უზარმაზარ ქვაზე ამოტვიფრული ფიგურები დაკარგული ქალაქის საიდუმლოებებს ავლენს
მექსიკის ჯუნგლებში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, არქეოლოგებმა უზარმაზარი ქვა აღმოაჩინეს. მასზე ამოტვიფრული ფიგურები მაიას ხალხის ცხოვრებასა და ისტორიაზე დიდ ინფორმაციას გვაძლევს.
ქვის ფილა დიდი ხნის წინ მიტოვებულ ქალაქ კობაში აღმოაჩინეს. აქ უწინ მაიას ხალხი ცხოვრობდა, ხოლო ქვის აღმოჩენის კონკრეტული ადგილი კი ერთ დროს წმინდა აუზი იყო. ფილა განსაკუთრებული იმითაა, რომ მის ზედაპირზე 123 ფიგურაა გულდასმით ამოკვეთილი.
პირველადი მონაცემებით, გლიფები ქალაქ კეჰ ვიც ნალის, "ირმის მთის", დაფუძნების თარიღს აღწერს, რომელიც ახ. წ. 569 წლის 12 მაისია. მოხსენიებულია მაიას აქამდე უცნობი მმართველიც — კ'ავილ ჩ'აკ ჩინი. კ'ავილი, მაიას ხალხის რწმენით, ელვის ღმერთს ერქვა.
სხვა გლიფებში ის ღმერთებია მოხსენიებული, რომლებმაც, ხალხის რწმენით, ქალაქი კობა დააარსეს.
ერთ დროს დიდებული, ამჟამად კი განადგურებული ქალაქი კობა კინტანა-როოს შტატში მდებარეობს, იუკატანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი მაიას ხალხს ძვ. წ. 50 წელს უნდა დაეარსებინა. ქალაქი მომდევნო 1500 წლის განმავლობაში იყო დასახლებული.
ყველაზე ახალი შენობები აქ ახ. წ. 1200-1500 წლებშია აგებული. თავისი აღორძინების ეტაპზე კობა კულტურული კერა იყო, რომელშიც დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
იგი ერთ-ერთია იმ არქეოლოგიური მნიშვნელობის ადგილებიდან, რომლებმაც მაიასთან დაკავშირებული სახელი შეინარჩუნა. სახელი კო'ბა ბობოქარ ზღვას ნიშნავს. ამ ადგილას არაერთი გრავიურა და სკულპტურაა, რომლებიც მაიას ხალხის ცხოვრების შესახებ გვიყვება.
ადგილზე გათხრებს მეცნიერები ძალიან ფრთხილად და აუჩქარებლად ატარებენ. პროექტზე, კერძოდ, მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტი (INAH) მუშაობს. ისინი ქალაქის მონუმენტების გამომჟღავნებასა და აღდგენას ცდილობენ, რომლებიც დროის სვლასთან ერთად ჯუნგლებში ჩაიკარგა.
ქვის ფილა ყოფილი აუზის ძირში აღმოაჩინეს. იგი 11 მ2 ფართობისაა, ნაწერები კი მის ზედაპირზე გულმოდგინედაა ამოტვიფრული. ეს ნაწერები L-ის მსგავს ფორმაზეა განლაგებული, რომელიც ქვის ფორმას ერგება.
წინა კვლევებით, მეცნიერებმა კობის 14 მმართველი გამოავლინეს; მათ შორის სამი ქალი იყო, ერთ-ერთი მათგანი კი ქალაქს 40 წლის განმავლობაში მართავდა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ნაწერებიდან ამოიკითხეს, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ კ'ავილის სახელი არაერთმა მმართველმა დაირქვა.
მკვლევრები საკითხს სამომავლოდ უფრო საფუძვლიანად შეისწავლიან; ამჟამად გუნდი ქვის აღდგენასა და დაცვაზეა ორიენტირებული, რომ წყალმა და ეროზიამ იგი დამატებით არ დააზიანოს.
ქვის დეტალური, მაღალი გარჩევადობის, 3D კონსტრუქცია უკვე შექმნილია, ამიტომ აღმოჩენის უკეთ შესასწავლად მეცნიერებს აღმოჩენასთან შეხება აღარ მოუწევთ.
კომენტარები