ტიხო ბრაჰე რენესანსის პერიოდის დანიელი ასტრონომია, რომელიც ალქიმიითაც იყო დაინტერესებული. მეცნიერებმა მის ლაბორატორიაში შემორჩენილი სპეციალური ჭურჭლის ფრაგმენტების შესწავლისას რამდენიმე ქიმიური ელემენტის კვალი აღმოაჩინეს. მათგან ერთის მიგნება კი განსაკუთრებულად მოულოდნელი იყო.

მან სახელი თავისი ზუსტი ასტრონომიული დაკვირვებებით დაიმკვიდრა. ის ტელესკოპის შექმნამდელი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ასტრონომად მიიჩნევა, რომლის გამოთვლებიც იოჰანეს კეპლერს პლანეტების მოძრაობის ახსნაში დაეხმარა, რამაც სხვა ციური სხეულებისკენაც გაგვიკვალა გზა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრაჰეს იმ დროისთვის პოპულარული ალქიმიაც იტაცებდა, მაგრამ არ სჯეროდა, რომ სხვა მეტალების ოქროდ გადაქცევა შესაძლებელი იყო. ამის საპირისპიროდ, ის მათი მეშვეობით ჭირისა და სიფილისის განკურნებას ცდილობდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამისთვის ვერცხლისწყალს იყენებდა, რომელიც საფრთხის შემცველია, მაგრამ პენიცილინის გამოჩენამდე სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ალქიმიკოსები თავიანთ მეთოდებს არ ასაჯაროებდნენ, მათ შორის იყო ბრაჰეც, რომელიც მარტივად არც ასტრონომიულ დაკვირვებებს თმობდა. შესაბამისად, მის მიერ შექმნილი მედიკამენტების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ერთ-ერთი გამონაკლისი ანტიდოტ თერიაყის ბაზაზე შექმნილი საშუალებაა, რომელიც 60-ზე მეტ ინგრედიენტს აერთიანებდა.

მისი სამყოფლისა და ობსერვატორიის, ურანიბორგის, ნანგრევებში 1988-90 წლებში ჩატარებული გათხრებისას მეცნიერებმა მინის ნამსხვრევებსა და თიხის ფრაგმენტებს მიაკვლიეს, რომლებიც სწორედ სარდაფში არსებული ალქიმიური ლაბორატორიიდან უნდა ყოფილიყო.

ურანიბორგი.

ფოტო: Public Domain

მათ ისინი ქიმიურად გააანალიზეს და თითქმის ყველა ნიმუშში ნიკელი, სპილენძი, თუთია, კალა, ოქრო, ვერცხლისწყალი, სტიბიუმი, ტყვია და ვოლფრამი აღმოაჩინეს, რომლებიც საკმაო რაოდენობით დაფიქსირდა, ანუ ცდებისთვის გამოიყენებოდა.აქედან 4 ელემენტი ბრაჰეს დღემდე მოღწეულ რეცეპტებში შედის, დანარჩენი კი ალქიმიკოსებისთვის იყო საინტერესო.

და მაინც, მეცნიერთა ყველაზე დიდი ყურადღება ვოლფრამმა მიიპყრო, რადგან იმ დროისთვის ის აღწერილი არ ყოფილა. მისი იდენტიფიცირება კარლ ვილჰელმ შეელემ მხოლოდ 180 წლის შემდეგ შეძლო. შესაძლოა, ბრაჰეს ამ ელემენტის შემცველი მინერალები ჰქონდა ან დროს გაუსწრო.

საგულისხმოა ისიც, რომ ვილჰელმამდე გერმანელ გეორგ აგრიკოლას ჩანაწერებში აღნიშნული ჰქონდა საქსონიაში ნაპოვნ კალაში არსებული იდუმალი კომპონენტის შესახებ, რომელიც მის გადადნობას აძნელებდა.

არ გამორიცხავენ, რომ ბრაჰეს ეს სცოდნოდა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა მას ვოლფრამი სხვებზე ადრე შესწავლილი. საქმეს ისიც ართულებს, რომ ურანიბორგის ლაბორატორიას, სავარაუდოდ, მისი და და ცის ქმარიც იყენებდნენ, რომლებიც ასევე ალქიმიკოსები იყვნენ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Heritage Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.