პომპეიში ადამიანები მხოლოდ ვულკანს არ უმსხვერპლია — ცნობილია მეორე მიზეზიც
ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კატასტროფა მოხდა — ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა, რამაც პომპეიში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რა თქმა უნდა, ამ მოვლენის დროს გამოყოფილი ფერფლი, ცხელი აირები და ლავა მათი სიკვდილის მთავარი მიზეზი გახდა, მაგრამ ახალმა კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოავლინა.
მეცნიერებმა პომპეიში ნაპოვნი ჩონჩხების შესწავლის გზით მიაკვლიეს მტკიცებულებას, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიწისძვრებმა იმსხვერპლა. ძლიერი ბიძგების შესახებ პლინიუს უმცროსის ჩანაწერებშიცაა საუბარი. მისი თქმით, იმ ღამეს მიწა ისეთი გაშმაგებით ზანზარებდა, რომ მოსახლეობისთვის "ყველაფერი ამოატრიალა". სპეციალისტების უკანასკნელი მიგნებით დასტურდება, რომ ეს მართლაც ასე იყო და რომ ქალაქის განადგურებაში საკუთარი როლი მსგავსმა ძლიერმა სეისმურმა აქტიურობამაც შეასრულა.
მკვლევრები ამბობენ, რომ მიწისძვრებმა შენობების ნგრევა განაპირობა. შესაბამისად, სანამ ადამიანთა ნაწილი ფერფლის შესუნთქვის ან წარმოუდგენელი მხურვალების გამო დაიხოცებოდა, ისინი სწორედ ჩამოშლილმა კედლებმა იმსხვერპლა. ასეთი დასკვნა ჩონჩხების იმ მახასიათებლებზე დაყრდნობით გამოიტანეს, რომლებიც ვულკანის ამოფრქვევის ფიზიოლოგიურ გავლენას არ შეესაბამება.
ზემოთ წარმოდგენილი ჩონჩხები დაახლოებით 50 წლის ასაკის კაცებს ეკუთვნოდათ. პირველი მათგანის ძვლების განლაგება მიანიშნებს, რომ მისი სხეული მოულოდნელად ჩამოშლილმა კედელმა გაჭყლიტა, რამაც ის მაშინვე მოკლა. როგორც ჩანს, მეორემ საფრთხე იგრძნო და თავის დასაცავად ხის მრგვალი ობიექტი მოიმარჯვა, რომლის ფრაგმენტებიც მეცნიერებმა ვულკანურ ნარჩენებში აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, მას ეს ვერ დაეხმარა და ისიც იქვე დაიღუპა.
საინტერესოა, რომ ორივე ჩონჩხი ვულკანური მატერიის ფენის ზემოთ იყო და არა ქვემოთ, ანუ ისინი ამოფრქვევის პირველ ეტაპს გადაურჩნენ. ამ დროს ქვები და მტვერი 18 საათის განმავლობაში ცვიოდა, რამაც ადამიანებს თავშესაფარში დარჩენისკენ უბიძგა. სამწუხაროდ, იმავე პერიოდში ძლიერი მიწისძვრებიც მოხდა, რამაც შენობების დიდი ნაწილი გაანადგურა. გადარჩენილი მოსახლეობის საბოლოო განაჩენი კი ცხელი აირისა და მტვრის ნაკადები აღმოჩნდა.
"პომპეის განადგურების შესახებ ახალ დეტალებს იმ ადამიანების გამოცდილებასთან უფრო ახლოს მივყავართ, რომლებიც იქ 2000 წლის წინ ცხოვრობდნენ. მათმა არჩევანმა და ჩვენ მიერ შესწავლილი მოვლენების დინამიკამ ქალაქის არსებობის ბოლო საათებში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაწყვიტა", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Earth Science გამოქვეყნდა.
კომენტარები