როგორ მოქმედებს ვარჯიში ტვინზე — კვლევა
კავშირი ვარჯიშსა და ტვინის ჯანმრთელობას შორის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად, ეს სარგებელი შეიძლება გაგრძელდეს ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე აქამდე გვეგონა. კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას და ეს ეფექტი 5 წლის განმავლობაში გრძელდება.
ავსტრალიის კვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, თუ როგორ შეიძლება ფიზიკურმა აქტივობამ თავიდან აგვაცილოს დემენცია და, კერძოდ, რა დონის ვარჯიშია ამისთვის საჭირო.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშმა თაგვებში ღეროვანი უჯრედების გააქტიურებით შეიძლება კოგნიტიური დაქვეითების პროცესზე კარგად იმოქმედოს. ეს ახალი ნეირონების გამომუშავების საშუალებას გაზრდის ტვინის იმ ნაწილში, რომელსაც ჰიპოკამპუსი ეწოდება. ტვინის ეს ნაწილი სწავლასთან და მეხსიერებასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში (HIIT), რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდება, ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას იმ დონეზე ახდენს, რომ ეს ეფექტი წლების განმავლობაშიც ნარჩუნდება.
"როგორც ჩანს, 6 თვე ინტენსიური ვარჯიში ტვინზე დადებითად ზემოქმედებისთვის საკმარისია", — თქვა კვინსლენდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, პერი ბარტლეტმა.
კვლევის ფარგლებში 65-85 წლის 151 მონაწილე ვარჯიშის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს: დაბალი ინტენსივობა, საშუალო ინტენსივობა და მაღალი ინტენსივობა.
ტვინის სკანირებისა და სისხლის ნიმუშების კომბინაციის გამოყენებით, მკვლევრებმა შეძლეს ტვინში ცვლილებების გაზომვა. მხოლოდ ინტენსიური ვარჯიშის ჯგუფმა აჩვენა მნიშვნელოვანი ცვლილებები. რაც ყველაზე საინტერესოა, ტვინზე ეს ეფექტი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა.
"ჩვენ მათ ხუთი წლის შემდეგაც ვაკვირდებოდით და შედეგებმა აჩვენა, რომ ეფექტმა დიდი ხნით გასტანა", — თქვა ნეირომეცნიერმა, დენიელ ბლექმორმა.
ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ერთია შედეგი, მაგრამ მეორე ის თუ უშუალოდ როგორ ხდება ეს. მკვლევრებს სურთ გამოავლინონ ტვინის ის მექანიზმები, რომლებიც მსგავს შედეგებს იძლევა. ასევე გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორები, ყველა ადამიანი ვარჯიშის მიმართ ერთნაირად არ რეაგირებს.
კვლევა ჟურნალ Aging and Disease-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები