სექსის ნაკლებობა ნაადრევ სიკვდილთან დააკავშირეს — მეტი რისკის ქვეშ ქალები არიან
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ იყვნენ ქალები, რომლებიც სექსით იშვიათად კავდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც სექსუალური კავშირი უფრო ხშირად აქვთ. მართალია, ასეთი რადიკალური სხვაობა კაცებში არ გამოვლენილა, მაგრამ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დეპრესიასთან თანდართული პასიური სქესობრივი ცხოვრება ქალებშიც და კაცებშიც სიკვდილის რისკს ზრდის.
"სექსუალური აქტიურობა გულსისხლძარღვთა ზოგადი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეს გულისცემის ინტერვალების ცვალებადობას ამცირებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, შესაძლებელია, რომ სექსუალური აქტიურობა, ფართო გაგებით, ასაკთან დაკავშირებულ ფუნქციების მოშლასა და დაავადების პროგრესირებას უშლიდეს ხელს", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ აშშ-ში მცხოვრები 14 542 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც 2005-2010 წლებში შეგროვდა. მათ შორის სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია 2 267 ინდივიდს ჰქონდა გაცემული, რომელთაგანაც 94.4% სექსით მინიმუმ თვეში ერთხელ კავდებოდა. დანარჩენი 38.4% კი — კვირაში ერთზე მეტჯერ. ადრინდელი კვლევებით დადგინდა, რომ აშშ-ში ზრდასრულებს სექსი წელიწადში საშუალოდ 54-ჯერ აქვთ, ანუ კვირაში დაახლოებით ერთხელ. შესაბამისად, ავტორებმა მაღალი და დაბალი სიხშირის განსასაზღვრად სწორედ ეს ნიშნული გამოიყენეს.
მონაცემთა შესწავლამ აჩვენა, რომ 2015 წლის ბოლომდე 1.7-ჯერ მეტი სიკვდილიანობა (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული) დაფიქსირდა ქალებში, რომელთაც სექსუალური კავშირი უფრო იშვიათად ჰქონდათ. საინტერესოა ისიც, რომ ეს ეფექტი პროპორციულია, ანუ რაც ნაკლები იყო სექსუალური აქტიურობის სიხშირე, მით მეტად იზრდებოდა სიკვდილის რისკი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაცებში იმავენაირი ურთიერთდამოკიდებულება არ შეუნიშნავთ, მაგრამ სექსის სიხშირე დეპრესიის მქონე ინდივიდებში სხვაობას მაინც გვაძლევს. მეცნიერებმა პოტენციური რისკ-ფაქტორები გამორიცხეს, როგორიცაა სიმსუქნე, დიდი ასაკი და დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი. ამის შემდეგ კი დაასკვნეს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებში ნაკლები სექსის შემთხვევაში სიკვდილის რისკი დაახლოებით 3-ჯერ იზრდებოდა.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სექსუალურ აქტიურობას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხში გადამწყვეტი მიზეზ-შედეგობრივი მნიშვნელობა აქვს. ამის მიუხედავად, კვლევები ცხადყოფს, რომ ის გარკვეულ როლს ასრულებს, თუნდაც დეპრესიის შემსუბუქებისა და ზოგადი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გამო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Psychosexual Health გამოქვეყნდა.
კომენტარები