ისტორიაში პირველად, გაყინული სპერმის გამოყენების შედეგად გველის წიწილები გამოიჩეკნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მემფისის ზოოპარკში გველის წიწილები გამოიჩეკნენ, მაგრამ ისინი განსაკუთრებულები არიან. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქვეწარმავლები კრიოკონსერვაციის, ანუ გაყინვის გზით შემონახული სპერმიდან განვითარდნენ.
ისინი Pituophis ruthveni-ს სახეობას მიეკუთვნებიან, რომელიც ველურ გარემოში გადაშენების საფრთხის ქვეშაა, მაგრამ მათი გენეტიკური მასალა ე.წ. გაყინულ ზოოპარკში ინახება. ის ერთგვარი ბიობანკის ფუნქციას ასრულებს, მეცნიერებს ცხოველთა გადარჩენაში ეხმარება და სპერმის, კვერცხუჯრედების ან კანის უჯრედების გაყინვას მოიაზრებს. ეს ისე ხდება, რომ გალღობის შემდეგ მათი ბიოლოგიური ფუნქციები შენარჩუნებული იყოს.
გველის წიწილები სწორედ ამ მეთოდით გაყინული სპერმიდან განვითარდნენ, რომელიც სპეციალისტებმა ხელოვნური განაყოფიერებისთვის გამოიყენეს. აქამდე ეს ტექნოლოგია, ძირითადად, ძუძუმწოვრებზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ ახალი მიღწევა ადასტურებს, რომ ის ქვეწარმავლებშიც ეფექტიანი და იმედის მომცემია.
ახალგამოჩეკილი წიწილები მეცნიერებმა გენეტიკურად გამოიკვლიეს, რათა დაედასტურებინათ, რომ მათი დნმ სწორედ დონორი ქვეწარმავლის სპერმისას ემთხვეოდა. პასუხი დადებითი იყო. საქმე ისაა, რომ მდედრ გველებს თავიანთ ორგანიზმში სპერმის დაყოვნება შეუძლიათ, რომელიც კვერცხუჯრედს მოგვიანებით ანაყოფიერებს. ასევე, ამ არსებებში პართენოგენეზიცაა გავრცელებული, რაც ასექსუალურ გამრავლებას გულისხმობს (მამრის გარეშე).
ზოოპარკმა ობურნის უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან ითანამშრომლა, სადაც აცხადებენ, რომ პროექტით კმაყოფილები არიან, რადგან გენეტიკური ცოდნის ამ მხრივ გამოყენების საშუალება მიეცათ.
"უკანასკნელ წარმატებას ამ სახეობისა და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ქვეწარმავლების გენეტიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სამომავლო ძალისხმევისთვის გადადგმულ უდიდეს ნაბიჯად აღვიქვამთ", — ამბობენ ისინი.
რაც შეეხება Pituophis ruthveni-ს, ის ჩრდილოეთ ამერიკაში გველების ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა, რომელიც ნელ-ნელა საცხოვრებელ არეალს კარგავს, რაც პოპულაციაზე უარყოფითად ზემოქმედებს. თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მათი გადარჩენის შესაძლებლობას გვაძლევს.
კომენტარები