მეცნიერები შავი ხვრელიდან მომავალ უცნაურ სიგნალს იკვლევენ, რომელიც გულისცემას წააგავს
მეცნიერები შავი ხვრელების "გულისცემას" იკვლევენ.
შავი ხვრელი არ არის ცოცხალი ორგანიზმი, მაგრამ მას მაინც შეიძლება ჰქონოდეს ე.წ. "გულისცემა". ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ შავი ხვრელი დიდი რაოდენობის გაზს მოიხმარს.
ახალ კვლევაში მეცნიერები სწორედ ამ მოვლენას დააკვირდნენ. როდესაც შავი ხვრელი ორობით სისტემაშია, იზიარებს რა ორბიტას სხვა ვარსკვლავთან, მას შეუძლია გაზი ამ ობიექტისგან მიიღოს. როდესაც ეს ხდება, გაზი იკუმშება და თბება წარმოუდგენლად მაღალ ტემპერატურამდე. შედეგად, საქმე გვაქვს მასიურ გამოსხივებასთან.
სწორედ ამ პროცესის საშუალებით ასტრონომები შავი ხვრელების ადგილმდებარეობას ადგენენ ხოლმე.
ასევე: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
შავი ხვრელის მიერ კომპანიონი ვარსკვლავის გაზის მოხმარების პროცესი შეიძლება მილიონობით წლის განმავლობაში გაგრძელდეს და დასრულდეს მასშტაბური აფეთქებით. შედეგად, ვიღებთ დიდ გამოსხივებას, რომლის დაფიქსირებაც ძალიან შორიდანაც შეიძლება.
ასტრონომებმა მრავალი ასეთი აფეთქება შეისწავლეს წლების განმავლობაში, მაგრამ ამ პროცესში არის რაღაცა უცნაური. აფეთქების გარდა, არის მცირე ცვალებადობაც, აქტივობის რეგულარული პულსი, რომელსაც ასტრონომები გულისცემას უწოდებენ. შავი ხვრელის მიერ გამოცემული ეს სიგნალები მართლაც ჰგავს ადამიანის გულისცემას.
და, აი, ახლა პეკინში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომთა ჯგუფმა ასეთი უახლესი აფეთქება შეისწავლა. ნაშრომის ნახვა აქ შეგვიძლია და ის The Astrophysical Journal-ში გამოსაქვეყნებლადაა წარდგენილი.
მკვლევრების მიერ შესწავლილი აფეთქება IGR J17091-3624 შავი ხვრელიდან წარმოიშვა, რომელიც დედამიწიდან 28 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მკვლევრებმა ამ აფეთქებაში გულისცემის მსგავსი სიგნალის აშკარა მტკიცებულება აღმოაჩინეს. გულისცემის დეტალური თვისებების შესწავლით, მათ დაასკვნეს, რომ ამ ტიპის იმპულსები გამოწვეულია შავი ხვრელის მიმდებარე მატერიის ურთიერთქმედებითა და არასტაბილურობით.
როდესაც მასალა შავ ხვრელში ვარდება, ის არა მხოლოდ იკუმშება, არამედ აყალიბებს თხელ, სწრაფად მბრუნავ დისკს. ამ დისკის შიდა კიდე დახრილია შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტისკენ, ხოლო დისკის დარჩენილი ნაწილი ანათებს გამოსხივების სახით. ეს ქმნის უაღრესად არასტაბილურ გარემოს, რა დროსაც დისკიდან გამოსხივება წინააღმდეგობაში მოდის შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალასთან.
გულისცემის მომენტში, დისკი დროებით იშლება, კარგავს თავის შეკრულობას და აგზავნის მატერიას შავი ხვრელისკენ. ეს ათავისუფლებს დიდ რადიაციას, რომელიც გულისცემის სახით ვრცელდება. ამის შემდეგ გამოსხივება აცხელებს გაზს, რა დროსაც გაზი დნება და ასე წარმოიქმნება მეორე გულისცემაც.
გულისცემის ეს სიგნალები წარმოუდგენლად იშვიათია — ჩვენთვის ცნობილი ასობით შავი ხვრელიდან მხოლოდ ორი შავი ხვრელი გამოსცემს მას. მეცნიერებს სურთ, რომ ამ მოვლენაზე მეტი შეიტყონ და კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კომენტარები