დრო საკმაოდ საინტერესო კონცეფციაა. მაგალითად, ალბერტ აინშტაინის დამსახურებით უკვე ვიცით, რომ, რაც მეტად ვშორდებით გრავიტაციულ ველს, მით მალე გადის დროც.

ჩვენთვის, პლანეტაზე მცხოვრებთათვის, ეს განსხვავება საკმაოდ მცირეა, თუმცა იგი გასათვალისწინებელია მაშინ, როცა სამყაროს ვაკვირდებით ანდა კოორდინატების გამოთვლას ვცდილობთ GPS-ის გამოყენებით. მეცნიერებმა უკვე იმის გამოთვლაც კი შეძლეს, თუ ჩვენთან შედარებით რამდენად სწრაფია დრო მთვარეზე; გავიგეთ ისიც, რომ მარსზე ასტრონავტებისთვის დრო მცირედით განსხვავებულად გავა.

რაც შეეხება 24-საათიან დღეებს, ძველეგვიპტელთა დამსახურებაა ის, რომ 12 და 24 საათს ვიყენებთ, საათებს კი 60 წუთად ვყოფთ. ნაცვლად ათობითისა, ისინი 12-იან სისტემას იყენებდნენ.

თავად დღე ის ხანგრძლივობაა, რომელსაც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას ანდომებს; წელი დროა, რომელიც მზის გარშემო ჩვენს პლანეტას ერთი ბრუნის გასაკეთებლად ესაჭიროება. იმისათვის, რომ დროის მართვა გაგვიმარტივდეს, საათებს, წუთებსა და წამებს ვიყენებთ. არსებობს კიდევ უფრო პატარა ერთეულებიც: ზეპტოწამები, იოტოწამები და პლანკის დრო.

"ვარსკვლავებზე დაკვირვების მიხედვით ღამის დრო 12 საათად დაიყო. ეგვიპტელებს ვარსკვლავთა 36 ჯგუფი ჰქონდათ, "დეკანები", რომ ნებისმიერი ღამით ერთი დეკანი წინას შემდეგ ამოსულიყო 40 წუთით", — ABC Science-ს აუხსნა დოქტორმა ნიკ ლომბმა, სიდნეის ობსერვატორიის კონსულტანტ-კურატორმა — "ცხრილები შეიქმნა, რათა ხალხითვის დეკანებზე დაკვირვებით ღამით დროის გაგება გაადვილებულიყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსგავსი ცხრილები კუბოს თავსახურების შიგნითაც იყო, რათა, სავარაუდოდ, დროის გაგება მკვდრებსაც შესძლებოდათ".

ეგვიპტელებმა, რომლებიც ჩრდილების საათებს იყენებდნენ, კიდევ ორი საათი დაამატეს ბინდისა და მზის ჩასვლის აღსანიშნად.

საათებისა და წუთების 60 ერთეულად დაყოფა ბაბილონელებისგან მოდის, მათ კი 60-იანი სისტემა შუმერებისგან ერგოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.