შესაძლოა, დრო კვანტური ფიზიკით გამოწვეული ილუზია იყოს — უჩვეულო ჰიპოთეზა
ახალ კვლევაში მეცნიერები უჩვეულო ჰიპოთეზას გვთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, დრო სამყაროს ფუნდამენტური ელემენტი სულაც არაა, არამედ შესაძლოა, ის კვანტური გადახლართულობით გამოწვეული ილუზია იყოს.
მეცნიერებაში დროის საკითხი პრობლემატურია, რადგან ის კლასიკურ და კვანტურ ფიზიკაში ერთნაირად ვერ ხასიათდება. სწორედ ამ დაბრკოლების გადალახვა სცადეს სპეციალისტებმა და დრო ერთმანეთისგან დაშორებული ნაწილაკების გასაოცარი კვანტური კავშირის შედეგის სახით განიხილეს, კერძოდ — როგორც მისი მანიფესტაცია.
თუ კლასიკური ფიზიკა მაკროსკოპულ სამყაროს მიესადაგება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კვანტური მექანიკა მიკროსკოპულ პროცესებს ხსნის. მასში დრო ფიქსირებული ფენომენია, რომელსაც მხოლოდ ერთი მიმართულება გააჩნია — აწმყოდან მომავლისკენ. ის მუდმივად ცვალებადი კვანტური სისტემებისგან დამოუკიდებელია და გარე დაკვირვებით იზომება, მაგალითად საათის ისრებით.
ამის მიუხედავად, აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიაში, რომელიც დიდი ზომის მქონე ობიექტებს აღწერს, დრო სივრცესთანაა გადაჯაჭვული. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ძლიერი გრავიტაციის გავლენით მასთან ერთად გამრუდდეს. თეორიებს შორის ასეთ სხვაობას სერიოზულ ჩიხში შევყავართ, რომელსაც დროის პრობლემას უწოდებენ.
მის გადასაჭრელად მეცნიერები 1983 წელს შემოთავაზებულ თეორიას მიუბრუნდნენ, რომელსაც ფეიჯ-ვუტერსის მექანიზმის სახელით ვიცნობთ. ამ უკანასკნელის თანახმად, ერთი ობიექტისთვის დრო მეორე ობიექტთან კვანტური გადახლართულობისას "ჩნდება", გადახლართულობის გარეშე კი ის უბრალოდ არ არსებობს — ასეთი სისტემისთვის სამყარო ერთ ადგილას გაყინული და უცვლელია.
ეს მიდგომა ავტორებმა ორ გადახლართულ, მაგრამ არაურთიერთმოქმედ თეორიულ კვანტურ მდგომარეობას მიუსადაგეს: ვიბრაციულ-ჰარმონიულ ოსცილატორსა და პატარა მაგნიტების წყებას, რომლებიც საათის ფუნქციას ასრულებს. დადგინდა, რომ მსგავსი სისტემა იდეალურად იხსნება შრედინგერის განტოლებით, რომელიც კვანტური ობიექტების ქცევას პროგნოზირებს.
სიახლე ისაა, რომ მკვლევრებმა გამოთვლები ორჯერ ჩაატარეს. პირველ ჯერზე დაუშვეს, რომ მაგნიტების საათი მაკროსკოპული ობიექტი იყო, მეორეზე კი იგივე ვარაუდი უკვე ჰარმონიულ ოსცილატორზე გადაიტანეს. განტოლებამ კლასიკური ფიზიკის ახსნა გაამარტივა და დაასკვნეს, რომ შესაძლოა, დიდი ობიექტებისთვისაც დრო სწორედ კვანტური გადახლართულობის შედეგი იყოს.
ეს ნამდვილად საინტერესო ჰიპოთეზაა, მაგრამ, სხვა მეცნიერები ეჭვობენ, რამდენად ემორჩილება ის დატესტვას.
"დიახ, მათემატიკურად გამართლებულია, რომ უნივერსალური დრო სამგანზომილებიან სივრცეში კვანტური ველებისა და მდგომარეობების გადახლართულობად განვიხილოთ. ამის მიუხედავად, არავინ იცის, მივიღებთ თუ არა აქედან რაიმე ახალ და ღირებულ სურათს, მაგალითად კვანტური ფიზიკისა და ზოგადი ფარდობითობის მოდიფიკაციებს ან დაემორჩილება თუ არა ეს ექსპერიმენტულ ტესტირებას", — აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე ვლატკო ვიდრალი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Physical Review A გამოქვეყნდა.
კომენტარები