან.
ნაშრომი ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები