ახალი კვლევის თანახმად, 50/50-ზეა შანსი, რომ მომდევნო 10 მილიარდ წელში ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომს შეეჯახოს, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს.

ვარსკვლავებისა და პლანეტების შემცველი ეს უზარმაზარი გალაქტიკა ჩვენგან დაახლოებით 2.5 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ის 110 კმ/წმ სიჩქარით გვიახლოვდება, რის გამოც პროგნოზირებენ, რომ ანდრომედა ირმის ნახტომს რამდენიმე მილიარდ წელში შეეჯახება და შეერწყმება.

პირველი ვარაუდი 1912 წელს ასტრონომმა ვესტო სლაიფერმა გამოთქვა, რომელმაც დაადგინა, რომ ამ გალაქტიკის სინათლე ლურჯი სპექტრისკენ იყო წანაცვლებული. მსგავსი რამ სწორედ ობიექტის მოახლოებისას ხდება. მომდევნო კვლევებით გაირკვა, რომ 5 მილიარდ წელში გარდაუვალი შეჯახება მოხდებოდა.

ამის მიუხედავად, ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მაშინ მეცნიერებს ჩვენთან ახლომდებარე ლოკალურ ჯუგუფში შემავალი სხვა გალაქტიკების გრავიტაციული გავლენა არ გაუთვალისწინებიათ. მათ Gaia-სა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპების მონაცემები შეისწავლეს, რათა ირმის ნახტომის, ანდრომედას, სამკუთხედის გალაქტიკისა და მაგელანის დიდი ღრუბლის მასის, მოძრაობისა და მიზიდულობის ეფექტის შესახებ მეტი გაეგოთ.

აღნიშნული ინფორმაცია შემდეგ კომპიუტერულ მოდელში გააერთიანეს და სიმულაციებით სხვადასხვა მოსალოდნელი სცენარი გააანალიზეს. შედეგად დადგინდა, რომ ამ 4 სისტემის ურთიერთქმედების გამო ირმის ნახტომისა და ანდრომედას შეჯახების შანსი 50/50-ზეა და ეს სულ მცირე მომდევნო 8 მილიარდ წელში არ მოხდება.

ავტორები ამბობენ, რომ ამით მათი კვლევა არ სრულდება და დაზუსტებითაც ვერაფერს ამბობენ, რადგან სხვა გალაქტიკების გავლენაც შესასწავლია. ისინი გეგმავენ, რომ Gaia-ს ახალი მონაცემები გამოიკვლიონ და მოდელში ეს დამატებითი ინფორმაციაც გამოიყენონ.

"საბოლოოდ, ლოკალური ჯგუფის ყველა ეს გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება და შეერწყმება, მაგრამ ამგვარი პროცესი შესაძლოა, იმაზე ბევრად დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე სამყაროს ამჟამინდელი ასაკია", — აცხადებენ სპეციალისტები.

მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.