მეცნიერებმა რობოტში სოკო გაზარდეს — რატომ
კორნელის მკვლევრებმა მოსიარულე რობოტის სამართავად ახალ გზას მიმართეს — მათ ამისთვის სოკო გამოიყენეს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ოთხფეხა "ბიოჰიბრიდულ" რობოტებში სოკოებია გაზრდილი. საუბარია მიცელიუმზე, რომელიც ახლა რობოტში ტვინის ფუნქციას ასრულებს.
"რობოტში მიცელიუმის გაზრდით ბიოჰიბრიდულმა მანქანამ გარემოს მიმართ რეაგირება დაიწყო", — განმარტა მექანიკისა და აერონავტიკის ინჟინერიის პროფესორმა, რობ შეპარდმა.
იმის გამო, რომ კვლევა ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებს აერთიანებდა, საჭირო იყო ინტერდისციპლინური მიდგომა.
როგორც ორგანული რობოტიკის მკვლევარმა, ანანდ მიშრამ აღნიშნა, ელექტროდების სოკოში განთავსებისას მნიშვნელოვანი გამოწვევა დაბინძურებაა. ამის თავიდან ასაცილებლად, კორნელის მცენარეთა პათოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, კეტი ჰოჯმა ინჟინრებს რობოტებში მიცელიუმის გაზრდა ასწავლა.
"ამისთვის საჭიროა გქონდეთ მრავალმხრივი გამოცდილება. გარკვეული ცოდნაა საჭირო ინჟინერიის, ელექტრონიკის, მიკოლოგიისა და ნეირომეცნიერების მიმართულებით. ასეთი ტიპის სისტემის შესაქმნელად ყველა ამ სფეროს გაერთიანებაა საჭირო", — განმარტა კეტი ჰოჯმა.
სოკო მოქმედებაში
ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილია პატარა რობოტი, რომელიც სამ ამოცანას ასრულებს. რობოტს შეუძლია სიარული, შემოტრიალება და რეაგირებს ულტრაიისფერ შუქზე. სწორედ ამ რეაგირებით შეუძლია რობოტს იყოს ბევრად უფრო მოქნილი.
როგორც ვიდეოდან ჩანს, რობოტი მედუზასავით მოძრაობს.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სოკოები ელექტრულ იმპულსებს აწარმოებენ. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთ რობოტებს სოფლის მეურნეობაში გამოიყენებენ და მეტიც, ამით თავად მიცელიუმის მუშაობაზე მეტის გაგება შეგვიძლია.
"ეს მხოლოდ რობოტის კონტროლს არ მოიცავს, საუბარია ცოცხალ სისტემაზე, რომელიც ინტეგრირებულია რობოტში. რობოტისგან წამოსული ასეთი სიგნალი ბევრად უფრო საინტერესოა და შემდგომშიც ვეცდებით კიდევ უფრო კომპლექსური სისტემების შექმნას", — ამბობს ჰოჯი.
კომენტარები