Onway-ის კურიერების თვალით დანახული საქართველო
ციფრული სამყაროს განვითარებამ ჩვენი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და სასარგებლო ტექნოლოგიური მიღწევა, რამაც ცხოვრება საკმაოდ შეგვიმსუბუქა, საკურიერო მომსახურების დანერგვაა. დღეს უკვე ნებისმიერი ნივთის ონლაინ, ადგილზე მისვლის გარეშე შეძენა შეგვიძლია.
თავიანთი საქმიდან გამომდინარე, კურიერებს ყოველდღე არაერთ ადგილას მისვლა უწევთ. დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, როგორია მათი თვალით დანახული საქართველო?
ერთი შეხედვით, კურიერობა დამღლელი და რუტინული შეიძლება იყოს. მეორე მხრივ კი, ეს არის საშუალება მოინახულო ლამაზი, ისტორიული, სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ადგილები. ეს შესაძლებლობა ქართულმა საკურიერო კომპანია Onway-მა კურიერების საქმის გასახალისებლად გამოიყენა და მათ, ერთგვარი, გამოწვევა მოუწყო.
ამ გამოწვევაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა 30-მდე კურიერმა მიიღო. დავალების მიხედვით, მათ უნდა გადაეღოთ ის ადგილები, სადაც ამანათს მიიტანდნენ. როგორც Onway-ში ამბობენ, მათ სურდათ სხვებისთვის ეჩვენებინათ, როგორია კურიერების თვალით დანახული საქართველო. გარდა ამისა, ეს მათთვის მოტივაციის მიმცემი და წამახალისებელიც იქნებოდა.
კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მარი ღვედაშვილი გახდა. ის ყოველდღიურად უამრავ ლოკაციაზე მიდის. მათ შორის, განსაკუთრებით უყვარს ისეთი ადგილები, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა.
"ფოტო, რომელიც გამოწვევისთვის გადავიღე, ჩემს პატარა და ულამაზეს ქიზიყს, სიყვარულის ქალაქს ეხება. სადაც არ უნდა იყო, როცა გიყვარს, სამყარო კიდევ უფრო ლამაზი და ნათელი ფერებით იმოსება. სიყვარულსაც ხომ სჭირდება თავისი ქალაქი? სადაც არა მხოლოდ ერთმანეთზე, არამედ ბუნებაზე, ქალაქზე, მის დიდებულ ისტორიასა და უბრალოდ ღიმილიან სახეებზე შეყვარებული ადამიანები ივლიან. მინდოდა ეს ყველაფერი ჩემს ფოტოში გადმომეცა — სიყვარულით და პატივისცემით მომეკითხა ყველა, ვინც ამ ფოტოს შეხედავდა", — ამბობს მარი.
ის იმ სირთულეების შესახებაც ყვება, რაც კურიერად მუშაობას ახლავს თან. მისი თქმით, თავიდან ძალიან გაუჭირდა, მარშრუტები კარგად არ იცოდა. დღეს კი კახეთის ყველა სოფელი და ქალაქი იცის.
"სწორედ ამ გამოწვევის დროს აღმოვაჩინე, რომ საქართველოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობ. უამრავი ადგილია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვესტუმრები. ვიმედოვნებ, კიდევ გვექნება შანსი, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი კუთხის სილამაზე და ტრადიციები. საქართველოში ყოველი მოგზაურობა ხომ ახალი თავგადასავლებისა და ადამიანების გაცნობის შანსია."
შერჩეულ ფოტოებს შორის აღმოჩნდა ანდრო თოდუას გადაღებული ფოტოც.
მისი საყვარელი მარშრუტი რაჭაა, სადაც ყოველ სეზონზე გამორჩეულად ლამაზი ხედებია. განსაკუთრებული "დახვედრაც" რაჭაში ახსენდება.
"ყველაზე თბილად მახსენდება, როცა რაჭაში ასაკოვანი ქალი დამხვდა. ამანათი სახლში შეიტანეო მთხოვა. სახლში გაშლილი სუფრა იყო. მითხრა — მაგ ნივთს მეც შემოვიტანდი, უბრალოდ ნამგზავრი ხარ, მინდოდა ცოტა დაგესვენა და წაგეხემსაო", — გვიყვება ანდრო.
იმ ადგილებს შორის, სადაც ამანათი მიუტანია, არის სვანეთიც, სადაც ულამაზესი უშგული ნახა.
"ყველა ქართველს ვურჩევდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა დაათვალიეროს და შემდეგ წავიდეს სხვა ქვეყნებში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეგიძლია ნახო უამრავი ლამაზი ადგილი, გაიცნო უთბილესი ხალხი, დააგემოვნო უგემრიელესი კერძები და შემდეგ სხვებსაც მოუყვე, თუ რა დიდი ყოფილა საქართველო."
კონკურსის მონაწილე იყო ოთარ ობოლაშვილიც. მის მიერ გადაღებულ ფოტოზე ვხედავთ დაშბაშის კანიონს, რომელიც წალკაში, ზღვის დონიდან 1100- მეტრზე მდებარეობს.
"მართალია ფოტოზე დაშბაშის კანიონია ასახული და ის უდავოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი მარშრუტი ბოლნისია. ბოლნისელი ხალხის დახვედრით და სტუმართმოყვარეობით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ."
ის ამბობს, რომ ყოველ ახალ რეგიონში მგზავრობისას კიდევ ერთხელ რწმუნდება, რამდენად შესანიშნავია საქართველოს ბუნება და ქართველი ხალხი.
ოთარი ყვება იმაზეც, თუ რა არის მისთვის, როგორც კურიერისთვის მთავარი გამოწვევა:
"ვთვლი, რომ მთავარი გამოწვევა ამანათების სწრაფი და ხარისხიანი მიწოდება და ადრესატის კმაყოფილებაა. მათ მიერ გამოხატული მადლიერება კი ყველაზე დიდი სტიმულია."
Onway-მა კონკურსის გამარჯვებულებს 2 ადამიანზე სასტუმროს 2-დღიანი ვაუჩერი გადასცა. სამახსოვო, ბრენდირებული საჩუქრები კი ყველა მონაწილეს ერგო.
ისეთი სოციალური აქტივობების ჩატარება, როგორიც Onway-ის მოწყობილი კონკურსი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ამის შედეგად, იზრდება თანამშრომლების მოტივაცია და ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო იქმნება. რაც, თავისთავად, კომპანიის წარმატების მთავარი გასაღებია.
კომენტარები