ასტრონომებმა წითელ პლანეტაზე ყველასთვის კარგად ცნობილი სიცილაკის (ე.წ. სმაილის) ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი დააფიქსირეს. ამ არეალში ძველად ტბა იყო, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის წინ დაშრა და შესაძლებელია, პოტენციური სიცოცხლის კვალსაც ინახავდეს.

სურათი ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ სოციალურ ქსელ Instagram-ზე 7 სექტემბერს გამოაქვეყნა. ფოტო მარსზე გაშვებულმა ზონდმა ExoMars Trace Gas Orbiter გადაიღო, როცა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირს აკვირდებოდა. ჩვეულებრივ, ხილულ სპექტრში, "სიცილაკი" არ ჩანს. ის კოსმოსური აპარატის ინფრაწითელმა კამერამ აღიქვა, რომლის ობიექტივშიც მარილების დანალექები მოვარდისფრო-მოიისფროდაა აღბეჭდილი.

ფოტო: ESA/TGO/CaSSIS

უკანასკნელი შემთხვევა პარეიდოლიის ფენომენის მაგალითია, როცა ჩვენთვის ნაცნობ საგნებს მათთან კავშირის არმქონე ობიექტებში ვხედავთ. ასეთი რამ ხდება მაშინაც, როცა ღრუბლებს უჩვეულო ფორმის გამო ამა თუ იმ ცხოველს ვამსგავსებთ.

ExoMars Trace Gas Orbiter-მა მოღიმარი სახის მაგვარი ფორმაცია კვლევის ფარგლებში გადაიღო, რომელიც გამოცემა Scientific Data-ში გასულ თვეში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ნატრიუმის ქლორიდის დანალექების კატალოგი შექმნეს, რისთვისაც სწორედ ამ ზონდის მონაცემები გამოიყენეს.

ფოტო: ESA/TGO/CaSSIS

საერთო ჯამში, გუნდმა 965 დანალექის იდენტიფიცირება შეძლო, რომელთა ზომაც 300-დან 3000 მეტრამდე მერყეობს. მათი შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ბიოლოგიური აქტიურობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რის გამოც ასტრობიოლოგიური კვლევებისთვის საინტერესოა.

ასევე, ზოგ რეგიონში მარილის ნარჩენები ერთადერთი რამაა, რაც მიგვანიშნებს, რომ იქ ძველად წყალი იყო. როცა მარსზე ტბებმა და მდინარებმა აორთქლება დაიწყო, დარჩენილი წყალი ძალიან მარილიანი გახდა, რამაც მათ თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებას შეუწყო ხელი — მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა -40°C-სს აღწევდა.

ვინაიდან ეს გარემო მიკრობული სიცოცხლისთვის ხელსაყრელია, შესაძლებელია, იქ მათი არსებობის რაიმე ნიშანი იყოს შემონახული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.